დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა შეიცვალა 40-საათიანი სამუშაო კვირის დაწესების შემდეგ სარესტორნო ბიზნესში

რა შეიცვალა 40-საათიანი სამუშაო კვირის დაწესების შემდეგ სარესტორნო ბიზნესში

2023-04-24 10:30:17

40 საათიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლა, ბიზნესმა არ უნდა აღიქვას სირთულედ, - ამის შესახებ Business Insuder Georgia-ს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

„40 საათიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლა სარესტორნო ბიზნეს გარკვეული ნაწილისთვის მატერიალური წნეხია. გავლენას ახდენს კადრების უკმარისობაც. ესაა გარდამავალი პერიოდი და დასაქმებულისა და დამსაქმებლის უფლებები უნდა იყო დაცული“, - ამბობს ბურჯანაძე. 

მისივე თქმით ეს რეგულაცია ყველა ბიზნესსუბიექტისთვის პოზიტიური ცვლილებაა, „რადგან მეცნიერულად დადასტურებულია, რომ კვირაში 40 საათზე დიდხანს მუშაობა ადამიანის გადაღლას და მისი პროდუქტიულობის გაუარესებას იწვევს, ეს კი საბოლოო ჯამში ბიზნესსაც აზარალებს“. 

რაც შეეხება იმას, გამოიწვია თუ არა რეგულაციამ ჰორეკა სექტორში ხელფასების შემცირება, ბურჯანაძე განმარტავს, რომ ეს მხარეების შეთანხმების საფუძველზე ხდება.

„თუ დასაქმებული 48 იყო დასაქმებული და 40 საათიან გრაფიკზე გადაჰყავს, შესაბამისად თუ დამქირავებელი უხდიდა 1000 ლარს, დაქირავებულს სახელფასო სარგო 800 ლარამდე უმცირდება. ეს მისაღებია თუ არა ორ პირს შორის მოლაპარაკებით წყდება. თუმცა, ახალი რეგულაციით შესაძლებელია, დასაქმებულისა და დამსაქმებლის შეთანხმების საფუძველზე, თანამშრომელმა კვირაში 48 საათი იმუშაოს, რაშიც ის დამატებით ანაზღაურებას მიიღებს. თუმცა კვირაში სამუშაო საათების „ჭერი“ კანონით 60 საათია“,  ამბობს ბურჯანაძე. 

შეგახსენებთ,რომ 2023 წლის პირველი იანვრიდან, მთავრობის დადგენილებით, სპეციფიკური დარგების ჩამონათვალი, რომელთათვისაც კვირაში 48 საათიანი სამუშაო გრაფიკი დაშვებული იყო, შეიცვალა. 

სპეციფიკური სამუშაოების სიიდან მთელი რიგი დარგებია ამოღებული, მათ შორის:

  • სამთომოპოვებითი მრეწველობა;
  • ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის წარმოება;
  • ტყავის, ტყავის ნაწარმისა და ფეხსაცმლის წარმოება;
  • ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა;
  • საგამომცემლო საქმიანობა;
  • კოქსის, ნავთობპროდუქტებისა და ბირთვული მასალების წარმოება;
  • ქიმიური წარმოება;
  • დანარჩენი არალითონური მინერალური ნაკეთობების წარმოება;
  • მეტალურგიული მრეწველობა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოება;
  • ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება;
  • მშენებლობა;
  • ვაჭრობა - ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი;
  • სასტუმროები და რესტორნები;
  • ზოგადი განათლება;
  • პროფესიული განათლება.

ამ დარგებისთვის სამუშაო კვირა 40 საათით განისაზღვრა.

სამუშაო დროისა და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების საკითხებს შრომის ინსპექციის სამსახური უწევს ზედამხედველობას. დასაქმებულს შეუძლია, ამ უწყებას მიმართოს ცხელ ხაზზე (15-75) და აცნობოს, თუკი მისი შრომითი უფლება დაირღვევა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები