დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა პოტენციალი აქვს გომარდულს, რომ 4 სეზონის ტურისტულ კურორტად იქცეს

რა პოტენციალი აქვს გომარდულს, რომ 4 სეზონის ტურისტულ კურორტად იქცეს

2023-05-02 10:30:33

მთავრობის გეგმაა, რომ აჭარაში გომარდული 4 სეზონის ტურისტულ კურორტად აქციოს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ჯაბა ფუტკარაძის განმარტებით, გომარდულს აქვს საკმაოდ საინტერესო დანიშნულება და მიმართულება - ეს არის სპორტული ტურიზმის განვითარება.

„გომარდული ზღვის დონიდან 1100 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და ეს არის იდეალური ადგილი, რომ სპორტსმენები ჩამოვიდნენ და აქ ჩაატარონ საწვრთნელი, ან წინა სატურნირო მოსამზადებელი ვარჯიშები.

ვფიქრობთ, რომ გომარდულის ამ მიმართულებით განვითარებას ხელი მაქსიმალურად უნდა შეეწყოს.

დღეისათვის გომარდულზე არსებობს რამდენიმე სასტუმროს ტიპის კოტეჯი. არის ასევე გამაჯანსაღებელი სერვისების მიმართულება. შემდეგი ეტაპი გომარდულის განვითარებისა არის საბაგიროს მშენებლობა.

ეს იქნება დაახლოებით 800 მეტრის სიგრძის საბაგირო ტრასა, რაც გომარდულს ოთხივე სეზონზე ტურისტების მომსახურების საშუალებას მისცემს.

ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ მოხდეს, როგორც ტრასის დაგეგმარება და ასევე საბაგიროს საწყისი და საბოლოო წერტილების აღება.

მიმდინარეობს გეოლოგიური სამუშაოები. ამიტომ ახლა მნიშვნელოვანია, რომ დაისვას საწყისი და საბოლო წერტილები და მოხდეს წინასამშენებლო სამუშაოების კვლევა და როდესაც უკვე იქნება ეს წერტილები უკვე გამოვაცხადებთ ტენდერს“, - განუცხადა Business Insider Georgia-ს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა. 

ჯაბა ფუტკარაძის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ გომარდული ოთხივე სეზონზე იყოს დატვირთული.

„საბაგიროს მშენებლობა სახელმწიფოს მხრიდან ეს უკვე იქნება გზავნილი ინვესტორებისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურ ყურადღებას ვუთმობთ გომარდულის განვითარებას და ამ თვალსაზრისით სახელმწიფო ინფრასტრუქტურაში ინვესტირებას ახორციელებს.

გარდა საბაგიროს მშენებლობისა, ზოგადად შუახევის მუნიციპალიტეტში ვახორციელებთ წყალმომარაგების, წყალარინების პროექტს და გომარდული არის ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოკაცია, სადაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს 24 საათიანი წყალმომარაგება“, - ამბობს მინისტრი.

რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის ინფორმაციით, კვლევებით რაც გამოიკვეთა არის ის, რომ საწყის ეტაპზე შესაძლებელია 500 განთავსების ადგილის მშენებლობა და შესაბამისი მოცულობის ინვესტიციის განხორციელება.

„რაც შეეხება ინვესტიციის მოცულობას წინასწარ ამაზე საუბარი რთულია, მაგრამ სასტუმრო კომპლექსს რაც შეეხება საუბარი იქნება სავარაუდოდ 50 მლნ ლარს ინვესტიციაზე. ხოლო რაც შეეხება სპორტული და სასტუმროს კომპლექსების ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე, ჯამში შესაძლოა, საუბარი იყოს 30 მლნ დოლარის ინვესტიციაზე.

უცხოური ექსპერტების მიერ მომზადებულია ტექნიკურ ეკონომიკური ანალიზი, უშუალოდ ამ სპორტული ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით და ამის ფარგლებში მოხდება გომარდულზე ინვესტიციების მოზიდვაც. თავის მხრივ სახელმწიფო მზადაა, შეღავათიანი პირობებით მიწის ნაკვეთები გამოიტანოს და უშუალოდ მშენებლობის  ვადები იქნება თუ სხვადასხვა ნებართვები მაქსიმალურად იყო ხელშეწყობილი“, - აცხადებს ჯაბა ფუტკარაძე.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გომარდულსა და გოდერძიზე საბაგიროების მოსაწყობად სამუშაოების შესყიდვა ერთიანად მოხდება. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები