დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პირველი ქართული ეკომეგობრული კომპანია „ტენე“ ნარჩენების სანაცვლოდ ქულებს არიგებს

პირველი ქართული ეკომეგობრული კომპანია „ტენე“ ნარჩენების სანაცვლოდ ქულებს არიგებს

2023-03-09 11:35:00

სოციალური საწარმო ,,ტენე" ნარჩენების მართვისა და გარემოზე მავნე ზემოქმედების რისკის შემცირების მიზნით მოსახლეობას ნარჩენების სანაცვლოდ ქულებს სთავაზობს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი სანდრო ლილუაშვილი გვიხსნის, პროცედურა მარტივია: მოქალაქეები აგროვებენ პლასტმასის ბოთლებს, თავსახურებს და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენს, რასაც ქულებში ცვლიან.

ამ ქულებით მათ „ტენეს“ მაღაზიაში სასურველი ნივთის შეძენა ან ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ. თითო ქულა 1 ლარს უდრის.

,,საქართველოში ნარჩენების მართვის კუთხით ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება ჯეროვნად ვერ ხდება. ვერც მუნიციპალიტეტები იჩენენ დიდ აქტიურობას, რის ფონზეც ქვეყნის ეკოსისტემა ზიანდება. ასეთ დროს დიდი  როლი აკისრია ბიზნესსა და  მოქალაქეებს, რომელთა ერთობლივი ჩართულობით რისკების მინიმიზაცია შესაძლებელია.

ამიტომ მაქსიმალურად ვცადეთ, ნარჩენების მართვას მიეღო წამახალისებელი აქციის სახე, რამაც გაამართლა. მოსახლეობას ვთავაზობთ, რომ არ გადაყარონ საყოფაცხოვრებო მყარი ნარჩენი, არამედ მოგვიტანონ და ჩვენ ჩაგვაბარონ, რის სანაცვლოდაც ვურიცხავთ ქულებს. აქვთ ვირტუალური პირადი ოთახი, სადაც შეიძლება  შევიდნენ, ნახოთ რამდენი ქულა  აქვთ დარიცხული და ონლაინ დაათვალიერონ, რა პროდუქტების შეძენას შეძლებენ დაგროვილი ქულებით. შეიძლება, სრულად ვერ ახერხებენ პროდუქტების ყიდვას, მაგრამ მნიშვნელოვან ფასდაკლებას იღებენ.

ჯერჯერობით პროდუქციის ყიდვა ჩვენსავე მაღაზიაშია შესაძლებელი თუმცა სამომავლოდ პარტნიორ კომპანიებსაც დავამატებთ", - ამბობს სანდრო ლილუაშვილი Business Insider Georgia-თან.

„ტენეს“ საწარმოში მოხვედრით ნარჩენები ახალ სიცოცხლეს იძენენ და USB კაბელები იწარმოება.

მალე ჩაეშვება ახალი პროექტი- წყლის დისპენსერის ჭიქების კოლექტორი, რის საშუალებითაც მილიონობით პლასტმასის ჭიქა აღარ მოხვდება გარემოში.

ცნობისთვის, „ტენე“ წლის სოციალური საწარმო 2022-ის ფინალისტია. „ტენეს“ ქარხანა წეროვანის დევნილთა დასახლებაში მდებარეობს და იძულებით გადაადგილებული პირების დასაქმება კომპანიის  დამატებითი სოციალური პასუხისმგებლობაა.

საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებული. ,,ტენე"  2021 წელს დაფუძნდა.  განხორციელებული ინვესტიცია 150 ათასი დოლარს შეადგენს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები