შპს „ანასეულის ექსპერიმენტალური ჩაის ფაბრიკის“ დირექტორის გიორგი ხუჭუას თქმით, 2022 წელს წარმოების ზრდა ვერ მოხერხდა და პანდემიური პერიოდის მაჩვენებლებს ჯერჯერობით ვერ გაუთანაბრდნენ.
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რის დაძლევაც კომპანიას უჭირს, მუშახელის სიმცირეა, რაც საქართველოს შრომის ბაზარზე ბოლო პერიოდში ზოგად ტენდენციად იქცა.
ოფიციალურად დადასტურებული კლებადი ექსპორტის ფონზე „ანასეულის ჩაის" მწარმოებელიც ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
როგორც გია ხუჭუა ამბობს, მოთხოვნა არ შემცირებულა, პირიქით გაიზარდა, მაგრამ ბიზნესი მიწოდებას ვერ უზრუნველყოფს.
„ჩაის წარმოებამ პანდემიურ პერიოდში დაწყებულ პრობლემას ვერც ამჯერად დააღწია თავი, გარკვეული პრობლემებია, რის გადალახვაც ბიზნესს უწევს.
ყველაზე მეტად მუშახელის მხრივ გვაქვს რთული მდგომარეობა, რადგან საჭირო კადრებს ვერ ვშოულობთ. ჯერჯერობით არ ჩანს ნიშნები, რომ მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესდეს. ბაზარზე მოთხოვნა არის, რასაც წარმოება ნედლეულის სიმცირის გამო ვერ უზრუნველყოფს. ამ თვალსაზრისით, დიდი დისბალანსია“, - ამბობს Business Insider Georfia-თან გიორგი ხუჭუა.
შპს „ანასეულის ექსპერიმენტული ჩაის ფაბრიკა” ოზურგეთში მდებარეობს. ფაბრიკა 60 ჰექტარ ჩაის პლანტაციას ფლობს, საიდანაც 10 ჰექტარს ორგანული წესით უვლიან.
პანდემიამდე კომპანია წელიწადში 10 ტონამდე ბიო და 70 ტონა ჩვეულებრივ ჩაის აწარმოებდა. ფაბრიკა საკუთარი პლანტაციებიდან მოწეული ნედლეულის გარდა, მოსახლეობისგან ჩაბარებულ ჩაის ფოთოლსაც ამუშავებს.
„ანასეულის ჩაი" ექსპორტზე ჩეხეთში გადის.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოდან ჩაის ექსპორტი შემცირდა. 2023 წლის იანვარში საქართველოდან ექსპორტზე 55.10 ტონა ჩაი (არომატიზებული ან არაარომატიზებული) გავიდა, რაც 2022 წლის იანვართან შედარებით 43%-იან კლებას აჩვენებს.
რაც შეეხება წლიურ სტატისტიკას 2022 წელს საქართველოდან ექსპორტზე 2,228.81 ტონა ჩაი გავიდა, 2021 წელს კი 2,439.95 ტონა შესაბამისად კლება 9%-ის დონეზე იყო.
2022 წელს საქართველომ ჩაის ექსპორტიდან 4,399.01 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, 2021 წელს კი 4,731.28 ათასი დოლარი.
ქართული ჩაის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია:
უახლესი
16 საათის წინ
Radisson RED-ში თბილისობის ფესტი გაიმართება