დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პარლამენტი „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“კანონში ცვლილებებზე იმსჯელებს

პარლამენტი „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“კანონში ცვლილებებზე იმსჯელებს

2023-04-25 09:20:10

საკანონმდებლო ორგანო „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე იწყებს მსჯელობას. 

კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სისტემის განვითარების ხელშეწყობას. 

გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემისა და ზოგადად, ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარება საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც, ასევე, წარმოადგენს „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) მნიშვნელოვან საკითხს.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, გეოგრაფიული აღნიშვნები ეფექტური ინსტრუმენტია, რომელიც ემსახურება ბუნებრივ პირობებთან და ტრადიციებთან დაკავშირებული ადგილობრივი, განსაკუთრებული საქონლის კონკურენტუნარიანობისა და ცნობადობის ზრდას. ამასთან, საერთაშორისო შეთანხმებებში განხორციელებული ცვლილებებისა და ევროკავშირში მოქმედი რეგულაციების გათვალისწინებით და, ასევე, ევროკავშირის გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის საუკეთესო პრაქტიკასთან დაახლოების მიზნით, აუცილებელია შესაბამისი ცვლილებების განხორციელება და კანონპროექტის მიღება, რაც კიდევ უფრო მეტად გახდის შესაძლებელს ქართული პროდუქტების დაცვასა და პოპულარიზაციას ქვეყნის საზღვრებს გარეთ.

„საქართველო სხვადასხვა უნიკალური, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების მდიდარი ტრადიციების მქონე ქვეყანაა, გამოირჩევა მრავალფეროვანი აგროკლიმატური პირობებით, რაც იძლევა განსხვავებული და განსაკუთრებული ხარისხის სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების საშუალებას. საქართველო მდიდარია კულინარიული ტრადიციებით, რომლებიც განსხვავებულია რეგიონების მიხედვით და თითოეული მხარისათვის დამახასიათებელი, ერთმანეთისგან განსხვავებული კერძებით/პროდუქტებით გამოირჩევა. საქართველო ვაზისა და ხორბლის წარმოშობის ქვეყანაა.

ქართული ღვინოები ცნობილია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მათი ექსპორტის მოცულობა, რომელიც ამჟამად 60-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს, სულ უფრო მზარდია. ქართული ხორბალი, ქერი და ფეტვნაირი კულტურები ადასტურებს საქართველოს უნიკალურ პრეისტორიულ კულტურას. მიწათმოქმედების პირველი ნიმუშები საქართველოს ტერიტორიაზე თარიღდება მეზოლითის პერიოდით. ნეოლითისა და ენეოლითის პერიოდებში საქართველოში უკვე ითესებოდა ხორბალი. მსოფლიოში გავრცელებული ხორბლის 27 სახეობიდან, საქართველოში გვხვდება და აღწერილია 14 სახეობა, მათ შორის 5 ენდემური, სახეობაა. საქართველოს რეგიონებში გავრცელებული პურის ცხობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია და სხვადასხვა მეთოდი კი ამ ისტორიის ლოგიკურ გაგრძელებაა.

საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის და უფრო გვიანდელი პერიოდის სხვა არტეფაქტები, საქართველოს ტერიტორიაზე რძის პროდუქტების ხანგრძლივ წარმოებას ადასტურებს. ყველის გემოსა და ტექნოლოგიას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს გეოგრაფიული მდებარეობა და კლიმატური პირობები. ყველს აძველებდნენ, ავარგებდნენ რამდენიმე ძირითადი საჭიროების გამო, მაგრამ ამ პროცესში იკვეთებოდა იმ კონკრეტული კუთხისათვის დამახასიათებელი გემოვნური მახასიათებლებიც. საქართველოს კუთხეებში სწორედ ამ განსხვავებული გემოვნებისა და ტექნოლოგიის არსებობის დამსახურებით სხვადასხვა სახეობის, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ყველის სახეობებს ვხვდებით. პოპულარულ ქართულ პროდუქტებს, აგრეთვე, მიეკუთვნება: მინერალური წყალი, ჩაი, ხილი, ბოსტნეული, და სხვა.

1999 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც შემუშავებულ იქნა ევროკავშირის იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ კანონის მოქმედი რედაქცია ვეღარ პასუხობს დღეს არსებულ გამოწვევებს, რაც აფერხებს და, ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელს ხდის გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარებას, იმის გათვალისწინებით, რომ ამ წლების მანძილზე გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემა კიდევ უფრო განვითარდა და ამ ნიშნით დაცული პროდუქტის წარმოებისა და აღიარების სტანდარტი დაიხვეწა საერთაშორისო დონეზე“, - აღნიშნულია განმარტებით ბარაში.

კანონპროექტის შესაბამისად, შეიქმნება ისეთი ადმინისტრაციული და ინსტიტუციური მექანიზმი, რაც ხელს შეუწყობს სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებასა და უფლებების აღსრულებას. პროექტით სრულიად ახლებურად რეგულირდება ექსპერტიზისა და რეგისტრაციის პროცედურასთან დაკავშირებული საკითხები. ინერგება სერტიფიცირების და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ახლებური მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც შემოწმდება საქონლის მახასიათებლების შესაბამისობა განსაზღვრულ სპეციფიკაციებთან. სპეციფიკაციები მწარმოებლების მიერ კონკრეტული საქონლისთვის შემუშავებული ნებაყოფლობითი სტანდარტებია, რომლებიც მტკიცდება კომპეტენტური უწყების მიერ, სავალდებულოა შესასრულებლად და წარმოადგენს განაცხადის ძირითად შემადგენელ ნაწილს. კანონპროექტით დაიხვეწება და ევროკავშირის კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მოვა, სპეციფიკაციების მიღებისა და დამტკიცების როგორც ფორმალური, ასევე შინაარსობრივი საკითხები.

პროექტის შემუშავებისას გამოყენებულ იქნა ევროკავშირის, იტალიისა და საფრანგეთის საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება გეოგრაფიული აღნიშვნების ფორმირების და განვითარების, ასევე მათი გამოყენებისა და კონტროლის მიმართულებით. საფრანგეთის რესპუბლიკის წარმოშობისა და ხარისხის ეროვნული ინსტიტუტის (INAO) მაგალითზე, ფრანგი ექსპერტების მიერ გაზიარებული საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, იქმნება სპეციალური ორგანო – ადგილწარმოშობის დასახელების და გეოგრაფიული აღნიშვნის განაცხადის განმხილველი ეროვნული კომისია, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. აღსანიშნავია, რომ INAO საფრანგეთის რესპუბლიკაში წარმატებით ახორციელებს გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციას ეროვნული კომიტეტის საშუალებით.

პროექტი ითვალისწინებს, აგრეთვე, მწარმოებელთა ან/და სხვა პირთა გაერთიანებების როლის ზრდას გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემაში. გაერთიანება, რომლის შემადგენლობაში შედიან მწარმოებლები, გადამამუშავებლები, თავის მხრივ, უზრუნველყოფს საქონლის ხარისხის შენარჩუნებასა და მის პოპულარიზაციას.

წარმოდგენილი კანონპროექტით ძალადაკარგულად ცხადდება მოქმედი კანონი „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონი (საქართველოს მაცნე №25(32), 1999 წელი, მუხ. 126) და არსებითად იცვლება და ახლებურად რეგულირდება გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემა. წარმოდგენილი კანონპროექტი შედგება რვა თავისა და 31 მუხლისგან.

ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილებით. რომლის შესაბამისად, ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის განაცხადზე ექსპერტიზის საფასურია - 40 აშშ დოლარი, გამოქვეყნების, რეგისტრაციისა და მოწმობის გაცემის - 20 აშშ დოლარი, რეესტრში ცვლილებების შეტანის - 30 აშშ დოლარი, რეესტრიდან დამოწმებული ამონაწერის გაცემის - 30 აშშ დოლარი.

წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შემდგომ დაზუსტდება ზემოაღნიშნული საფასურები, ვინაიდან ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ექსპერტიზის, აგრეთვე, სპეციფიკაციებში ცვლილებების შეტანის პროცესი ხდება კომპლექსური, მოიცავს სხვადასხვა საფეხურს, მათ შორის ეროვნული კომისიის მიერ განაცხადის შესწავლას და შესაბამისად, დღის წესრიგში დადგება საფასურების გადახედვის საკითხი და მოსალოდნელია მათი ცვლილება.

გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს რიგ ცვლილებებს ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის პროცესში, შესაძლებელია დადგინდეს ახალი საფასურები, მათ შორის, საქპატენტის სააპელაციო პალატაში ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის პროცესში საქპატენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების საფასური, აგრეთვე, საქპატენტის, როგორც წარმოშობის უწყებისთვის გათვალისწინებული საფასური, როდესაც განმცხადებელი რეგისტრაციის მიზნით იყენებს საერთაშორისო (ლისაბონის) სისტემას და სხვა.

ყოველივე აღნიშნული კი, გავლენას იქონიებს სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე და ამ გადასახადების ცვლილების ან დადგენის მიზნით შესწავლილი და გათვალისწინებული იქნება, როგორც საერთაშორისო, აგრეთვე რეგიონის ქვეყნების პრაქტიკა. შემოსავლის ჯამური ოდენობის გამოთვლა დამოკიდებული იქნება საფასურის ოდენობის ცვლილებაზე, განაცხადებისა და მათში ცვლილებების, ასევე სააპელაციო საჩივრების ოდენობაზე.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები