Business Insider Georgia- სთან „ელთ ბილდინგის“ დამფუძნებელმა ელგუჯა თურმანიძემ დღეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, სახელწოდებით “როგორ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი”განხილული საკითხები და მნიშვნელობა შეაფასა.
„საქართველოს ბიზნესასოციაციის პლატფორმა არის ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმა, სადაც ბიზნესს გვეძლევა საკუთარი მოაზრებებისა და შეხედულებების გაზიარების საშუალება.
დღეს გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ სამინისტროების წარმომადგენლები და მთავრობის სრული შემადგენლობა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ფართოდ იყო განხილული სხვადასხვა სფეროში არსებული ვითარება. მათ შორის ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის სფეროსა და სამშენებლო- დეველოპმენტის დარგში მიღწეული შედეგები და გამოწვევები.
ეკონომიკის ეს დარგები ისე ახლოა ერთმანეთთან, რომ მათი ცალ-ცალკე განვითარება წარმოუდგენელია“, - აღნიშნა ელგუჯა თურმანიძემ.
კომპანიის დამფუძნებლის შეფასებით, საქართველოში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა, აჩენს მოლოდინს, რომ სექტორებში არსებული პრობლემები დაიძლევა.
„ჩვენ გვაიმედებს მაკროეკონომიკური და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები რაც ბოლო თვეებში დაფიქსირდა. მათ შორის ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორში. ბოლო კვარტალში საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს. კონფერენციაზე ასევე განხილული იყო ლარის კურსის საკითხი. ბოლო მონაცემებით ეროვნული ვალუტა სტაბილურია, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის.
ასევე განხილული იყო კადრების დეფიციტის საკითხი, რაც ბაზარზე 25%-ს შეადგენს და მთავრობისა და ბიზნესის ძალისხმევა მიმართული იქნება იქით, რომ ამ პრობლემის დაძლევა მოხდეს“, - განაცხადა ელგუჯა თურმანიძემ.
უახლესი
3 საათის წინ
მეტი განაწილება თიბისისგან