დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მშენებლობის ნებართვის გაცემისას გამწვანების პროექტი სავალდებულო ხდება - მაია ბითაძე

მშენებლობის ნებართვის გაცემისას გამწვანების პროექტი სავალდებულო ხდება - მაია ბითაძე

2023-04-18 09:09:58

2024 წლიდან საქართველოში გაცემული ყველა სამშენებლო ნებართვა გამწვანების პროექტს უნდა მოიცავდეს. აქამდე ეს ვალდებულება მხოლოდ დედაქალაქზე ვრცელდებოდა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მთელი ქვეყნის მასშტაბით მშენებლობის პროცესში გამწვანების კომპონენტის სავალდებულო წესით ინტეგრირებას. 

როგორც ბითაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, ახალი ცვლილება საშუალებას იძლევა, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ქაოსური მშენებლობები დარეგულირდეს, სადაც შესაძლებელია, გამწვანება მოეწყოს და ახალი რეკრეაციული სივრცეები შეიქმნას.

„მუნიციპალიტეტები დაადგენენ იმ ხე-მცენარეთა ჩამონათვალს, რომლებიც ადეკვატურია ქვეყნის ამა თუ იმ რეგიონში. თითოეულ მუნიციპალიტეტს დავეხმარებით. კანონის ძალაში შესვლამდე ერთი წელი აქვთ მუნიციპალიტეტებს, რათა მზად იყვნენ, დენდროლოგიური პროექტი და ე.წ. გამწვანება და ხე-მცენარეთა სტანდარტები შეთანხმდეს. ვფიქრობთ, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ამ პრაქტიკის განხორციელება დროულია, თუმცა 1 წლის ვადა საკმარისია, რათა ყველა მუნიციპალიტეტისთვის დამტკიცდეს ხე-მცენარეთა ჩამონათვალი, რომელიც თითოეული რეგიონის კლიმატური პირობებზე იქნება მორგებული, ასევე მოვლის თვალსაზრისით არ იქნება ძვირადღირებული.

თბილისში აღნიშნული პროექტი 2019 წლიდან მოქმედებს და დღეს უკვე სახეზეა ბევრი გამწვანებული ახალი საცხოვრებელი კომპლექსი და ობიექტები, მათ შორის კვების ობიექტები, რომლებიც გამწვანების პროექტით არის მოწყობილი", - ამბობს მაია ბითაძე.

ამდენად, მშენებლობის ნებართვა, რომელიც 2024 წლიდან გაიცემა, სავალდებულოდ უნდა მოიცავდეს გამწვანების პროექტს ანუ ხე-მცენარეების ჩამონათვალს, მასზე მოვლის პასუხისმგებელი პირის მითითებას და ასევე მცენარეების რაოდენობას, რომელიც შეთანხმებული იქნება შესაბამისი მშენებლობის ნებართვის გამცემთან.

„დაგვჭირდება გარკვეული ტრენინგები მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის და გაიდლაინების მომზადება, რომ დამატებითი ადამიანური რესურსი არ დაიხარჯოს. საერთაშორისო პარტნიორებთან და ჩვენს ექსპერტებთან ერთად, პარლამენტის ჩართულობით მომზადდება კანონქვემდებარე აქტები, რასაც მუნიციპალიტეტები დაამტკიცებენ და ერთი წლის განმავლობაში ტრენინგების ჩატარებაშიც დავეხმარებით", - აცხადებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე.

ცნობისთვის, პარლამენტმა „სივრცითი მოწყობის შესახებ კოდექსში“ შესაბამის ცვლილებები 2023 წლის 4 აპრილს პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ცვლილებებით, განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების, აგრეთვე, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში წარდგენილ დოკუმენტებში, გამწვანების პროექტის არსებობა სავალდებულო გახდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

4 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები