დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პროფკავშირები „ვოლტის“ კურიერებს მხარს უჭერს

პროფკავშირები „ვოლტის“ კურიერებს მხარს უჭერს

2023-05-02 13:03:14

 

1-ელ მაისს, მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღესთან დაკავშირებით ,,გაერთიანებულმა პროფკავშირების" მიერ 2 მთავარი საკითხი - მინიმალური ხელფასის მოთხოვნა და პროგრესული გადასახადების დაწესება გამოიკვეთა.

მშრომელთა სოლიდარობის დღეს ორგანიზაციამ „ვოლტის" კურიერებსა და იმ ათასობით დასაქმებული ადამიანებს მხარდაჭერით აღნიშნა და კიდევ ერთხელ შეახსენა ხელისუფლებას ის პირობები, რამაც ქვეყანაში ღირსეული დასაქმება უნდა უზრუნველყოს.

შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით „გაერთიანებული პროფკავშირების" თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში 131 000 ადამიანს 500 ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს. 12 000 ადამიანზე მეტი დასაქმებული 100 ლარზე ნაკლებს, საშუალოდ 55 ლარს იღებს. ეს მაშინ, როდესაც 286 ადამიანს აქვს 100 000 ლარზე მეტი ხელფასი, საშუალოდ 500 000 ლარზე მეტი.

როგორც ირაკლი პეტრიაშვილმა 1-ელ მაისისადმი მიძღვნილ მშრომელთა სოლიდარობის აქციაზე განაცხადა, ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, მინიმალური ხელფასის ოდენობა საშუალო ხელფასის 40%-ს გაუტოლდეს და 636 ლარით განისაზღვროს.

,,ვიცით, ვოლტის" დასაქმებულები დღეს რა პრობლემის წინაშე არიან. ასევე მაღაროელები, მეტალურგები, ექიმები და სხვა, რომელთა შრომის ანაზღაურების პირობები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. წლევანდელ წელს ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ ვიქნებით სოლიდარული იმ 131 000 ადამიანის მიმართ, რომელსაც რეალურ საარსებო მინიმუმზე ნაკლები ხელფასი აქვს. ეს იმ ფონზე, როდესაც წლევანდელი შემოსავლების (პროფკავშირების არა) სამსახურის მონაცემით , 286 ადამიანს აქვს 100 000 ლარზე მეტი ხელფასი.

საშუალოდ 500 000 ლარზე მეტს იღებენ და ამ ადამიანების შრომითი უფლებების დასაცავად სახელმწიფო არაფერს აკეთებს. 12 000 ადამიანზე მეტს ხელფასი 100 ლარზე ნაკლები აქვს და საშუალოდ იღებენ 55 ლარს, ეს სამარცხვინოა! ასეთი მძიმე სტატისტიკის ფონზე ადვილად წარმოსადგენია, როგორ ღრმავდება უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის. ასეთ მდგომარეობაში ძნელია, გადააფიქრებინო ადამიანს არ წავიდეს ემიგრაციაში, როცა ოჯახს შიმშილით სიკვდილი ემუქრება. ასე გაგრძელდება მუდამ, სანამ ქვეყანაში არ იქმნება ნორმალური სისტემა და არ შეიცვლება მიდგომა მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა შეადგენდეს 636 ლარს, რაც საშუალო ხელფასის 40%-ია", - აღნიშნა ირაკლი პეტრიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ თბილისში გამართულ მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის აქციაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იმყოფებოდა 30-მდე უცხოელი, რომელიც თბილისს ,,Labourstart”-ის 2023 წლის სოლიდარობის კონფერენციის ფარგლებში სტუმრობდა.

ღონისძიება 28-30 აპრილს ჩატარდა და მასში 70-მდე ქვეყნის პროფკავშირის ლიდერები და წევრები მონაწილეობდნენ. ღონისძიება მიეძღვნა იმ შედეგებსა და გამოწვევებს, რომელიც დასაქმებულ ადამიანებსა და პროფკავშირებს აქვთ მსოფლიოს მასშტაბით.

ცნობისთვის, „Labourstart”- ი დასაქმებულთა მოძრაობის სოლიდარობის, ახალი ამბებისა და კამპანიების მუდმივმოქმედი ონლაინ პლატფორმაა. პლატფორმა ეხმარება პროფკავშირებისა და სოციალური მოძრაობის აქტივისტების ფართო ქსელს, რათა დაიცვან მშრომელთა უფლებები და მხარი დაუჭირონ მშრომელთა ბრძოლას საერთაშორისო სოლიდარობის საშუალებით. აღნიშნული კონფერენცია სწორედ მოძრაობის გაძლიერებას ემსახურება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები