დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებს მოამზადებენ

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებს მოამზადებენ

2023-04-15 00:23:00

USAID-ის მხარდაჭერით,  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) კიბერუსაფრთხოების  ახალი პროგრამა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც კიბერუსაფრთხოების მაღალი დონის სპეციალისტებს მოამზადებენ.

პროექტის განხორციელებაში უცხოელი და ქართველი პარტნიორი ორგანიზაციები  მონაწილეობენ. შეიქმნა კიბერუსაფრთხოების სამი სხვადასხვა დონის მოკლევადიანი კურსი, რომელშიც 400-ზე მეტი ახალგაზრდა შეძლებს ჩართვას.

როგორც KIU-ს კანცლერი მაგდა მაღრაძე Business Insider Georgia-თან ამბობს, პროგრამა განკუთვნილია, როგორც დამწყებთათვის, ასევე საშუალო და მაღალ დონეზე მომზადებული კადრებისთვის. მისი მიზანი კი იმ გამოწვევების და პრობლემის მოგვარებაა, რაც საქართველოში კიბერუსაფრთხოებისა და დარგის სპეციალისტების დეფიციტით არის გამოწვეული.

„ახალი პროგრამა დავიწყეთ, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, კიბერ-უსაფრთხოების მიმართულებით, სამდონიანი ტრენინგ-პროგრამა. ყველამ ვიცით, რომ კიბერ უსაფრთხოება  და სპეციალისტი დიდი გამოწვევაა დღეს ქვეყანაში და ამ პროექტით და ამ პროგრამებით გვინდა შრომის ბაზარს მივაწოდოთ მაღალი კვალიფიკაციის და  საერთაშორისო დონეზე მომზადებული კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტები. პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ  დამწყებებს, ასევე საშუალო და მაღალ დონეზე მომზადებულ კადრებს“, - ამბობს მაგდა მაღრაძე.

აღსანიშნავია, რომ ქართველ სპეციალისტებთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოღვაწეობენ ევროპელი პარტნიორები, მათ შორის, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის - მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები, მასწავლებლები და ინსტრუქტორები.

მათ გარდა, როგორც მაგდა მაღრაძე აღნიშნავს, უნივერსიტეტში საქმიანობას აგრძელებენ ესტონელი და პოლონელი სპეციალისტები და სწორედ ისინი ამზადებენ სასწავლო გეგმას და ტრენინგების მასალებს.

კიბერუსაფრთხოების პროგრამა 2023 წლის მარტში დაიწყო. მისი ხანგრძლივობა 18 თვეა, თუმცა, როგორც უნივერსიტეტის კანცლერი ამბობს, მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, პროგრამის გაგრძელება იგეგმება.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის სიახლეა მაგისტრატურის ახალი პროგრამა, რომელზეც სტუდენტების მიღება დაწყებულია.

„ახალ პროგრამას ვიწყებთ, დღეისათვის გვყავს ბაკალავრიატის 1000 სტუდენტი. დავამატეთ მაგისტრატურის საფეხური და შემოვიტანეთ მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი საინტერესო სამაგისტრო პროგრამა ფინანსები და ინფორმაციის მართვა, რომელიც გერმანიაში წლებია უკვე არის ნომერ პირველი სამაგისტრო  პროგრამა“, - აცხადებს მაგდა მაღრაძე Business Insider Georgia-თან.

USAID-სა და KIU-ს შორის პარტნიორობის მიზანია უმუშევრობის შემცირების ხელშეწყობა და  კვალიფიციური და ეკონომიკურად  კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის შექმნა კიბერუსაფრთხოების სექტორში.

წარმატებულ კურსდამთავრებულებს KIU საერთაშორისო სერტიფიცირების ვაუჩერებს დაუფინანსებს. ამ მიზნით, პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტი თანამშრომლობს აშშ-ში დაფუძნებულ ელექტრონული კომერციის კონსულტანტთა საერთაშორისო საბჭოსთან (EC-Council), რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი კიბერუსაფრთხოების ტექნიკური სერტიფიცირების ორგანიზაციაა და 145 ქვეყანაში საქმიანობს.

ცნობისთვის, აკადემიური პროგრამები მუშავდება საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით. KIU-ს პროგრამები მომზადებულია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM და TUM International) ერთად. სწავლების ძირითადი ენაა ინგლისური.

KIU-ს მიზანია ხელი შეუწყოს ინტელექტის ქვეყანაში დარჩენას და საქართველოში დააბრუნოს წარმატებული ქართველი მეცნიერები, აკადემიური და პრაქტიკული სფეროს წარმომადგენლები, KIU-ში საერთაშორისო დონის კონკურენტუნარიანი და მიმზიდველი აკადემიური და კვლევითი საქმიანობის შეთავაზებით.

უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობენ ადგილობრივი და უცხოელი პროფესორები და ლექტორები.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები