დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა სიახლეებს გეგმავს ბათუმის დელფინარიუმი ზაფხულის ტურისტულ სეზონზე

რა სიახლეებს გეგმავს ბათუმის დელფინარიუმი ზაფხულის ტურისტულ სეზონზე

2023-05-08 18:40:02

 

რამდენიმე დღიანი სარემონტო სამუშაოების შემდეგ ბათუმის დელფინარიუმმა მუშაობა განაახლა და კვირაში 6 შოუს წარმოადგენს და ორშაბათის გარდა ყოველდღე 16:00 საათზე მაყურებელს დაუვიწყარ სანახაობას შესთავაზებს.

როგორც Business Insider Georgia-თან ბათუმის დელფინარიუმის შოუების წამყვანმა და PR-მენეჯერმა ბერდია კუტუბიძემ განაცხადა, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე შოუების რაოდენობა გაიზრდება და მოთხოვნის შემთხვევაში დღეში 3 შოუც კი გაიმართება. შოუს ხანგრძლივობა 35-40 წუთია.

„შოუში სულ 8 დელფინი მონაწილეობს, საიდანაც 5 - ნინი, ტოჩი, გურუ, დოდო და ლოლა დელფინარიუმში დაიბადა. აქტიური ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, დელფინარიუმში შოუების რაოდენობა იზრდება. ანუ ამ ეტაპზე ყოველდღე ვართ ორშაბათის გარდა, 16:00 საათზე, ხოლო ტურისტულ სეზონზე დაემატება 19:00 საათიანი და მოთხოვნის შემთხვევაში 21:00 საათიანი სეანსიც“, - აცხადებს ბათუმის დელფინარიუმის PR-მენეჯერი.

ბერდია კუტუბიძის განმარტებით, ანშლაგის დროს ერთ შოუზე 887 ბილეთის რეალიზება ხდება.

„ჩვენთან როგორც წესი ყოველდღე ანშლაგია. ზაფხულში მით უმეტეს. დელფინარიუმში 887 ადგილია და შესაბამისად, ანშლაგისას ადგილები შევსებულია. 6 წლამდე ბავშვებს შოუზე დასწრება უფასოდ შეუძლიათ“, - აცხადებს კუტუბიძე.

რაც შეხება ტარიფს, ბათუმის დელფინარიუმში შოუზე დასწრება 20 ლარია, ხოლო საღამოს სეანსების ფასი 25 ლარი იქნება.

გასული წლის მსგავსად, იგივე ტარიფებია ცურვის სერვისზეც. მსურველებს ცალკე აუზში დელფინებთან ცურვის, ანუ ჯგუფური ინტერაქტივის შესაძლებლობაც ეძლევათ.

„ეს მიმართულება ჩვენთან საკმაოდ მოთხოვნადია. დელფინებთან ინტერაქტივის ხანგრძლივობა 15 წუთია. ღირებულება:  5–დან 16 წლამდე – 150 ლარი, 16 და ზემოთ – 200 ლარია“, - ამბობს კუტუბიძე.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის დელფინარიუმში საქართველოში მოქმედი ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულების წევრები გარკვეულო ფასდაკლების აქციითაც სარგებლობენ.

წელიწადის განმავლობაში, დელფინარიუმში ფასდაკლების აქცია, საქართველოში აკრედიტებული (რეგისტრირებული) ყველა სასწავლო დაწესებულებისთვის, 9 თვის განმავლობაშია მოქმედი (თითქმის სრული სასწავლო წელი), მხოლოდ წინასწარ გამოგზავნილი წერილობითი მომართვის საფუძველზე, მხოლოდ ჯგუფური ვიზიტის დროს.  

აქცია ეხებათ, ბაღის აღსაზრდელებს, მოსწავლე-სტუდენტებსა და ლექტორ-მასწავლებლები.

„ჯგუფური ვიზიტისას, წინასწარ წერილობითი მომართვის საფუძველზე, მოქმედებს ფასდაკლება – ერთი პირი 5 ლარი. ფასდაკლება ძალაშია 2023 წლის 19 ივნისამდე“, - განმარტავს ბერდია კუტუბიძე.

ბათუმის დელფინარიუმის PR-მენეჯერის განმარტებითვე, დელფინარიუმი არ იხურება და ზამთრის სეზონშიც აქტიურად მართავს წარმოდგენებს,

„მაგალითად გასული წლის შემოდგომასა და ზამთარი კვირაში გვქონდა 4 შოუ. ჯგუფური ტურების რაოდენობა საკმაოდ გაზრდილია და შესაბამისად გაზრდილია ვიზიტებიც დელფინარიუმში“, - ამბობს ბათუმის დელფინარიუმის წარმომადგენელი. 

ბათუმის დელფინარიუმი 20 წლიანი პაუზის შემდეგ 2011 წელს სიმბოლურად - 6 მაისს გაიხსნა.

პირველი დელფინარიუმი კი ზღვისპირა ქალაქში 1975 წელს ამოქმედდა. მაშინ ეს პირველი სადემონსტრაციო დელფინარიუმი იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და მსოფლიოს უდიდეს დელფინარიუმებს განეკუთვნებოდა.

დელფინარიუმის არსებობა, სხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად, ქალაქს და მთლიანად რეგიონს ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველს ხდიდა. 90-იანი წლების დასაწყისში ქვეყანაში შექმნილი რთული პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების გამო ობიექტმა ფუნქციონირება შეაჩერა.

20 წლიანი პაუზის შემდეგ კი ქალაქის მერიის ინიციატივითა და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ძალისხმევით ბათუმში ამოქმედდა სრულიად ახალი დელფინარიუმი. იგი შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო – კვლევითი ცენტრის“ ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილია. 

პროექტირება და მონტაჟი ეკუთვნის ცნობილ ამერიკულ ფირმებს: TJP Engineering–სა და RCK–ს. ობიექტი საქველმოქმედო ფონდ „ქართუსთან“ ერთად ასოციაცია „ატუ“–მ აღჭურვა, რომელიც თანამედროვე დიზაინის შენობაა და ზღვის ცხოველების ხელოვნურ პირობებში შენახვის ყველა უახლეს მოთხოვნას ითვალისწინებს.

ობიექტი ფეხფარფლიანთა და მცირე ვეშაპისნაირთა საცხოვრებელი ავზებისაგან (წყლის მთლიანი მოცულობა 3 724 000 ლ), კერძოდ, ორი სადემონსტრაციო (1 700 000 ლ და 400 000 ლ) და ორი დამხმარე (თითო 812 000 ლ), ასევე კარანტინის ავზებისაგან შედგება. სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემით (Live Support System) წყლის ეს მოცულობა ყოველ 2 საათში მთლიანი რეცირკულაციის შედეგად მექანიკურად იფილტრება, მისი გაუსნებოვნება ხდება ოზონირებით და ბრუნდება ავზებში. 

დელფინარიუმის ამფითეატრი 4 სექტორისაგან შედგება და 887 მაყურებელზეა გათვლილი. ინფრასტრუქტურაში შედის სპეციალური საჭიროების მქონე პირთა მომსახურება პანდუსითა და ლიფტებით.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები