დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ლილესთან“ - კონცეპტუალური სივრცის რესტორანის ახალი ნიშა იმერეთში

„ლილესთან“ - კონცეპტუალური სივრცის რესტორანის ახალი ნიშა იმერეთში

2023-04-30 19:01:41

პანდემიისას დაწყებული საოჯახო ბარ-რესტორანი ,,ლილესთან“ დღეს იმერეთში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კონცეპტუალური სივრცეა, რომელსაც მომხმარებელი მუდმივად ჰყავს.

როგორც მისი დამფუძნებელი, ლილე მაღლაფერიძე Business Insider Georgia-თან ამბობს, რესტორანი სტუმრებს ქართულ და ევროპული სამზარეულოს კერძებს სთავაზობს და სასიამოვნო გარემოში განტვირთვას ჰპირდება.

გარდა გასტრონომიისა, „ლილესთან“ სტუმრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ღვინის დეგუსტაციაში, წიგნის კლუბსა და სხვადასხვა ღონისძიებაში, რაც სისტემატურად ეწყობა და ტურისტებში დიდ მოწონებას იწვევს.

„ორი წელია, რაც ბაზარზე ვართ. „ლილესთან“ კონცეპტუალური სივრცეა, რომელიც სტუმარს სთავაზობს არა მხოლოდ ქართულ და ევროპულ სამზარეულოს, არამედ მასტერკლასებს როგორც დიდებისთვის, ასევე პატარებისთვის. ხშირად ეწყობა ღვინის დეგუსტაციები, რასაც საკმაოდ სტაბილური სახე აქვს.

უკვე 12 დეგუსტაცია გავმართეთ. ფუნქციონირებს ასევე წიგნის კლუბი, სადაც შეხვედრებს თვეში ერთხელ მაინც ვაწყობთ და ვცდილობთ განსხვავებული გარემო შევუქმნათ ტურისტებს და ადგილობრივ აუდიტორიას. თუმცა უცხოელებს უფრო დეგუსტაციები იზიდავთ.

სულ ახლახან მოვაწყვეთ „ბაიას ღვინოს“ დეგუსტაცია, სადაც ადგილები ძირითადად ტურისტებმა დაჯავშნეს. ადგილობრივებს მეტი ინტერესი აქვთ წიგნის კლუბის მიმართ. რამდენიმე შეხვედრა ჩატარდა ლევან ბერძენიშვილთან, დავით გორგილაძესთან, ალეკო შუღლაძესთან და სხვა, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ამდენად, ადგილობრივები უფრო სალონურ შეხვედრებში არიან ჩართული, კულინარია კი ყველას იზიდავს“, - ამბობს ლილე მაღლაფერიძე.

რაც შეეხება კულინარიის მიმართულებით სიახლეს, 10 კერძი დაემატა მენიუში და ძველი რეცეპტები განახლდა.

„აქტიურად ვთანამშრომლობთ ქეთი კვიჩიძესთან, რომელიც გასტრონომიაში ძალიან კომპეტენტურია, მის მიერ მოძებნილი ძველი რეცეპტების საშუალებით განახლდა „იმერული“, ამასთან, 10 კერძი დავამატეთ მენიუში, ეს სივრცე ამ მხრივაც საინტერესოა.

რაც შეეხება ბაზარზე ნიშას, ღვინის დეგუსტაციების კუთხით ბაზარზე ქუთაისში ჯერჯერობით ანალოგი არ გვყავს. სარესტორნო ბიზნესი კი საკმაოდ კონკურენტულია, მაგრამ ყველას ჩვენ საკუთარი გამორჩეული ნიშა გვაქვს“, - ამბობს ლილე მაღლაფერიძე.

რესტორანს ძირითადად ოჯახის წევრები უძღვებიან, სადაც ყველას თავ-თავისი ფუნქცია აკისრია.

ცნობისთვის, საოჯახო ბიზნესის საწყისი საინვესტიციო ღირებულება 80 000 ლარია. 2022 წელს, წინა 2021 წელთან შედარებით, „ლილესთან“ სერვისებზე მოთხოვნა გაორმაგებულია.

ლილე მაღლაფერიძე წლევანდელ ტურისტულ სეზონზე დიდ იმედს ამყარებს.

მისი თქმით, გამოკვეთილად იგრძნობა დამსვენებლების სიმრავლე, როგორიც ბოლო 2 წლის განმავლობაში არ ყოფილა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები