დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენი კომპანია აწარმოებს საქართველოში ბიოპროდუქტს - „კავკასსერტი“

რამდენი კომპანია აწარმოებს საქართველოში ბიოპროდუქტს - „კავკასსერტი“

2023-03-30 10:40:21

სოფლის მეურნეობაში ბიოპროდუქტების წილი ჯერჯერობით უმნიშვნელოა. „კავკასსერტის“ ხარისხის მენეჯერის ზურაბ ნადარეიშვილის ინფორმაციით, საქართველოში ბიოპროდუქტს 150 კომპანია აწარმოებს. დაახლოებით 90 კონვერსიული მეურნეობა კი სერტიფიცირებისთვის ემზადება.

დღეს საქართველოში საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ერთადერთი ორგანოა „კავკასსერტი“, რომელიც ბიო სერტიფიკატს გასცემს.

კომპანიის ხარისხის მენეჯერის ზურაბ ნადარეიშვილის თქმით, ბოლო რამდენიმე წელია, მატულობს  მეწარმეთა რაოდენობა, რომელთაც საკუთარი მეურნეობის ორგანულად გარდაქმნა სურთ.

„მეწარმეთა სიაში ყველაზე მეტი ბიოსერტიფიკატი მევენახეობის სეგმენტიდანაა. მეტ-ნაკლებად აქტიურობენ თაფლის მწარმოებლები, რომლებიც ევროპაში ექსპორტით არიან დაინტერესებული. კომპანიაში დარეგისტრირებულთა ნახევარზე მეტი  სერტიფიცირებულია, რაც ნიშნავს, რომ კონვერსიის პერიოდი გაიარეს.

კერძოდ, როდესაც მეწარმე გააკეთებს განაცხადს რომ ბიომეთოდით პროდუქციის წარმოება სურს, შემდეგ უნდა გაიაროს გარდამავალი პერიოდი და მხოლოდ 3 წლის შემდეგ მიღებული პროდუქტი ითვლება ბიოპროდუქტად.  ამ 3 წლის განმავლობაში სერტიფიცირების ორგანო ინსპექტირებებს უტარებს. გეგმური ინსპექტირება სულ სამჯერ უწევთ და წელიწადში ერთხელ ტარდება. თუმცა შეიძლება ჩატარდეს გაუფრთხილებელი ინსპექტირებაც, ეს იმ შემთხვევაში, თუ ფიქსირდება დარღვევა ან თუ არის ბიო და სტანდარტული მეურნეობა შერწყმული ერთი მეურნეობის ფარგლებში", – ამბობს ზურაბ ნადარეიშვილი Business Insider Georgia- თან.

ბიოპროდუქტის რეალიზაცია ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში ხდება, სადაც მოთხოვნა უმეტესწილად კენკროვან კულტურებსა და სამკურნალო ფოთლებზეა. ევროპულ ბაზრებზე გადის ასევე ბიო თხილი, დაფნა  და ჩაი.

მევენახეების შემთხვევაში, სოფლის განვითარების სააგენტოს ანაზღაურება, 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით 70%-ით, არაუმეტეს 5100 ლარით განსაზღვრება, ხოლო, თუ პოტენციური ბენეფიციარს თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსება არაუმეტეს 40%-ით, არაუმეტეს 2900 ლარით. პროგრამის ფარგლებში, გაწეული ხარჯის ანაზღაურება განხორციელდება არაუმეტეს 5 ჰა-ზე გადაანგარიშებით.

ცნობისთვის, შპს „კავკასსერტი“ საქართველოში ბიოსერტიფიცირების ერთადერთი ადგილობრივი კომპანიაა. ის აკრედიტებულია გერმანიის აკრედიტაციის ცენტრის (DakkS) მიერ და შესულია ევროკომისიის მესამე ქვეყნების ბიოსერტიფიცირების ეკვივალენტური კომპანიების სიაში. შპს „კავკასსერტი“ გასცემს ბიოსერტიფიკატს, რომელსაც იურიდიული ძალა აქვს როგორც საქართველოში, ისე ევროკავშირის ყველა ქვეყანაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

52 წუთის წინ

11 საათის წინ

11 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები