დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რეფინანსირების განაკვეთის 0,25%-ით შემცირება შესაძლებელი იყო - ლაშა ქავთარაძე

რეფინანსირების განაკვეთის 0,25%-ით შემცირება შესაძლებელი იყო - ლაშა ქავთარაძე

2023-03-29 18:52:01

Galt&Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს დღეს რეფინანსირების განაკვეთის 0,25%-ით შემცირება შეეძლო, თუმცა ცენტრალურმა ბანკმა სიფრთხილე გამოიჩინა.

„რეფინანსირების განაკვეთის 11%-ზე დატოვება მოსალოდნელი იყო ეროვნული ბანკის გადმოსახედიდან. რადგან თებერვალში უკვე ცნობილი იყო, თუ როგორი იქნებოდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ინფლაციიდან გამომდინარე. აღნიშნული იყო, რომ თუ ინფლაცია სწრაფად დაუახლოვდება 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს, მაშინ დაიწყებდნენ შერბილებას. ეს წლის დასაწყისში ვერ მოხდებოდა. აქედან გამომდინარე დიდი იყო ალბათობა, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი იგივე დარჩებოდა.

თუმცა ჩვენი გადმოსახედიდან რა პროგნოზებიც გვაქვს ეკონომიკურ ზრდასთან და ინფლაციასთან დაკავშირებით, ახლა მონეტარული პოლიტიკის შერბილებაზე გადასვლის პროცესი იწყება. მხოლოდ მცირედი ბიჯებით. 0,25 % პუნქტით შემცირება დღეს შესაძლებელი იყო.

იმედს ვიტოვებთ, რომ მომდევნო სხდომებზე ეს კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება. მარტის და აპრილის ინფლაცია გვექნება და აქედან გამომდინარე დიდია ალბათობა, რომ ეროვნულმა ბანკმა შეცვალოს მიდგომა მონეტარული პოლიტიკის გატარებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ქავთარაძემ.

ამასთან, Galt&Taggart-ის ეკონომისტმა აღნიშნა, რომ სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ პრესრელიზში 2 ფაქტორი გამოიკვეთა:

„ერთი ის, რომ წლის მეორე ნახევარში ინფლაცია მიზნობრივ 3%-ს ჩამოსცდება. თუ მანამდე გამოკვეთილი იყო, რომ ხელფასი ინფლაციის სპირალია, აქ უკვე სხვა ფაქტორებიცაა, რომლებიც შიდა ფაქტორებად გაერთიანდა. ანუ შიდა ფაქტორებიდან მომდინარე წნეხი თუ შემცირდება, ამ შემთხვევაში სებ-ი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას დაიწყებს“, - აღნიშნა ქავთარაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 29 მარტს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11.0 პროცენტს შეადგენს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები