დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ხახვი იაფდება, აგრარულ ბაზრებში ფასი 3 ლარს ჩამოსცდა

ხახვი იაფდება, აგრარულ ბაზრებში ფასი 3 ლარს ჩამოსცდა

2023-05-01 15:00:02

 

 

 

მოულოდნელი გაძვირების შემდეგ ხახვის ფასმა დასტაბილურება მალევე დაიწყო.

მართალია, პროდუქტი ამ ეტაპზეც ძვირია, თუმცა პიკმა მალევე გადაიარა და ფასი აგრარულ ბაზრების ნაწილში 3 ლარს ჩამოსცდა, ჰიპერმარკეტების ნაწილი კი მაღალ ფასს ინარჩუნებს.

მიუხედავად იმისა, რომ ტენდენცია შეიცვალა, აქტუალურობას არ კარგავს საკითხი, რამ გამოიწვია ხახვის მოულოდნელი გაძვირება.

სპეციალისტები მიზეზად წარმოებაში არსებულ პრობლემას მიიჩნევენ, რასაც აღიარებენ პროდუქტის ექსპორტიორებიც, რომელთა ინფორმაციითაც, ლოგისტიკაში მცირე შეფერხება დაფიქსირდა - ძირითადად რუსეთიდან და თურქეთიდან, რაც ადგილობრივ ბაზარზე ფასებზე მყისიერად აისახა.

„საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ვახტანგ ბეჟიტაშვილი პრობლემას წარმოების სიმცირესა და გლობალურ ბაზრებზე შექმნილ მდგომარეობას უკავშირებს.

„2022 წელს ხახვის ნაკლები მოსავალი მივიღეთ. პრობლემა ამ მხრივ უამინდობამ შექმნა. იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარზე იმპორტის წილი 100%-ია, ლოგისტიკაში მცირე შეფერხებამაც კი არასტაბილურობა გამოიწვია და ფასები ნახტომისებურად გაიზარდა.

რუსეთიდან იმპორტი გამშვებ პუნქტზე სარემონტო სამუშაოების გამო შეზღუდულია, თურქეთიდანაც იკლო პროდუქტის მოცულობამ, ვინაიდან ადგილობრივმა მთავრობამ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გატანაზე გარკვეული შეზღუდვა დააწესა.

ამან ერთბაშად იქონია გავლენა. სიტუაცია თანდათან სტაბილურდება და ეს ფასებსაც დაეტყობა, ერთ თვეში კი ბაზარზე ადგილობრივი ხახვი შემოვა და ფასი კიდევ უფრო შემცირდება", - ამბობს ბეჟიტაშვილი Business Insider Georgia- თან.

ცნობისთვის, საქართველოში ხახვის მწარმოებელი ორი ძირითადი რეგიონია - ქვემო ქართლი, რომელზეც ადგილობრივი წარმოების 35% მოდის და შიდა ქართლი, სადაც ქართული ხახვის 50% იწარმოება.

ხახვის იმპორტში ლიდერ პოზიციაზე რუსეთია, საიდანაც 2023 წლის პირველ კვარტალში 1.6 მლნ დოლარის 4 249 ტონა ხახვი შემოვიდა. მეორე ადგილზე აზერბაიჯანია - 703 ათასი დოლარით, ხოლო შემოტანილი პროდუქტის ოდენობა 1 869 ტონა შეადგენს. თურქეთის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 882 ტონაა, რაშიც ქართულმა მხარემ 336 ათასი დოლარი გადაიხადა.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარზე ფასს, ამ ეტაპზე სუპერმარკეტებში ხახვის ღირებულება 3,50 ლარის ფარგლებშია, როცა ორიოდე დღის წინ 5,50-დან 7- ლარამდე იცვლებოდა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მარტში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით ხახვი 110.7%-ით გაძვირდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

16 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები