დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პარიზის შემდეგ, შანხაის გამოფენისკენ ავიღებთ გეზს - ნინა ზარქუა

პარიზის შემდეგ, შანხაის გამოფენისკენ ავიღებთ გეზს - ნინა ზარქუა

2023-03-09 21:18:44

ქართველი დიზაინერი ნინა ზარქუა გლობალურ ბაზრებზე საქმიანობას წარმატებით განაგრძობს. ბრენდი Nina Zarqua Collection  საერთაშორისო გამოფენებსა და შოურუმებში ინტენსიურად მონაწილეობს.

ზარქუას კოლექცია  წარმოდგენილია პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც დღეს დასრულდება. როგორც დიზაინერი Business Insider Georgia-თან ამბობს, წელს ექსპორტზე საკუთარი კოლექციის სოლიდურ ზრდას ელის.

„სულ ახლახან დავამთავრეთ მუშაობა შემოდგომა-ზამთრის 2023-2024 წლების კოლექციაზე და გავაგზავნეთ პარიზში შოურუმზე, სადაც ჩვენი ბრენდი წარმატებით მონაწილეობს. შოურუმი დღეს, 8 მარტს დასრულდება, რის შემდეგაც ბაიერებისგან შეკვეთების მკვეთრ ზრდას ველოდებით, ამის შემდეგ ჩვენი კოლექცია  წავა შოურუმზე ჩინეთში, შანხაიში და მერე უკვე ბაიერებისგან აქტიურ შემოთავაზებებს ველით. როგორც ყოველთვის 1-1,5 თვე აქვთ ბაიერებს, მოიფიქრონ და გადაწყვიტონ, რომელი კოლექციიდან გააკეთებენ არჩევანს, შესაბამისად,  შეკვეთები გადმოგვეცემა. ჩვენმა ნაწარმი პარიზში და სხვა გლობალურ გამოფენებზეც საკამოდ წარმატებით   წარსდგა, შეკვეთებზეც დიდ იმედს ვამყარებთ. პარიზის შემდეგ უკვე ჩინეთში, შანხაის გამოფენისკენ ავიღებთ გეზს. საკმაოდ აქტიური და გამოწვევებით სავსე პერიოდის გველის“, - ამბობს ნინა ზარქუა Business Insider Georgia-თან.

როგორც ცნობილია, ქართველ დიზაინერებს გლობალურ გამოფენებში მონაწილეობისთვის დიდ დახმარებას უწევს სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში“, რომელიც ეხმარება მათ  მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში გამართულ მოდის ჩვენებებში მიიღონ მონაწილეობა და ქართული ბრენდების მეტი პოპულარიზაცია მოახდინონ.

თუმცა Nina Zarqua Collection -ის შესაძლებლობა ამ მხრივ გაცილებით დიდია, ვინაიდან მთლიანად საზღვარგარეთ ასპარეზობს და საქართველოში დამზადებული პროდუქციის ქვეყნის გარეთ გატანით ქართული წარმოების ცნობადობის ზრდას და პოპულარიზაციას  ემსახურება.

„აწარმოე საქართველო“ ქართული მოდის ინდუსტრიას და ზოგადად ქართველ დიზაინერებს წელებია, გვეხმარება. მისი თანადგომით ბევრ კარგს საქმეს ვაკეთებთ საქართველოში თუ ქვეყნის გარეთ. საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობისთვის ვსარგებლობთ თანადაფინანსების კომპონენტით, რაც დიზაინერებისთვის დიდი მხარდაჭერაა. ჩვენ ძირითადად პროდუქციას ვაწარმოებთ საქართველოში და უცხოეთში ვყიდით და საკმაოდ წარმატებულადაც, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ნაწარმი საქართველოსთან შედარებით, საზღვარგარეთ ბევრად მოთხოვნადია, რასაც მაღალი ფასი განაპირობებს“, - ამბობს ნინა ზარქუა.

რაც შეეხება ფასებს, დიზაინერის ინფორმაციით, უცხოურ ბაზრებზე Nina Zarqua Collection -ის ნაწარმის ღირებულება საშუალოდ 400 ევროდან 700-900 ევრომდე მერყეობს.

„ფასს განსაზღვრავს ხარისხი და შესრულებული სამუშაოს სირთულე.  ყველაფერი არის ხელნაკეთი, ვიყენებთ სვაროვსკის თვლებს, რაც საბოლოო ჯამში ძალიან დიდ შრომას მოითხოვს, ამიტომ ფასიც შესაბამისია ხარისხთან“, - დასძენს ნინა ზარქუა Business Insider Georgia-თან.

ცნობისთვის, დიზაინერ ნინა ზარქუას ბრენდი 2016 წელს შეიქმნა. დიზაინერი ქმნის არა მხოლოდ ფეხსაცმელს, არამედ სამკაულებს, ჩანთებსა და მაისურებს.

ქართული ბრენდი წარმატებულია აზიისა და ევროპის ქვეყნებში, აშშ-ში, ინგლისში და სხვა ქვეყნების ბაზრებზე.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები