დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა სიახლეები აქვს თბილისის ზოოპარკს ზაფხულის სეზონზე

რა სიახლეები აქვს თბილისის ზოოპარკს ზაფხულის სეზონზე

2023-05-15 19:00:21

„ახლა ზოოპარკში შობადობის სეზონია, უკვე დაბადა ორი ლემური, 6 ფაფრიანი ცხვარი, კამერუნის თხები და უახლოეს მომავალში ველით, რომ ახალი ბინადრებიც შემოგვემატებიან“, - ამბობს Business Insider Georgia-თან ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მზია შარაშიძე.

რაც შეეხება საზაფხულო პროგრამას, უახლოესი ღონისძიება თბილისის ზოოპარკში 1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღესაა დაგეგმილი.

„გაიმართება სახალისო, შემეცნებითი აქტივობები. ზაფხულის სეზონზე სკოლებისთვის არის საექსკურსიო პროგრამები. ასევე ზოოპარკი მუშაობს ყოველდღე შაბათ-კვირისა და სხვა უქმეების ჩათვლით“, - ამბობს მზია შარაშიძე.

თბილისის ზოოპარკის ძველ ლოკაციაზე, ეგზოტარიუმის ბინადრების (თევზები, რეპტილიები) ცხოველების 200-მდე სახეობაა.

ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ცნობით, ყველაზე ხშირად დამთვალიერებლები ჩერდებიან სპილოების ვოლიერთან, ასევე აინტერესებთ პრიმატების სხვადასხვა სახეობა, მაკაკები.  ვიზიტორებისთვის საინტერესოა მათი ცხოვრების წესზე დაკვირვება.

ასევე ბევრი ადამიანი შედის ეგზოტარიუმში სადაც არიან რეპტილიები და ქვეწარმავლები.

ამ დროისთვის თბილისის ზოოპარკში ორი სპილოა - მალკა და გრანდი.

რაც შეეხება ლომებს, მათი დიდი ოჯახი წყალდიდობის დროს არ დაზარალებულა, რადგან მანამდე მოხდა მათი ახალ ვოლიერში გადაყვანა, რომელიც ზოოპარკის ზედა ნაწილში მდებარეობს.

„ახლა უკვე არის ლომების დიდი პრაიდი, რომელიც უახლოეს მომავალში ახალ ზოოპარკში გადავა, რადგან მათთვის გაცილებით დიდი ტერიტორიაა გამოყოფილი. დიდი ოჯახია და ერთი ვოლიერი მათთვის არ არის საკმარისი.

ამ დროისთვის, ზოოპარკში უსურიის ერთი ვეფხვია და ახალ ზოოპარკში გადასვლამდე, მისთვის მეწყვილის ჩამოყვანა არ იგეგმება.

იგეგმება ცნობილი ჰიპოპოტამის „ბეგის“ დაწყვილებაც, რომლისთვისაც მეწყვილეს ახალ ზოოპარკში გადასვლის შემდეგ ჩამოიყვანენ.

ამ დროისთვის ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზე გადაიყვანეს დათვები, მგლები, ნიამორები, კეთილშობილი ირმები, დაავლეთ და აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვები, ფოცხვერები და აფრიკული მოხატული ძაღლები. 

დასრულებულია დიდი ავიარიუმი, სადაც ლეშიჭამია ფრინველები უნდა დავაბინაოთ. ამ ვოლიერში შიდა გამწვანების სამუშაოები დარჩა შესასრულებელი.

ასევე მიმდინარეობს დიდი ექსპოზიციის მშენებლობა. ეს აფრიკის სავანაა, სადაც ამ კონტინენტზე გავრცელებული სახეობები იქნებიან წარმოდგენილი. მათ შორის ჰიპოპოტამი „ბეგი“, სხვადასხვა სახეობის ანტილოპები, ზებრები და მაგ პერიოდისთვის უკვე ჟირაფის ჩამოყვანაც გვინდა. ვიზიტორები, ჯერ ამ ტერიტორიაზე ვერ შევლენ, ვოლიერები მზადაა, მაგრამ არ არის სივრცე ვიზიტორებისთვის“, - ამბობს ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მზია შარაშიძე.

როდის გაიხსნება თბილისის ზოოპარკი ახალ ლოკაციაზე, ჯერ ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის.

რაც შეეხება, თბილისის ზოოპარკის ძველ ლოკაციაზე შესვლის ტარიფებს, ამ სეზონისთვის უცვლელია.

• 3 წლამდე ბავშვებისთვის შესვლა უფასოა; • 3-დან 12 წლამდე – ტარიფი 2 ლარია; • 12 წლიდან ზემოთ – 4 ლარი. ეგზოტარიუმის ბილეთის ფასი: • 3 წლამდე – უფასოა; • 3-დან 12 წლამდე – 1 ლარი ღირს; • 12 წლიდან ზემოთ – 2 ლარი.

სოციალურად დაუცველებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ზოოპარკში შემოსვლა უფასოა (აუცილებელია შესაბამისი ბარათის წარმოდგენა). ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ადგილზე, ისე ელექტრონულად.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები