გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, საქართველო ყოველთვის უერთდება საერთაშორისო სანქციებს და ასრულებს როგორც სახელმწიფო, ისე საბანკო სექტორი. ასევე ის უწყებები, რომლებიც ამ პროცესში არიან ჩართულები.
სანქციების პაკეტი, რაც აშშ-დან არის მიღებული, ეხება საქართველოს მოქალაქეებს და ჭარაიას შეფასებით, ქვეყნის მოქალაქეების უფლებების დაცვა საქართველოს კონსტიტუციის თანახმად ძალიან მნიშვნელოვანია.
"საქართველოს მოქალაქეს თავის ქვეყანაში რომ შეეზღუდოს საბანკო ოპერაცია, ისე რომ სახელმწიფოს მის წინააღმდეგ არავითარი შეზღუდვა არ აქვს, მაგალითად ვერ მიიღოს ხელფასი, ვერ გადარიცხოს თანხა და ა.შ. ჩემი აზრით ამ შემთხვევაში საჭიროა მისი უფლებების დაცვა. იმიტომ რომ, თუ საქართველოს მოქალაქეს უცხო ქვეყანა ასანქცირებს, ის ასანქცირებს თავისი ხედვითა და კანონმდებლობით, რომელიც მოქმედებს მის სახელმწიფოში. საქართველოში რომ დაასანქციროს ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, ამას სხვა პროცედურები სჭირდება. იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო ირჩევს გზას, რომ ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, არ იყოს ნებადართული მოქალაქის სანქცირება საქართველოს ტერიტორიაზე ვფიქრობ, ეს ჯანსაღი მიდგომაა“, - აცხადებს ვახტანგ ჭარაია.
ამასთან, ვახტანგ ჭარაია აცხადებს, რომ მოქალაქეების უფლებების დაცვის პარალელურად, საჭიროა ქვეყნის საბანკო სექტორის სტაბილურობის დაცვა.
რაც შეეხება კანონის ნეგატიურ გავლენას საქართველოს საფინანსო სექტორზე, ჭარაიას შეფასებით, ასეთი ტენდენცია არ იკვეთება.
"არ არის პრეცედენტი არც სარეიტინგო და არც ინვესტიციების კუთხით საფინანსო სექტორში საგანგაშო. საქართველოს საფინანსო სექტორში ინვესტიციებმა 2022 წელს $ 538 მილიონი შეადგინა, 2023 წელს, როცა ეს კანონი მიიღეს გაიზარდა ინვესტიციების მოცულობა $583 მილიონამდე, ხოლო 2024 წლის ორი კვარტლის მონაცემებით შეადგენს $250 მილიონს“, - აცხადებს ვახტანგ ჭარაია.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის სექტემბერში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების აღსრულების წესში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო სანქცია იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.
უახლესი
2 საათის წინ
მეტი განაწილება თიბისისგან4 საათის წინ
თბილღვინომ პრემიალური ღვინოების კოლექცია წარადგინა