დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ხარისხიანი თხილის მისაღებად აგროღონისძიებების გარდა, საჭიროა მოსავლის სწრაფად აღება და გაშრობა - ასოციაცია

ხარისხიანი თხილის მისაღებად აგროღონისძიებების გარდა, საჭიროა მოსავლის სწრაფად აღება და გაშრობა - ასოციაცია

2023-03-23 19:01:08

თხილის კადასტრში რეგისტრაციის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. როგორც საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი თოდუა ამბობს, ზუსტი სტატისტიკა 28 აპრილს გახდება ცნობილი, თუმცა ამ დროისათვის კადასტრში 40 ჰა თხილის ბაღები უკვე გაერთიანებულია. 

„დღეის მონაცემებით საკმაოდ აქტიური სტატისტიკაა. სოფლის დონეზე ყველა გამგეობას, თუ მერიას აქვს კადასტრზე ინფორმაცია და ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ მათ დაუკავშირდნენ.

გეტყვით, რომ 40 ათასზე მეტი ჰა უკვე დარეგისტრირებულია და ეს მაღალი მაჩვენებელია. პრინციპში ეს ციფრები მოსალოდნელიც იყო, მაგრამ მოლოდინს გადააჭარბა იმან, რომ 3 თვეში მოვახერხეთ ამ რაოდენობის ფართობების რეგისტრაცია. 

იმ ადამიანების 80%-ი, რომელიც თხილის კადასტრში დარეგისტრირდა ასოციაციაშია გაწევრიანებული და მათთან მუდმივი მუშაობა გვაქვს იმისთვის, რომ აუცილებელია წამლობების განხორციელება, რომელიც აპრილში იწყება და ივლისში სრულდება. ანუ 4 თვე საკმარისია იმისთვის, რომ მცენარე დავიცვათ სხვადასხვა მავნებლებისგან. როცა ხარისხზე და რაოდენობაზე ვსაუბრობთ იქ, სასუქის შეტანაც მნიშვნელოვანია. იმ 500 ლარის გამოყენება, როგორც  ვიცი შეუძლიათ მხოლოდ პესტიციდებსა და სასუქებზე“,  - ამბობს თოდუა.

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, 2016-2018 წლებში ფაროსანას გამო დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავალი ფაქტობრივად არ აუღიათ, 2019-2020 წლებში მოხდა რეპუტაციის დაბრუნება, რადგანაც ფერმერების უმრავლესობა ახორციელებდა წამლობით სამუშაოებს. თუმცა 2021-2022 წლებში აგროღონისძიებების ჩატარება შესუსტდა და იკლო როგორც მოსავლის რაოდენობამ ისე ხარისხმა.
„იმისათვის, რომ მივიღოთ უმაღლესი ხარისხის თხილი ამას აგროღონისძიებების გარდა სჭირდება მოსავლის სწრაფად აღება და სწრაფი გაშრობა. შრობა ტრადიციული მეთოდებით რთულია, თუმცა სამომავლოდ აუცილებელია უფრო მეტი საშრობი ცენტრების მშენებლობა, რათა საბოლოოდ მივიღოთ მშრალი მაღალი ხარისხის პროდუქცია. 7-8 ასეთ საწარმო არსებობს და წელს კიდევ რამდენიმე საშრობი დაემატება“, - განაცხადა თოდუამ.

როგორც ISET-ის ანგარიშშია აღნიშნული, ბოლო ათწლეულის განმავლობაში თხილის წარმოება მინიმალური 17,000 ტონიდან (2018) მაქსიმალურ 46,000 ტონამდე (2021) მერყეობდა.

სექტორისთვის ყველაზე რთული იყო 2017-2018 წლები, რადგან 2017 წელს თხილი სხვადასხვა სოკოვანი დაავადებით დაზიანდა, ხოლო აზიური ფაროსანას შემოსევამ მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა. შედეგად, შემცირდა წარმოებული თხილის რაოდენობა და გაუარესდა მისი ხარისხიც.

2019 წელს თხილის სექტორმა აღდგენა დაიწყო: მომდევნო წლებში წარმოება გაიზარდა და 2021 წელს თავის მაქსიმუმს, 46 ათას ტონას, მიაღწია.

2022 წელს უამინდობის გამო წარმოება შემცირდა და, შესაბამისად, შეიცვალა მზარდი 3-წლიანი ტენდენცია.

სხვადასხვა დაინტერესებული მხარის შეფასებით, ფერმერებმა ვერ შეძლეს თხილის მოვლის ღონისძიებების სათანადოდ ჩატარებაც, რის გამოც გაჩნდა წარმოების შემცირებასა და თხილის ხარისხის გაუარესებასთან დაკავშირებული მოლოდინები.

2022 წელს საქართველოს მთავრობამ თხილის წარმოების მხარდასაჭერად ახალი პროგრამა დაიწყო (RDA, 2023). პროგრამა მიზნად ისახავს თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობას თხილის ბაღების მესაკუთრეებისა და მეწარმეთა წახალისებას თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საშუალებების სუბსიდირების გზით.

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ფერმერები უნდა დარეგისტრირდნენ თხილის ბაღების კადასტრში. საქართველოს მთავრობა გეგმავს აღნიშნული თხილის კადასტრის შექმნას, წარმოებისა და ჯიშების შესახებ მონაცემების შეგროვებას და აღნიშნული მონაცემების ანალიზის საფუძველზე სექტორში შესაბამისი ზომების გატარებას.

ამ პროგრამას ახორციელებს სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) და პროგრამის ფარგლებში საწყის ეტაპზე დაახლოებით 20 მლნ. ლარი გამოიყოფა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც მთავრობამ შეიმუშავა მხარდაჭერის პროგრამა მხოლოდ თხილის მწარმოებლებისათვის. პირველი ასეთი პროგრამა 2017 წელს დაინერგა, როდესაც საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა თხილის მწარმოებლებს აზიური ფაროსანას შემოსევის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ცნობისთვის, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში უნდა გააჩნდეს თხილის ბაღი, ჯამურად არანაკლებ 0.2 ჰა და არაუმეტეს 3 ჰა.

სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 500 ლარით - 1 ჰა თხილის ბაღზე გადაანგარიშებით.
პროგრამაში ჩართულ პირებზე სუბსიდია გაიცემა „ლიბერთი ბანკის“ აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით.

ქულების დარიცხვა დაიწყება მიმდინარე წლის გაზაფხულზე. სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 აგვისტო.

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე - www. rda.gov.ge“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.   

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები