დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ღირს პირველადი მოხმარების პროდუქტები საბითუმო ბაზარზე და გაიაფების  კიდევ რა რესურსია - იმპორტიორი

რა ღირს პირველადი მოხმარების პროდუქტები საბითუმო ბაზარზე და გაიაფების კიდევ რა რესურსია - იმპორტიორი

2023-02-23 11:02:26

წიწიბურა, ბრინჯი, შაქარი და ზეთი იმ პროდუქტების სიაშია, რომელიც მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოს საბითუმო ბაზარზე ყველაზე მეტად გაიაფდა.

Business Insider Georgia სურსათის ერთ-ერთ იმპორტიორთან შეეცადა გარკვევას, რეალურად რა რესურსი არსებობს ფასების კიდევ უფრო შესამცირებლად.

როგორც იმპორტიორი თენგიზ ფაცაცია ამბობს, გაიაფების პროცესი ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბერში დაიწყო და ტენდენცია არ შეცვლილა.

კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში საბითუმო ბაზარზე 1 კგ. წიწიბურას ფასი 2,80 ლარით შემცირდა, 70-80 თეთრით 2,24 ლარამდე გაიაფდა შაქარი, ხოლო ზეთისა და ბრინჯის ფასი თითქმის განახევრდა.

„გლობალურ ბაზრებზე ტენდენცია ბოლო თვეების განმავლობაში შეუქცევადია, რაც სავაჭრო ქსელებმა სათანადოდ ვერ ასახეს. საქართველოში პროდუქტები ძირითადად აქციის ფარგლებში იაფდება, მათ შორის, შიდა კონკურენციის გამოც, თუმცა ვითარება სახარბიელო მაინც არ არის. შეღავათს რეალურად ვერავინ გრძნობს.

ერთ-ერთი გამონაკლისია შაქარი, რომლის ფასიც საქართველოში მეტ-ნაკლებად ადეკვატურია.

ჩვენს საბითუმო ბაზარზე 1 კილოგრამი შაქარი 2,24 ლარად გაგვაქვს, სავაჭრო ქსელებში დაახლოებით 25-30 თეთრიანი ფასნამატით იყიდება. ამ დროს შაქარი იმდენად მოთხოვნადი პროდუქტია, რომ ფასნამატი 5-7 თეთრს არ უნდა აღემატებოდეს.

წიწიბურა 2022 წლის დეკემბერში 5 ლარი ღირდა საბითუმო ბაზარზე და ახლა 2,25 ლარია. ბრინჯისა და ზეთის ფასებმაც მკვეთრად შეიცვალა", - ამბობს თენგიზ ფაცაცია.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, როცა რითეილ ბაზარზე  ძირითადი დასახელების სურსათზე ფასები შემცირდება,  შესაძლოა, სხვა ნაკლებად მოთხოვნადი პროდუქტები გააძვირონ, რის საფრთხეც არსებობს.

„ხშირად რითეილს არასწორად უჭირავს ფასი და მოუწევთ მთავრობის მიერ დადგენილ წესებს დაემორჩილონ, რადგან სამწუხაროდ მომხმარებელს სხვა ვერაფერი დაიცავს მაღალი ფასებისგან. მაგრამ არის რისკის შემცველი სხვა გარემოებაც: კერძოდ, თუ ერთი სახეობა გაძვირდა, არ არის გამორიცხული, სხვა დანარჩენი პროდუქტები გააძვირონ,  მაგალითად, წიწიბურას გააიაფებენ, მაგრამ შესაძლოა, ოსპზე ფასი გაზარდონ, რომელზეც ნაკლები მოთხოვნაა.  ამიტომ კარგი იქნება, თუ უფრო საფუძვლიანად შეისწავლიან რითეილ ბაზრის ქცევის წესებს, რათა მომხმარებელი მეტად იყოს დაცული მათი საფასო პოლიტიკისგან", - ამბობს ფაცაცია Business Insider Georgia -  სთან.

რითეილის ბაზარს საფასო პოლიტიკის შეცვლისკენ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოუწოდა. პრემიერის მოთხოვნაა, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები შემცირდეს.

კონკურენციის სააგენტო გამოყოფს კონკრეტული დასახელების 10-12 სოციალურ პროდუქტს, რომელზეც მოხდება სამუშაო ჯგუფის მიერ გარკვეული დამატებითი შეღავათების შემუშავება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

7 საათის წინ

7 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები