დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პრეზიდენტი: ეს კანონი გასაუქმებელია, რა ფორმითაც გინდათ.  ვინც ამ კანონს მხარი დაუჭირა, არღვევს კონსტიტუციას, გვაშორებს ევროპისგან

პრეზიდენტი: ეს კანონი გასაუქმებელია, რა ფორმითაც გინდათ. ვინც ამ კანონს მხარი დაუჭირა, არღვევს კონსტიტუციას, გვაშორებს ევროპისგან

2023-03-07 23:48:58

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბუშვილი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ დღეს პირველი მოსმენით მიღებული კანონი უნდა გაუქმდეს და არც ვენეციის კომისიაში არ უნდა გაიგზავნოს.

„მოგმართავთ თქვენ, ვინც ამ საღამოს დგახართ რუსთაველზე, როგორც არაერთხელ ვიდექი მე თვითონაც. მე ვდგავარ აქ, ნიუ იორკში და ჩემ უკან არის თავისუფლების ქანდაკება. ეს ის სიმბოლოა, რისთვისაც საქართველო მუდამ იბრძოდა და რისთვისაც დღემდე მოვედით. მე ვარ თქვენ გვერდით, რადგან დღეს თქვენ წარმოადგენთ თავისუფალ საქართველოს!

ის საქართველო, რომელიც თავის მომავალს  ხედავს ევროპაში და არავის მისცემს უფლებას, წაართვან ეს მომავალი. ეს მომავალი ეკუთვნის ჩვენს მომავალ თაობებს, ყველას!

ეს მომავალი არის ის, რომელსაც ამზადებდნენ ჩვენი წინა თაობები და რომელსაც ვამზადებდით ჩვენც. ამიტომ არავის აქვს უფლება, წაგართვათ თქვენ თქვენი მომავალი. არავის აქვს უფლება, დააგოს მახეები. ეს კანონი, რომელიც არავის სჭირდებოდა და რომელიც არსაიდან მოდის, თუ არა რაღაც მოსკოვის კარნახით, გასაუქმებელია რა ფორმითაც გინდათ, არანაირად არ არის გასაგზავნი ვენეციის კომისიაში, ვენეციის კომისიამ ძალიან კარგად იცის რა ტიპის კანონია ეს.

მე პირველივე დღიდან ვთქვი, რომ ამ კანონს ვეტოს დავადებდი და დავადებ ვეტოს! არ მაინტერესებს მისი მუხლობრივი განხილვა, არ მაინტერესებს მისი მსგავსება რაღაც ძველ ამერიკულ კანონთან, რომელიც ძალიან კარგად ვიცით, რომ სულ სხვა რამეს ემსახურება. მე მაინტერესებს მხოლოდ საქართველოს მომავალი. მე მაინტერესებს მხოლოდ ის კონსტიტუცია, რომლის გარანტიც ვარ და ამ კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს ყველა ინსტიტუტი და პირველ რიგში, მე, მაგრამ ასევე, მთავრობა, ხელისუფლება ვალდებულია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ეს ქვეყანა მივიყვანოთ ევროკავშირამდე, რომ ევროინტეგრაციის გზა დაცული იყოს. და დღეს, ვინც ამ კანონს მხარს უჭერს, ყველა ის, ვინც დღეს ამ კანონს ხმა მისცა, ყველა არღვევს ამ კონსტიტუციას. ყველა გვაშორებს ევროპას.

მივმართავ ჩვენს ელჩებს უცხოეთში, ვინც საქართველოს წარმოადგენენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ან აქ, ამერიკაში: ჩვენ რას ვიცავთ, ან თქვენ რას წარმოადგენთ თუ არა ამ ევროპულ მომავალს?!

ჩვენ ყველა ერთად: თქვენ, ახალგაზრდები, ვინც თბილისში ხართ, მე, როცა აქ ვაწარმოებ მოლაპარაკებებს [და მექნება ძალიან მნიშვენელოვანი შეხვედრები, ან გაეროს ტრიბუნიდან, როცა იგივეს ვამბობ] და ვამბობთ, რომ არ გვინდა ის კანონი, რომელიც უაზროა, მისი აზრი სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ ჩამოგვაშოროს ევროპას. ჩვენ ყველანი ერთად ვართ დღეს, ერთად ვიქნებით ხვალ და გავიყვანთ ამ ქვეყანას ევროპაში. ამის პირობას გაძლევთ მე თქვენ, რადგან ეს პირობა მე ჩემს თავს დავუდე, დიდი ხნის წინ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს", რომელსაც ხმა 76-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო წინააღმდეგ 13 წავიდა.

მოქალაქეები პარლამენტთან ამ ფაქტს აქციაზე აპროტესტებენ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები