ვიწყებთ რეგისტრაციას პროფესიულ პროგრამებზე- ფერმერობა და რძის პროდუქტების წარმოება, - ამის შესახებ Business Insider Georgia- თან „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიის“ დირექტორმა თინათინ მახარაძემ განაცხადა.
„სწავლა იწყება 25 ნოემბერს. ახლა რეგისტრაცია მიმდინარეობს. პროგრამები ორწლიანია და სტუდენტები იცხოვრებენ ადგილზე და უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით.
ფერმერობა და რძის პროდუქტების წარმოება, ორივე მოთხოვნადი პროფესიაა ბაზარზე, თუმცა აპლიკანტების მხრიდან დაინტერესება დაბალია. 8 ადგილი გვაქვს გამოცხადებული ორივე პროგრამაზე და გასული წლების მაგალითს თუ განვიხილავთ, დატვირთულობა 45% იყო. წელს მივიღებთ მეოთხე ნაკადს, ორმა ნაკადმა სწავლა უკვე დაასრულა“,- განაცხადა თინათინ მახარაძემ .
რაც შეეხება ამ პროფესიებთან მიმართებით დაბალ ინტერესს, „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიის“ დირექტორი რამდენიმე ფაქტორს ასახელებს:
„პირველ რიგში, თვითონ პროფესიული განათლება არ არის საქართველოში პოპულარული და ისედაც ნაკლებია მოთხოვნა პროფესიულ პროგრამებზე. მეორეა ის, რომ სამწუხაროდ საქართველოში ფერმერობა პროფესიად არ აღიქმება. უფრო დიდი მოთხოვნაა მოკლევადიან კურსებზე, შედეგად ფერმერები ცდილობენ, რომ ცოდნის დანაკლისი შეივსონ, რაც ამ პრობლემის დაგვიანებული გადაჭრაა, რადგან ფერმას ყიდულობენ, საქმიანობას იწყებენ და მერე აღმოაჩენენ, რომ ამისთვის განათლება არ ჰყოფნით“,- ამბობს თინათინ მახარაძე.
შეგახსენებთ, რომ „შვეიცარიულ აგრარულ სკოლაში“სტუდენტები ისწავლიან და იცხოვრებენ შვეიცარიული სტანდარტის, კეთილმოწყობილ კამპუსში. დამატებით გათვალისწინებულია შვეიცარიული საავტორო პროგრამები და მასტერკლასები. თითოეული პროგრამის ხანგრძლივობაა - 2 წელი. სტუდენტის გადასახდელი თანხაა 4000 ლ/წელიწადში. დმანისელ სტუდენტებს გადასახადის 50% უფინანსდებათ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. თანხაში შედის: სწავლა (თეორია & პრაქტიკა) და საავტორო პროგრამები, ცხოვრება და სრულფასოვანი კვება კეთილმოწყობილ კამპუსში 2 წლის განმავლობაში
უახლესი