საქართველოში ზაფხულის ტურისტული სეზონი უკვე დაწყებულია და საზღვაო სეზონიც აქტიურ ფაზაში შედის. სწორედ ამ ფონზე „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს მთავარი თემა ტურიზმი იყო, სადაც რუბრიკის ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა ქვეყნის ტურიზმის და საერთაშორისო აეროპორტების სტატისტიკა მიმოიხილა.
„დღეს ვსაუბრობთ ამ პერიოდში აქტუალურ თემაზე ტურიზმზე, იმ ვითარებაზე, როცა ყველა მეტ-ნაკლებად ფიქრობს დასვენების პერიოდზე. საერთო ჯამში ჩვენ უნდა შევხედოთ თუ რა სიტუაცია გვაქვს ამ მხრივ საქართველოში. საქართველოში ზაფხულის ტურისტული სეზონი უკვე დაწყებულია და საზღვაო სეზონიც აქტიურ ფაზაში შედის. 2024 წლის მეორე კვარტლის შედეგები ძალიან მალე გვექნება, თუმცა მანამდე დავაკვირდეთ პირველი კვარტლის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 1 300 551 საერთაშორისო მოგზაური შეადგინა. 2019 წლის სტატისტიკასთან შედარებით აღდგენა 80,4%-ია, ხოლო ზრდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,6%-ი.
მოგეხსენებათ, რომ გასულ წელს იყოს საკმაოდ ამბიციური გეგმები ტურიზმთან დაკავშირებით და ამ ამბიციურ გეგმას ახლა რეალიზება სჭირდება. ჩვენი, სექტორის და სახელმწიფოს ამოცანაა, რომ წინა მაჩვენებლები იყოს გაუმჯობესებული. ბუნებრივია საერთაშორისო მოგზაურების და ტურისტების რაოდენობა უნდა გამოიხატებოდეს ასევე ფინანსურ მაჩვენებლებშიც. 2024 წლის პირველ კვარტალში ქვეყანამ საერთაშორისო მოგზაურებიდან 807,7 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლებთან 39,6%-იანი ზრდაა, ხოლო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 1,5%-ია.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანამ ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული მოგზაურებიდან 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48%-ით მეტი შემოსავალი მიიღო, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 82%-ით მეტი. საერთაშორისო მოგზაურების შემოდინების კუთხით ევროკავშირიდან ყველაზე მეტად აქტიურია პოლონეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი. ასე, რომ ლეგენდა ევროკავშირიდან ტურისტებისთვის საქართველო საინტერესო არ არის, მინიმუმ ამ მაჩვენებლებიდან გამომდინარე არარეალისტურია.
როდესაც ვსაუბრობთ ქვეყანაში მაღალმახრჯველუნარიანი ტურისტების შემოდინებაზე, აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს გალფის ქვეყნები. ზოგადად სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების შემოდინება 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21,6%-ითაა გაზრდილი, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27,9%-ით. რაც შეეხება ქვეყნებს, საუდის არაბეთიდან ზრდა 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 29,1%-ია, ხოლო 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 33,5%, ქუვეითიდან გასული წლის პირველ კვარტალთან ზრდა 23,8%-ის დონეზეა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 66,3%.
თუ დავაკვირდებით მგზავრნაკადის სტატისტიკას საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში ზრდა სახეზეა. 2024 წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებლებით კოვიდამდე პერიოდთან შედარებით ანუ 2019 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით გაცილებით უკეთესი მაჩვენებლებია და ზრდა 34%-ის დონეზე.
2024 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 278 274 მგზავრს მოემსახურა, რაც 31%-ით მეტია, ვიდრე 2023 წლის იანვარ-აპრილის აეროპორტის მიერ გატარებული მგზავრების რაოდენობა. აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით კარგად ჩანს, რომ 2024 წლის ოთხ თვის 2019 წლის ოთხ თვესთან შედარებით მგზავრთნაკადის 12%-იანი ზრდაა. როდესაც ისმის კითხვა სჭირდება თუ არა თბილისს ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რა თქმა უნდა ჭირდება.
მგზავრთნაკადის ზრდაა ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც, სადაც ზაფხულის ტურისტულ სეზონზე მგზავრთნაკადი კიდევ უფრო გაიზრდება.
2019 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით მგზავრთნაკადის 84%-იანი ზრდაა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2024 წლის იანვარ-აპრილში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 162 699 მგზავრი გაატარა, რაც 34%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 56%-ით მეტი 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 2024 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით მგზავრთნაკადის 121%-იანი ზრდა აჩვენა. მოგეხსენებათ ქუთაისი მიიჩნევა პრიორიტეტულ და ერთ-ერთ მოთხოვნად მიმართულებად, გამომდინარე შედარებით დაბალბიუჯეტიანი ფრენებიდან.
2024 წლის იანვარ-აპრილში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის 32%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 175%-იანი ზრდა“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
უახლესი