დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ხის ხელნაკეთი ნივთები" - ბაბუის ჩარხით მთიან აჭარაში დაწყებული ბიზნესი საქართველოს ფარგლებს გასცდა

„ხის ხელნაკეთი ნივთები" - ბაბუის ჩარხით მთიან აჭარაში დაწყებული ბიზნესი საქართველოს ფარგლებს გასცდა

2023-05-01 12:01:02

აჭარის მაღალმთიან ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ უჩხითში ახალგაზრდა დურგლის - რესან ჟოჟაძის საქმიანობამ უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო.

ბაბუის ნაქონი რუსული წარმოების ძველი დანადგარი თანამედროვე, ევროპული სტანდარტის დაზგებით ჩაანაცვლა და შექმნა ხის ნაკეთობები.

მის ნაწარმს საქართველოსა და ქვეყნის გარეთაც კარგად იცნობენ. რესან ჟოჟაძის ნამუშევრების 80%-ზე მეტი ექსპორტზე გადის, სადაც ძირითადი დამკვეთები ქართველი ემიგრანტები არიან.

დღეს მეწარმე 100-მდე დასახელების ხის ნაკეთობებს ამზადებს.

ჟოჟაძის წარმატების ისტორია საკმაოდ რთულად დაიწყო:

„ბაბუა დურგალი იყო. ხეზე მუშაობა მან შემაყვარა. 13 წლისა უკვე ვსწავლობდი მასალას, ვაკვირდებოდი, როგორ შეიძლებოდა დამუშავება და ხისგან სასურველი ნივთის გამოჭრა. ბაბუას გარდაცვალების შემდეგ დამატებით მეზობლის საამქროში შევისწავლე ხელობა. ხელნაკეთი ნივთების დამზადებაზე სერიოზული ფიქრი კორონავირუსის პერიოდში დავიწყე.

თავდაპირველად სამზარეულოს აქსესუარებით, თუმცა თანდათან გაფართოვდა სპექტრი და წარმოებაში დაემატა სამკაულები, საათები, ჭაღები, თითქმის ყველა სამუშაოს შესრულება შემიძლია, რაც ხესთან არის დაკავშირებული", - ამბობს რესან ჟოჟაძე.

ადგილობრივ ბაზარზე ძირითად დამკვეთები ამ ეტაპზე სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესია.

ამბობს, რომ ხის ნაკეთობები ტრენდულია, რაც მასზე მაღალ მოთხოვნას განაპირობებს. „წარმოებაში ბოლო 2 წლის განმავლობაში 30%-იანი ზრდა გვაქვს. რაც ძირითადად სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესის მხრიდან გაზრდილი მოთხოვნით არის განპირობებული.

შეკვეთა ყველანაირ ხის მასალაზეა - როგორც სამზარეულოს ნივთებზე, ასევე აქსესუარებზეც. ტრენდული ხაზია, ყველა სასტუმრო გადადის ხის ნაწარმზე და ვცდილობ, ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და უფრო გავამრავალფეროვნო ასორტიმენტი", - ამბობს აჭარელი მეწარმე.

მიღწეული წარმატების მიუხედავად, ტერიტორია, სადაც რესან ჟოჟაძის სახლი და საწარმო მდებარეობს, სოფელო უჩხითი, მეწყერსაშიში ზონა გახდა, რის გამოც ძალიან მალე ადგილის შეცვლა მოუწევს.

რამდენიმე თვის წინ რესანმა ევროკავშირის გრანტი მოიგო და 25 000 -ლარიანი დაფინანსება მოიპოვა, თუმცა ამ თანხაზე უარი თავად განაცხადა.

„ევროკავშირის გრანტი მოვიპოვე ნომინაციაში ,,ხეზე კვეთის რუტერი", მაგრამ თანხა არ ავიღე, მასზე საკუთარი სურვილით ვთქვი უარი. საგრანტო რესურსი დანადგარის შესაძენად იყო განკუთვნილი. არ მქონდა შესაძლებლობა 1,5 ტონიანი დანადგარი სახლამდე მიმეტანა, რადგან გზა მეწყერმა წაიღო. საცხოვრებლის შეცვლის შემდეგ წარმოების მასშტაბური გაზრდის გეგმას განვახორციელებ, რაც დიდი ხნის ნაფიქრი და დაგეგმილია", - ამბობს მეწარმე.

2021 წელს რესან ჟოჟაძემ სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში“ 30 000 ლარიანი დაფინანსება მიიღო, რითაც დანადგარები შეიძინა.

„ხის ხელნაკეთი ნივთების" ჯამური საინვესტიციო ღირებულება 150 000 ლარია. აჭარასა თუ საქართველოს დიდქალაქებში საჩვენებელი ხის ნაკეთობების გამოფენები რესან ჟოჟაძის გარეშე წარმოუდგენელია. ამბობს, რომ ყველაზე დიდი ჯილდო 3 წლის წინ მოიპოვა - მადლობის სიგელი, რომელიც ,,ოჯახური ტრადიციების გაცოცხლებისა და პოპულარიზაციისთვის“ ქედის მერმა გადასცა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

38 წუთის წინ

42 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები