დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ხვიჩა კვარაცხელიას მაისურები გაყიდვებში მოწინავე პოზიციებზეა - „ფან შოპი"

ხვიჩა კვარაცხელიას მაისურები გაყიდვებში მოწინავე პოზიციებზეა - „ფან შოპი"

2023-03-31 00:49:55

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-დირექტორი თათა ბურდული Businesss Insider Georgia- თან ამბობს, „ფან შოპში" ყველაზე დიდი მოთხოვნა ხვიჩა კვარაცხელიას მაისურებზეა.

„ეროვნული ნაკრების საგულშემატკივრო ატრიბუტიკისა და ოფიციალური ეკიპირების  მაღაზია „ფან შოპი“, როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე მატჩის დღეს საფეხბურთო არენაზე ფუნქციონირებს და ადგილზე პროდუქციის მორგება და შეძენა ყველა გულშემატკივარს შეუძლია.

გაყიდვაშია „მაკრონის" ბრენდის ეროვნული ნაკრების ფორმა, რომლის ხარისხიც გარანტირებულია. ონლაინ შეძენისას მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენს მომხმარებლებს პროდუქცია ოპერატიულად მივაწოდოთ. გარდა ეროვნული ნაკრების ფორმისა, შესაძლებელია ნებისმიერი  წარწერის შეკვეთა, ეს მომსახურება  ფასში შედის.  

რა თქმა უნდა,  ხვიჩას მაისურებზე არის ყველაზე მეტი მოთხოვნა. თუმცა ყველას შეუძლია მაისურს თავისი გვარი დააწეროს. საინტერესოა გაყიდვების მეორე ხაზი -  ყოველდღიური მოხმარების ტანსაცმელი - ჰუდები, მაისურები, სხვადასხვა ტიპის ჟაკეტები და სხვა", - ამბობს თათა ბურდული.

ფეხბურთის ფედერაციის პრეს-დირექტორის ინფორმაციით, ეროვნული ნაკრების ტანსაცმელზე მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია. შეკვეთები მატულობს როგორც თბილისში და დიდი ქალაქებში, ასევე მზარდია შეკვეთები  რეგიონებიდან.

„საქართველოს მოსახლეობა, ვინც გულშემატკივრობს ფეხბურთსა და ეროვნულ ნაკრებს,  ჩვენი აქტიური მომხმარებელია. მაღალმთიანი რეგიონებიდან დაწყებული, უკიდურესი სამხრეთით დამთავრებული,  ყველა რეგიონსა და ქალაქში ჩვენი ეკიპირებით სარგებლობენ გულშემატკივრები. განსაკუთრებით დიდია მოთხოვნა სანაკრებო თამაშების პერიოდში.

აი, თუნდაც დღეს, ბათუმში მატჩის წინ ქალაქის ქუჩებში ბევრ ადამიანს ნახავთ, ვისაც  ,,ფან შოპში" შეძენილი ეროვნული ნაკრების მაისურები აცვია. მაქსიმალურად ვცდილობთ, ფასთან მიმართებით ხარისხიც იყოს უზრუნველყოფილი", - ამბობს თათა ბურდული Businesss Insider Georgia- თან.

რაც შეეხება ფასებს,  მაისურების ღირებულება  19-35 ლარიდან იწყება და  200-250 ლარამდეა.

2023 წლის ეროვნული ნაკრების  ოფიციალური მაისური 200 ლარი ღირს, თუმცა წინა სეზონის მაისურები ფასდაკლებით იყიდება  და მათი ფასი 150 ლარს შეადგენს.

„ფან შოპი“  3 წელია რაც ფუნქციონირებს. პროდუქცია მუდმივად სეზონების მიხედვით მუდმოვად განახლებადია, მოქმედებს  ფასდაკლებები და სხვადასხვა აქციები.

რაც შეეხება ბრენდ, „მაკრონის",  იტალიური კომპანიაა, რომელიც სპეციალიზებულია სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის წარმოებაში. საფეხბურთო კლუბების გარდა, კომპანია ფორმებს ამზადებს კალათბურთის, ფრენბურთის, ფუტსალის, ხელბურთის, რაგბისა და ბეისბოლის გუნდებისთვის.

ქართული ფეხბურთის ქომაგებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური ეკიპირებისა და საგულშემატკივრო ატრიბუტიკის შეძენა ონლაინ რეჟიმში, ვებ-გვერდზე - www.fanshop.ge  შეუძლიათ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები