დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქართული მარწყვი თურქულს ფასში კონკურენციას ვერ უწევს - „აგროსფეისი“

ქართული მარწყვი თურქულს ფასში კონკურენციას ვერ უწევს - „აგროსფეისი“

2023-03-25 09:00:02

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ ბაზარზე მარწყვზე მოთხოვნა მზარდია, არაჯანსაღი კონკურენციის გამო პროდუქციის გასაღების პრობლემა დგას. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს სასათბურე მეურნეობა ,,აგროსფეისის“ დამფუძნებელმა თენგიზ სალუქვაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, თურქეთიდან იაფად შემოდის მარწყვი, რომელსაც ქართული პროდუქტი ფასში კონკურენციას ვერ უწევს.

„მარწყვის წარმოების დაწყებამდე ბაზარი საფუძვლიანად შევისწავლეთ.  გვინდოდა ისეთი პროდუქტის წარმოება, რომელიც ადგილზე  მოთხოვნადი იქნებოდა  და  ხარისხით იმპორტულს კონკურენციას გაუწევდა.

აქცენტი „სან ანდრეასის“ ჯიშის მარწყვზე გავაკეთეთ, რომელიც სასარგებლო ხილია და გემოვნური თვისებებით გამოირჩევა. კონკურენციის ნაწილში პრობლემა უფრო მასშტაბური აღმოჩნდა, ვიდრე მოველოდით. საქართველოში დიდი რაოდენობით შემოდის თურქული მარწყვი, რასაც ფასში ქართული პროდუქტი კონკურენციას ვერ უწევს“, - ამბობს სალუქვაძე.

„აგროსფეისის“ დამფუძნებელს მიაჩნია, რომ მარწყვის წარმოებას საქართველოში დიდი პოტენციალი აქვს და დარგის ხელშეწყობის შემთხვევაში შედეგი უფრო მნიშვნელოვანი იქნება.

„სასათბურე მეურნეობასთან დაკავშირებული მთავარი გამოწვევაა ენერგომატარებლების მაღალი ხარჯი, რომლის წილიც პროდუქციის თვითღირებულებაში 70%-მდეა, რაც აგროწარმოების განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს“, - ამბობს სალუქვაძე.

მიმდინარე წელს საქართველოში 209%-ით მეტი ახალი მარწყვი და ხენდრო შემოვიდა ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 420.38 ტონა ახალი მარწყვი და ხენდრო იყიდა, რაშიც 113.36 ათასი დოლარი გადაიხადა.

გასული წლის ორ თვეში კი 135.91 ტონა მარწყვისა და ხენდროს იმპორტი დაფიქსირდა. 2023 წლის ორ თვეში ახალი მარწყვისა და ხენდროს იმპორტის 100%-ი თურქეთზე მოდის.

რაც შეეხება 2022 წლის სტატისტიკას, 2022 წელს 2021 წელთან შედარებით ახალი მარწყვისა და ხენდროს იმპორტი 94%-იან ზრდას აჩვენებს. 2022 წელს ახალი მარწყვისა და ხენდროს იმპორტის 99.98% თურქეთზე, ხოლო დანარჩენი ნიდერლანდებზე, ეგვიპტესა და საფრანგეთზე მოდის.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

4 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები