დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როდის მიიღებს ანაკლიის საზღვაო ნავსადგური პირველ გემს

როდის მიიღებს ანაკლიის საზღვაო ნავსადგური პირველ გემს

12-03-2025 11:00:00

ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა პირველი გემი შესაძლოა 2029 წელზე ადრე მიიღოს. აღნიშნულის შესახებ  „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ  „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმრობისას ისაუბრა.მან  თქვა, რომ მშენებლობა ისეთი ტემპით მიდის, რომ ეს გაცილებით მალე იქნება, ვიდრე დაანონსებულია. 

„სამუშაოების ნაწილში, სად ვიქნებით 2025 წელს  ჩვენ ვფიქრობთ მომარაგებული ინერტული მასალით დავიწყებთ ზღვაში ჩაწყობას  და წლის ბოლოს, სადღაც 350 მეტრი ტალღმტეხელი მოწყობილი გვექნება და გაგრძელდება. სულ არის დაახლოებით კილომეტრი და 400 შეიძლება იყოს. რაც შეეხება პირველი გემის მიღების ნაწილს, რაც ყველას აინტერესებს, მთავრობამ საკმაოდ მოზომილი თარიღი შესთავაზა მოსახლეობას 2029 წელი, თუმცა სამუშაოებს რასაც ვაკვირდებით, ისეთი ტემპებით მივდივართ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით უფრო მალე იქნება ეს შესაძლებელი და უფრო მალე მიიღებს ანაკლია პირველ გემს“, - აღნიშნა ზურაბ სიჭინავამ.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ხელშეკრულება გასულ წელს ბელგიურ კომპანია Jan De Nul-თან (იან დე ნული) გაფორმდა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანიაა საზღვაო მიმართულებით. 

ხელმოწერის ცერემონია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა. დოკუმენტს ხელი მოაწერა შპს ,,ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ, ხოლო კონსორციუმის მხრიდან Jan De Nul NV-ის საქართველოს ფილიალის (უცხოური საწარმოს ფილიალი) დირექტორმა ტიმ დევოლდერმა. 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ისე მთლიანად შუა დერეფნის ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებასა და კონკურენტუნარიანობის ზრდაში. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის  სტრატეგიული პროექტის მშენებლობის პროცესში ასეთი დიდი გამოცდილებისა და მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანიის ჩართვა, რომელიც სწორედ საზღვაო-სამშენებლო სამუშაოებზეა სპეციალიზებული.

„იან დე ნული“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად ე.წ. დიდი ოთხეულიდან შეირჩა. „იან დე ნული“  ჯგუფი 1938 წელს დაფუძნდა, მისი ბრუნვა 2,5 მლრდ ევროა და დასაქმებული ჰყავს 7000-ზე მეტი ადამიანი. „იან დე ნული“  ჯგუფის საქმიანობა ხუთ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ოფშორული ელექტროსადგურების მოწყობა, ზღვის ფსკერის დაღრმავება და საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - მათ შორის ნავსადგურების მშენებლობა, სამოქალაქო მშენებლობა და გარემოსდაცვითი პროექტების განვითარება. კომპანიის  ოპერირების გეოგრაფიული არეალებია: ევროპა, სპარსეთის ყურე, აზია, აფრიკა, ამერიკა, და სხვ. 

აღსანიშნავია, რომ „იან დე ნულ“ ჯგუფის  მიერ სრულად ან ნაწილობრივ განხორციელებულია ისეთი მსხვილი პროექტები, როგორებიცაა - პანამის არხის გაფართოების პროექტი, სუეცის ახალი არხი ეგვიპტეში, ახალი საზღვაო პორტი ნადორში (მაროკო), ჰამბურგის პორტის დაღრმავების პროექტი, the Palm Jebel Ali - დუბაის ხელოვნური კუნძული და სანაპირო.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები