გეგმები ბევრი გაქვს, გვინდა განვითარდეს ინფრასტრუქტურა და შატო კვირიკე იყოს პატარა ქალაქი ქალაქში, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ტურისტული კომპლექსის შატო კვირიკეს გენერალურმა მენეჯერმა ლელა წულუკიძემ განაცხადა.
შატო კვირიკე 6 ჰექტარზე გაშენებული დასასვენებელი სასტუმრო კომპლექსია, რომელიც ქობულეთში, უნიკალურ მიკროკლიმატურ ზონაში მდებარეობს. ტერიტორიის 2 ჰექტარზე გაშენებულია როგორც კივისა და თხილის ბაღები, ასევე სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ჯიშები. დანარჩენ ტერიტორიაზე კი მდებარეობს სასტუმროს მთავარი შენობა 23 თანამედროვე ნომრით, კერძო ვილა, ღია აუზი და მის ირგვლივ განლაგებული 15 უნიკალური კოტეჯი საქართველოს სხვადასხვა კუთხეების სახელით.
შატო კვირიკეს გენერალური მენეჯერი ზაფხულის დატვირთულობის კმაყოფილია და განმარტავს, რომ კომპლექსის არსებობის 5 წლიანი ისტორიის განმავლობაში ობიექტმა ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს მიაღწია.
„2024 წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონი შატო კვირიკესთვის საკმაოდ წარმატებული იყო. მაღალი დატვირთულობა გვქონდა იმ მცირე სანომრე ფონდის, რომელიც დღეს შატო კვირიკეს აქვს. ივნისი-ივლისი-აგვისტო საშუალოდ 80%-იანი დატვირთულობა გვქონდა. რაც კომპლექსის 5 წლიანი ისტორიის განმავლობაში ყველაზე მაღალი დატვირთვა იყო. ფაქტობრივად წელს რეკორდი დავამყარეთ. რაც შეეხება, უშუალოდ აგვისტოს, აღნიშნულ თვეში 92%-იანი დატვირთულობა გვქონდა“ - ამბობს ლელა წულუკიძე.
ირკვევა, რომ შატო კვირიკეს სტუმრების 70%-ი ადგილობრივი, ხოლო 30% უცხო ქვეყნების მოქალაქეები იყვნენ. უცხოელი სტუმრებიდან კი დსთ-ს, გალფის და ევროპის ქვეყნების მოქალაქეები ჭარბობენ.
„ზაფხულში ჩვენი დამსვენებლების ძირითადი ნაწილი ადგილობრივი სტუმრები იყვნენ. შატო კვირიკეს ძირითადი მომხმარებელი არის ის ქართველი დამსვენებელი, რომლებიც უპირატესობას საოჯახო დასვენებას ანიჭებენ. საოჯახო დასვენების მოყვარულებისთვის შატო კვირიკე მართლაც, რომ იდეალური ადგილია. წელს სიახლე გვქონდა ის, რომ სპეციალური პაკეტები ჩავუშვით და ჩვენს მომხმარებლებს შატო კვირიკესთან ერთად შალე კვირიკეში დასვენებაც შევთავაზეთ. 2 ღამე იყო ზღვა და 2 ღამე მთა და ასეთ კომპლექსურ შეთავაზებაზე დიდი ინტერესი წამოვიდა.
ზაფხულში საკმაოდ იყო დატვირთული ჩვენი გასტრონომიული სივრცე. როდესაც ადამიანი სტუმრად მოდის და უზრუნველყოფ მის განთავსებას, როგორც საუზმით ისე ვახშმით მათთვის ეს უფრო მისაღები და საინტერესოა და ჩვენი სტუმრების 60%-ს მსგავსი მომსახურება ჰქონდა აღებული“, - აცხადებს ლელა წულუკიძე.
შატო კვირიკეს გენერალური მენეჯერის თქმით, სექტემბრიდან განთავსების ობიექტში უფრო კორპორატიული ჯავშნები ჭარბობს.
„სექტემბრიდან ჩვენი საქორწილო სივრცეც უფრო იტვირთება და გაქვს საკმაოდ ბევრი კორპორატიული ჯავშნები. ბიზნეს სექტორი თიმბილდინგისთვის აქტიურად მოგვმართავს.
ოქტომბრის მეორე ნახევრიდან უკვე შევეცდებით, რომ უფრო მოქნილი იყოს ჩვენი ფასები. ამ პერიოდისთვის ტურისტულად დაბალ სეზონში შევდივართ და მიუხედავად ამისა გვინდა, რომ შალეც და შატოც იყოს აქტიური. ოქტომბრის მეორე ნახევარში გვინდა რთველი ფესტივალი გავაკეთოთ“, - აცხადებს ლელა წულუკიძე.
შატო კვირიკეს გენერალური მენეჯერის თქმით, თუ ზამთარში ამინდიც ხელისშემწყობი იქნება შალე კვირიკე არ დაიხურება და სტუმრებს მიიღებს.
„რაც შეეხება ზამთარს გვინდა, რომ თუ ამინდმა შეგვიწყო ხელი შალეც იყოს აქტიური და ზამთარში არ დაიხუროს. რადგანაც მთა და მით უმეტეს ის ულამაზესი ხედები, რაც შალე კვირიკედან იშლება საკმაოდ საინტერესოა ჩვენი სტუმრებისთვის.
ზამთრის პერიოდში ქობულეთი მრავალრიცხოვანი სტუმრებით არ გამორჩევა, მაგრამ ჩვენ მაინც ვეცდებით, რომ საახალწლოდ სტუმრებისთვის საინტერესო შეთავაზებები გვქონდეს და მათთვის საინტერესო იყოს აქ გაჩერება“, - აცხადებს შატო კვირიკეს გენერალური მენეჯერი.
უახლესი
15 საათის წინ
Radisson RED-ში თბილისობის ფესტი გაიმართება17 საათის წინ
ლარის კურსი ევროსთან მიმართებაში გამყარდა