დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მთავარია აიკრძალოს არარეგისტრირებული მგზავრთგადაყვანა - ავტოსადგურების ბიზნესი რეფორმის მოლოდინშია

მთავარია აიკრძალოს არარეგისტრირებული მგზავრთგადაყვანა - ავტოსადგურების ბიზნესი რეფორმის მოლოდინშია

2023-04-25 10:00:34

მთავრობამ ქვეყანაში საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეფორმა დააანონსა. ავტოსადგურების ბიზნესი რეფორმას მიესალმება და იმედი აქვს, რომ ან რეფორმის შემდეგ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის პირობები შეიქმნება

როგორც Business Insider Georgia-სთან „დიდუბის ავტოსადგურის“ ხელმძღვანელმა ნესტორ მიქატაძემ განაცხადა, ბიზნესი მზადაა რეფორმის ფარგლებში ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოს. 

„ჩვენ რეფორმას ველოდებით და ინფორმირებულები ვართ, რომ ავტოსადგურების შესახებ კანონი უნდა მიიღონ და სერტიფიცირებისთვის მზად ვართ. შევეცდებით, რომ მოთოვნები დავაკმაყოფილოთ, ოღონდ ეს უნდა იყოს ისეთი კანონი, რომელიც მთლიანად დაარეგულირებს საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანებს“, - აცხადებს ნესტორ მიქატაძე. 

რეფორმა ხომ არ გამოიწვევს არსებული რეგლამენტების გამკაცრებასა და ზოგიერთ მოთამაშეს ხომ არ მოუწევს ბაზრიდან გასვლა, ამ კითხვაზე ნესტორ მიქატაძე პასუხობს, რომ „დიდუბის ავტოსადგური“ გამოწვევებისთვის მზადაა. 

„დღესაც არსებობს ტექნიკური რეგლამენტები და გათვალისწინებულ მოთხოვნებს ვაკმაყოფილებთ. თავად ამ რეგლამენტში საკმაოდ სერიოზული მოთხოვნებია. თუ კიდევ გამკაცრდება ან დამატებითი სერვისების დანერგვა გახდება საჭირო, ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ, მაგრამ მთავარია ერთი რამ: უნდა აიკრძალოს არაკანონიერი, აღურიცხავი, არარეგისტრირებული მგზავრთგადაყვანა, რათა კანონიერ ბიზნესსთან მიმართებით, არსებობდეს ჯანსაღი კონკურენცია“, - ამბობს „დიდუბის ავტოსადგურის“ დირექტორი. 

ცხადია, რეფორმის შედეგად ბიზნესს შესაძლოა, დამატებითი ინვესტიციების განხორციელებაც მოუწიოს, რასაც საბოლოო ჯამში გადაყვანის ტარიფზე ექნება გავლენა.

თუმცა, როგორც „დიდუბის ავტოსადგურის“ დირექტორი Business Insider Georgia-სთან აცხადებს, თუ კი ბაზარი დარეგულირდება და არაკანონიერი მგზავრთგადაყვანები შეიზღუდება, მაშინ ლიცენზირებულ ავტოსადგურებს მგზავრების რაოდენობა გაეზრდებათ და ამ ფონზე გაძვირების საკითხი დღის წესრიგში არ დადგება. 

„ჩვენი მიზანი ფასების გაზრდა არ არის. ჩვენ დღეს არაჯანსაღი კონკურენციის ქვეშ ვიმყოფებით და მაინც ვინარჩუნებთ ფასებს. თუ კი მგზავრთნაკადი გაგვეზრდება, ჩვენ ფასების გაზრდის გარეშეც აუვალთ ამ ხარჯებს და განვახორციელებთ იმ რეფორმებს, რომელიც მოთხოვნილი იქნება“- განმარტავს „დიდუბის ავტოსადგურის“ დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის „დიდუბის ავტოსადგური“ დღეში 280-320 სატრანსპორტო საშუალებას ემსახურება.

წინასწარი ინფორმაციით, იგეგმება ავტოსადგურების დიფერენცირება 3 კლასად, სანებართვო საქმიანობის სახეები კი შემდეგნაირად განისაზღვრება: საავტომობილო-სამგზავრო გადაყვანა და საერთაშორისო საავტომობილო-სატვირთო გადაზიდვა. 

სამგზავრო გადაყვანების თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, დადგინდება სანებართვო პირობები, წარმოსადგენი დამატებითი დოკუმენტების ნუსხა, მოქმედების ვადები, როგორც ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, ისე საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის შემთხვევაში. 

შეგახსენებთ, რომ მთავრობის ეკონომიკურ საბჭოს სხდომის მონაწილეებმა საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეფორმა განიხილეს, რომლის ფარგლებშიც მოხდება ავტოსადგურებისა და მგზავრთა გადამყვანი ოპერატორების სერტიფიცირება.

რეფორმის შედეგად მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდება, ამაღლდება უსაფრთხოების დონე.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები