დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა გაფრთხილება მიიღეს ECMT მრავალმხრივი ნებართვების მფლობელებმა

რა გაფრთხილება მიიღეს ECMT მრავალმხრივი ნებართვების მფლობელებმა

2023-03-31 18:15:09

ECMT (ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის კვოტის სისტემა) მრავალმხრივი ნებართვების მფლობელების ნაწილი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში წარადგენილ სააღრიცხვო წიგნში შევსებისას გარკვეულ ხარვეზებს უშვებენ, რამაც სამომავლოდ  შესაძლოა მათ რეიტინგზე იქონიოს გავლენა.

სწორედ აღნიშნული ხარვეზების პრევენციისთვის, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მენეჯმენტი  ECMT მრავალმხრივი ნებართვების მფლობელ გადამზიდველთა სატრანსპორტო მენეჯერებს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელსაც კერძო სექტორის 100-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, სააგენტოს მიერ წინასწარი ანალიზის საფუძველზე დამუშავებული ინფორმაცია და გადამზიდველების მხრიდან სააგენტოში წარმოდგენილ სააღრიცხვო წიგნის შევსებულ ფურცლებში ხშირად დაფიქსირებული ECMT საერთო წესებით დადგენილი მოთხოვნების ტიპიური დარღვევების და სხვა უზუსტობების შესახებ, ფაქტობრივი მასალა მიაწოდეს, 

საინფორმაციო შეხვედრა პრევენციულ ხასიათს ატარებდა, სადაც გადამზიდველებს განემარტათ, თუ ხსენებული დარღვევების შემდგომში გამეორება რა გავლენას იქონიებს მათ რეიტინგზე, შესაბამისად, ECMT კვოტების განაწილებაზე და ამასთან დაკავშირებულ მათ შემდგომ საქმიანობაზე, სააგენტოს მხრიდან გაიცა შესაბამისი რეკომენდაციებიც.

როგორც სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, ECMT მრავალმხრივი ნებართვების მფლობელ გადამზიდველთა სატრანსპორტო მენეჯერებთან შემდგომი საინფორმაციო შეხვედრის გამართვა იგეგმება ბათუმშიც.

აღსანიშნავია, რომ სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 5 აპრილის №04/ნ ბრძანებით დამტკიცებული ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვის გაცემის წესის შესაბამისად: 2023 და 2024 წლებისთვის განკუთვნილი კვოტის 2/3 განაწილდა „EURO VI უსაფრთხო“ კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, ხოლო ამავე კვოტის 1/3 – „EURO V უსაფრთხო“ კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე.

2023 წლისთვის განკუთვნილი ECMT ნებართვა იტალიის და საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე გაიცა „EURO V უსაფრთხო“, „EURO VI უსაფრთხო“ კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის;

2023 წლისთვის განკუთვნილი ECMT ნებართვა ავსტრიის და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე გაიცა მხოლოდ არანაკლებ „EURO VI უსაფრთხო“ კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის; ზოგადად ნებართვა გაიცა საქართველოში რეგისტრირებულ გადამზიდველზე, რომელსაც გააჩნია საკუთრებაში და/ან ლიზინგის ვალდებულებითი სამართლებრივი ფორმით საქართველოში რეგისტრირებული (გარდა დროებითი რეგისტრაციისა) „EURO V უსაფრთხო“ ან „EURO VI უსაფრთხო“ კატეგორიის არანაკლებ 5 ავტოსატრანსპორტო საშუალება.

თუ მეწარმის მხრიდან მოთხოვნილი ნებართვების რაოდენობა ნაკლებია 5 ერთეულზე, გარდა ნებართვის მისაღებად წარმოდგენილისა, სრულად წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო მეწარმის საკუთრებაში ან ლიზინგის ვალდებულებითი სამართლებრივი ფორმით მფლობელობაში არსებული, არანაკლებ 5 ერთეული „EURO IV უსაფრთხო“, „EURO V უსაფრთხო“ ან „EURO VI უსაფრთხო“ კატეგორიის ასს-ების რეგისტრაციის მოწმობების ასლები.

გადამზიდველს მფლობელობაში არსებული იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმართ, რომელზეც მოითხოვა ნებართვა, კანონმდებლობით გაცემულია ,,სატვირთო ავტომობილის და მისაბმელის გზისთვის ვარგისობის ტესტის ECMT” ვადიანი სერტიფიკატი; ნებართვის მისაღებად გადამზიდველს უნდა ქონოდა ასევე სათანადო ფინანსური რესურსი, მინიმალური თანხა, რომელიც განისაზღვრება ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის 9000 ევროს ეკვივალენტი ლარში, ხოლო ყოველი შემდგომი ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის – 5000 ევროს ეკვივალენტი ლარში იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების რაოდენობის გათვალისწინებით, რომელზეც მოთხოვნილია შესაბამისი ნებართვა.

ECMT ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალება (საკუთრებაში და/ან ლიზინგის ვალდებულებითი ფორმით) ჩაითვალა ფინანსურ რესურსად და ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით არ ვრცელდება დამატებითი რაიმე რესურსის არსებობის ვალდებულება.

ამასთანავე, ფინანსურ რესურსად შესაძლოა გათვალისწინებულ იყოს გადამზიდველის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება;

საგულისხმოა, რომ ECMT ნებართვის გაცემასთან და ნებართვის ტერიტორიული შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს კომისია.

ამასთან, იმ შემთხვევაში, როდესაც წესის შესაბამისად შემოტანილი განცხადებით მოთხოვნილი ECMT ნებართვების რაოდენობა აღემატება კვოტის ფარგლებში არსებულ ნებართვების (მათ შორის, ნებართვის ტერიტორიული შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით) რაოდენობას, ნებართვების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას კომისია იღებს შესაბამისი ფორმულის საფუძველზე გაანგარიშებული რეიტინგის გათვალისწინებით;

ასევე გადამზიდველს დასაქმებული უნდა ჰყავდეს პროფესიული კომპეტენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტის (CPC სერტიფიკატი ან/და კოდი 95) მქონე მძღოლი. მძღოლის რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების რაოდენობას, რომელზეც მოთხოვნილია შესაბამისი ნებართვა;

ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის” დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტვირთის გადაზიდვის წესის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის განსაზღვრული მოთხოვნების თანახმად:

,,საწარმოში დასაქმებულ სატრანსპორტო მენეჯერს შეუძლია წარმართოს არა უმეტეს ოთხი სხვადასხვა საწარმოს სატრანსპორტო საქმიანობა, რომელთა სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა არ აღემატება 50 ერთეულს“.

მომსახურების საფასური (2022 წლის 1-ელი მაისიდან): იმ ქვეყნებში, რომლებისთვისაც არ არის დაწესებული კვოტების შეზღუდვები – კვოტის მოქმედების ვადის ყოველ კალენდარულ თვეზე – 200 ლარი; იმ ქვეყანაში, რომლისთვისაც დაწესებულია კვოტების შეზღუდვა - გათვალისწინებულ განაკვეთზე დამატებით 100 ლარი კვოტის მოქმედების ვადის ყოველ კალენდარულ თვეზე.

ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ გადამზიდველზე გაცემის (მათ შორის – სარეზერვო დოკუმენტის), გაცემაზე უარის თქმის ან ჩამორთმევის პირობების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ:

,,ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვის გაცემის წესი

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები