დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ქართული ორაგულის“ კომპანიამ გორში თევზის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა შეაჩერა

„ქართული ორაგულის“ კომპანიამ გორში თევზის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა შეაჩერა

2023-02-28 19:15:18

„ქართული ორაგულის“ კომპანიამ გორში თევზის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა შეაჩერა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, თავდაპირველად პანდემიამ შეუშალა ხელი, შემდეგ რეგიონში მიმდინარე ომმაც გარკვეული ნეგატიური გავლენა მოახდინა და  პროექტი გაჩერდა.

„ქართული ორაგულის“ თანადამფუძნებელი, მეწარმე ანი უკანწყაროელი Business Insider Georgia - თან ამბობს, რომ ამ ეტაპზე კომპანია პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. ექსპორტის მიმართულება ქარხნის მშენებლობის გაჩერების გამო ვერ განვითარდა.

„შარშან ვაპირებდით ქარხნის მშენებლობის დაწყებას, მაგრამ ამ რამდენიმე დაბრკოლება შეგვხვდა, რაც ჯერჯერობით ვერ გადავლახეთ. საწყის ეტაპზე ეს იყო პანდემია, მერე უკვე რეგიონში მიმდინარებ ომი, რამდენიმეჯერ ვცადეთ ძალების აღდგენა, მაგრამ ვერ მოხერხდა.

თუმცა წარმოება არ შეგვიჩერებია. ვამზადებთ  100%-ით ნატურალურ, მაღალი ხარისხის ხიზილალას, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე ვყიდით. ხიზილალით ჯერ კიდევ მაშინ დავინტერესდით, როცა ხალხს ეგონა, რომ ამის შესაძლებლობა საქართველოში ნაკლებად იყო, მაგრამ საპირისპირო დავამტკიცეთ.

ამ ეტაპზე ,,ორაგულის ხიზილალას"  მთლიანად ადგილობრივ ბაზარსა და თბილისში ვყიდით. ვგეგმავდით, რომ ქარხნის ამუშავების შემთხვევაში, შიდა ბაზარს მოვამარაგებდით სრულად და ექსპორტზეც გავიტანდით პროდუქტს,  მაგრამ პროექტი გაურკვეველი ვადით შეჩერდა", - ამბობს ანი უკანწყაროელი.

მისი თქმით, ორაგულის წითელი ხიზილალის გადამუშავება გორში 9 წლის წინ დაიწყო.

რაც შეეხება ფასს, ბაზარზე პროდუქტი 500-გრამიან შეფუთვაში იყიდება და 60 ლარი ღირს. პროექტი სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ დაფინანსებით განხორციელდა და ჯამურმა ინვესტიციამ 300 000 ლარი შეადგინა.

ქარხნის აშენების შემთხვევაში ,,ქართულ ორაგული" ფილესა და თევზის სხვა პროდუქტების წარმოებასაც შეძლებდა. ქარხანა წლიურად დაახლოებით 150-170 ტონა თევზს გადაამუშავებდა (დღეში საშუალოდ 5 ტონა). ხიზილალის შემთხვევაში, ამ მაჩვენებელმა შესაძლოა, 7-8 ტონა შეადგინოს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები