გარემოსდაცვითი საკონსულტაციო კომპანია Green Steps-ის საქმიანობის არეალი საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს გარემოსდაცვითი მიმართულებით საკონსულტაციო მომსახურების გაწევას, საქმიანობების მონიტორინგს და ნებართვების მიღებას. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ქრისტინა კოროშინაძე Business Insider Georgia-სთან ისეთ აქტუალურ თემაზე საუბრობს, როგორიცაა ნარჩენების მართვა.
„ნარჩენების მართვა ზოგადად, საქართველოში არის და იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი გამოწვევა, რომელიც ბოლო წლებში აქტიურად ვითარდება. ეს საკითხი ცხადია ცირკულარული და მწვანე ეკონომიკის განვითარებასაც უწყობს ხელს, რადგან ნარჩენების სწორად მართვის დროს ხდება რესურსების ეფექტური გამოყენება, ენერგიის დაზოგვა, რაც თავისთავად გულისხმობს ემისიების შემცირებას, დაბინძურების შემცირებას და ა.შ
რაც შეეხება კანონმდებლობას და რეგულაციებს, საქართველოში ნარჩენების მართვის პროცესი რეგულირდება „ნარჩენების მართვის კოდექსით“, რომელიც 2015 წელს ამოქმედდა. ამ კოდექსის მიხედვით, კომპანიებს, რომლებსაც წარმოექმნებათ გარკვეული რაოდენობის ნარჩენი, ევალებათ ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმდებიან 5000 ლარით, ასევე ყოველი 1-ელ მარტამდე ბიზნესს აქვს სამინისტროსთან ანგარიშგების ვალდებულება.
ნარჩენების მართვის გეგმის მომზადება და შემდგომ უკვე სამინისტროსთან ყოველწლიური ანგარიშგება გახლავთ Green Steps-ის ერთ-ერთი სერვისი“, - ამბობს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ქრისტინა კოროშინაძე.
გეგმის მომზადებამდე რიგი პროცედურების გავლაა საჭირო. სწორედ ამ ყველაფერში ეხმარება კომპანია ბიზნესის წარმომადგენლებს.
„პირველ ეტაპზე გვიკავშირდება ბიზნესი, შემდეგი ეტაპი გახლავთ ხელშეკრულების მომზადება და ხელმოწერიდან ფაქტობრივად მეორე დღეს ჩვენი ექსპერტი მიდის ადგილზე, ხდება ტერიტორიის დათვალიერება, აუცილებლად კომპანიის წარმომადგენელთან ერთად, რათა დაგვეხმაროს ტექნიკური ხასიათის მონაცემების შეგროვებაში. შემდეგ უკვე ჩვენი მხრიდან ხდება გეგმის შემუშავება და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმება“, - აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ქრისტინა კოროშინაძე.