დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყვავილების ფასი გაორმაგდა. ბიზნესი მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული - Camellia Flowers

ყვავილების ფასი გაორმაგდა. ბიზნესი მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული - Camellia Flowers

2023-03-08 13:00:03

მეწარმეების დიდი ძალისხმევის მიუხედავად, საქართველოში ყვავილების ბიზნესი ნაკლებად ტრენდულია. ამას განაპირობებს ის ფაქტიც, რომ ადგილზე ყვავილები თითქმის არ იწარმოება და ბიზნესი მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული.

როგორც ყვავილების არტ სალონ „კამელიას“ მენეჯერი მანანა კონდრატიევა Business Insider Georgia- თან ამბობს, წინა წელთან შედარებით, მიმდინარე პერიოდში ყვავილების ფასი თითქმის გაორმაგებულია, თუმცა რეალიზაცია სტაბილურად შენარჩუნდა.

„ლოგისტიკა ძალიან ძვირია, ძირითადად იმპორტზე ვართ დამოკიდებული, ქართული ყვავილები ფაქტობრივად არ არის ბაზარზე. ფასები თითქმის გაორმაგდა. ბაზარზე 9 წელია ვოპერირებთ. გვყავს ერთგული მომხმარებელი, რომელიც მოგვყვება, ეს გვაძლებინებს. შესაბამისად, გაყიდვების მაჩვენებელსაც ვინარჩუნებთ. გაძვირების მიუხედავად, რეალიზაცია არ შემცირებულა, თუმცა არც ზრდა ფიქსირდება.

ჩვენი ბაზრისთვის ყვავილების სათბურების სიმცირე დიდი პრობლემაა. ცოტა ხანში ტიტები შემოვა ალბათ, სხვა ყვავილები ფაქტობრივად არ არის", - ამბობს ყვავილების სალონის მენეჯერი.

რაც შეეხება ფასს, მანანა კონდრატიევას თქმით, ადგილზე ხდება თაიგულების აწყობა ტოტების ღირებულების შესაბამისად - თითო ტოტის ფასი 7-14 ლარის ფარგლებშია, ხოლო თაიგულების ფასი საშუალოდ 30 ლარიდან იწყება და 200 ლარს აჭარბებს.

ის, რომ საქართველოში ყვავილების ბიზნესი ტრენდული არ არის, საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს კომპანია „ოპ-არტის" დამფუძნებელი, ბიზნესმენი პაატა რაჭველიშვილი.

„გარდაბანში ყვავილების ბიზნესი 2018-2019 წლებში წამოვიწყე. მალე პანდემიაც წამოგვეწია და რეალიზაცია საერთოდ გაჩერდა. რასაც ვაკვირდები, დიდი მოთხოვნა არც შემდგომ პერიოდში შეიმჩნევა. ამიტომ დროულად მივიღე ზომები და სტრატეგია შევცვალე - ყვავილები 100%-ით ჩავანაცვლეთ ბოსტნეულით. ყვავილებს ახლა მხოლოდ ინტერიერის გალამაზების ფუნქცია მივანიჭეთ. ალბათ, ეს დროც დაბრუნდება, მაგრამ ჯერჯერობით ყვავილების ბიზნესი საქართველოში ნაკლებად მომგებიანია", - ამბობს ბიზნესმენი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ყვავილების იმპორტი მკვეთრად გაზიარდა. 2022 წელს ქვეყანაში 1 203 ტონა ყვავილები და მათი კოკრებია შემოსული, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. იმპორტში პირველ ადგილს სომხეთი იკავებს. ხუთეულს ავსებენ: ეკვადორი, ნიდერლანდები, თურქეთი და კენია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები