დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ორბი ჯგუფი“ ბახმაროში ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას იწყებს

„ორბი ჯგუფი“ ბახმაროში ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას იწყებს

2023-04-06 12:30:46

„ორბი ჯგუფი“ ბახმაროში ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას მაისიდან დაიწყებს, რადგანაც პროექტირების ეტაპი ჯერ არ დაუსრულებია.

შპს „ორბი ჯგუფი ბახმარომ“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 43 269 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 2019 წლის მაისში სიმბოლურ ფასად, 1 ლარად იყიდა.

ქონება „ორბი ჯგუფმა“ გარკვეული ვალდებულებების სანაცვლოდ შეიძინა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან 2019 წლის 17 ივლისს ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა.

თუმცა ამის შემდეგ კომპანია ცდილობს ახლომდებარე მიწის ნაკვეთები იყიდოს და საპროექტო ტერიტორია გააფართოოს.

ამ მიზნით კი  კომპანიამ 3 აპრილს გამართულ აუქციონზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში მდებარე 200.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რაშიც 81000 ლარი უნდა გადაიხადოს.

როგორც Business Insider Georgia-ს კომპანიის იურისტმა განუცხადა, „ორბი ჯგუფი ბახმარო“ ძირითადად უპირობო აუქციონებში მონაწილეობითაა დაკავებული.

როგორც ცნობილია კლიმატური პირობების გამო ბახმაროში წლის განმავლობაში მშენებლობის ვადები შეზღუდულია, თუმცა კომპანიაში მიაჩნიათ, რომ არსებული კლიმატის გათვალისწინებით მაისიდან  სამშენებლო სამუშაოებს მაისიდან აუცილებლად დაიწყებენ.

კომპანიასა და სახელმწიფოს შორის 2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ინვესტორი ვალდებულია გადაცემულ მიწის ნაკვეთზე პირადად ან მესამე პირის მეშვეობით ხელშეკრულების გაფორმებიდან მაქსიმუმ 60 თვეში უზრუნველყოს მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა, რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) მინიმუმ 120 ნომრის მქონე სასტუმრო(ებ)ს, კომერციული დანიშნულების ფართ(ებ)ს, კვების ობიექტ(ებ)ს; სპორტულ მოედანს/მოედნებს, ქონების ან მისი ნაწილის შემოღობვას, გამწვანებას, გარე განათებას.

პროექტის დასრულება არსებული კონტრაქტის თანახმად კომპანიამ 60 თვეში უნდა უზრუნველყოს, რომელიც 2024 წლის შუა რიცხვებში ეწურება, თუმცა კომპანიაში აღნიშნული ვადების გადაწევაც არ გამორიცხავენ.
საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით ინვესტორმა არანაკლებ 50 მლნ ლარის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

აღსანიშნავია, რომ „ორბი ჯგუფის“ შვილობილმა „ორბი ჯგუფი ბახმარომ“ აუქციონზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში მდებარე 545.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2023 წლის იანვარშიც შეიძინა. მაშინ კომპანიამ უპირობო აუქციონზე 545.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეიძინა, რაშიც 217 000 ლარი გადაიხადა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები