საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, რომლის მოსახლეობაც საკმაოდ სწრაფი ტემპით ბერდება. როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე განმარტავს, დამოუკიდებლობის შემდგომ წლებში იზრდება საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი ანუ ის ასაკი, რომელთან მიმართებითაც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი უფრო ახალგაზრდაა და ნახევარი - უფრო ხანდაზმული.
ამის ძირითადი მიზეზი შობადობის კლებაა.
„შობადობის მაჩვენებელი მცირდება, რაც საქართველოს დემოგრაფიისთვის ძალიან ნეგატიური ფაქტია. იყო დრო, როცა 100 000-ზე მეტი ბავშვი იბადებოდა საქართველოში. ბოლო მონაცემით, 2022 წელს 42 319 ბავშვია დაბადებული. 2022 წელს, ეს მაჩვენებელი, წინა 2021 წელთან შედარებით, თითქმის 8%-ით შემცირებულია, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დიდი საფრთხის მატარებელია.
რაც შეეხება გარდაცვალების სტატისტიკას, 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, 18.0 პროცენტით შემცირდა და 49 118 ერთეული შეადგინა. 2021 წელს გარდაცვლილთა მაღალ მაჩვენებელზე გავლენა ჰქონდა პანდემიას, პიკის გადავლასა და გამოწვეულ დაავადებებს ლეტალური შემთხვევებისა და სტრესის გამო", - ამბობს სოსო არჩვაძე Business Insidet Georgia- თან და დასძენს, რომ კოვიდზე მეტად მედიანური ასაკის ზრდაზე გავლენა მოახდინა შრომისუნარიანი მოსახლეობის მასობრივმა გადინებამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
სტატისტიკოსის შეფასებით, საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა პენსიაზე გასვლის შემდეგ ძალიან მოკრძალებულია და განვითარებული ქვეყნების მაჩვენებლებს 2,5-3-ჯერ ჩამორჩება.
„ქვეყანა რამდენადაც გამოირჩევა ეკონომიკური განვითარების დონით, მით უფრო მაღალია საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა. მაგალითად, ნორვეგიაში ეს მაჩვენებელი 2-ჯერ მაღალია ვიდრე, ვთქვათ, ცენტრალური აფრიკის ქვეყნებში, სადაც ეკონომიკური განვითარების დაბალი დონეა. აქ გადამწყვეტ როლს ასრულებს სრულფასოვანი კვება, ჯანდაცვის სისტემის განვითარება, სტრესი, სოციალური პრობლემა და სხვა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე პენსიონერების რაოდენობა ქვეყანაში, ამ მაჩვენებლის ზრდა ერის დაბერებას გულისხმობს. ამიტომ დემოგრაფიული ვითარებისთვის გაცილებით უკეთესი იქნება, თუკი ახალგაზრდა და შუახნის ხალხი მეტი იცხოვრებს ქვეყანაში", - ამბობს არჩვაძე.
ცნობისთვის, გაეროს მონაცემების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 74%-ს გადასცდა. 2 წლის წინ ეს მაჩვენებელი 73.7 %-ს შეადგენდა.
იგივე თემაზე:
უახლესი
16 საათის წინ
Radisson RED-ში თბილისობის ფესტი გაიმართება