დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„რკ ოზაანი“ არტიშოკის წარმოებას იწყებს

„რკ ოზაანი“ არტიშოკის წარმოებას იწყებს

2023-03-29 09:30:12

„რკ ოზაანი“  წლევანდელ სეზონზე არტიშოკის გაშენებას გეგმავს. პროდუქტი დღეს საქართველოში ნაკლებად  ცნობილია, ამიტომ მწარმოებლისთვის სამიზნე აუდიტორია თავდაპირველად  საქართველოში შემოსული ტურისტები არიან, რის პარალელურადაც ექსპორტიც განიხილება.

როგორც „რკ ოზაანის“ ხელმძღვანელი ჯაბა გოგოლაშვილი Business Insider Georgia-თან ამბობს, არტიშოკის წარმოების პოტენციალი ქვეყანაში დიდია, ფასიდან გამომდინარე, უფრო საექსპორტო პროდუქტად მიიჩნევა, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე ტურისტების მხრიდანაც დიდი მოთხოვნაა.

„ამ ეტაპზე სატაცურის დიდი წარმოება გვაქვს და პროდუქტს ჯერჯერობით მთლიანად ადგილობრივ ბაზარზე ვყიდით. ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში პოპულარული საკვებია, თუმცა არტიშოკს კიდევ უფრო ნაკლებად იცნობენ. იქიდან გამომდინარე, რომ ტურისტები დიდ ინტერესს იჩენენ და ევროპაშიც ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტია, წარმოებაში არტიშოკის მიმართულებასაც ვამატებთ. წელს უნდა გავაშენოთ პლანტაცია, ხოლო მეორე წელს პირველ მოსავალს მივიღებთ“, - ამბობს ჯაბა გოგოლაშვილი.

კოოპერატივის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მუშაობა მიმდინარეობს ასევე Global Gap-ის სერტიფიკატის მიღებაზე, რის გარეშეც პროდუქტს ევროპაში ვერ გაიტანს.

1 კგ არტიშოკის ფასი 35 ლარია. პანდემიამდე, როდესაც პროდუქტზე დიდი მოთხოვნა იყო, ფასი  55 ლარს აღწევდა.

გოგოლაშვილის თქმით, საცდელ  ეტაპზე არტიშოკის მოყვანა 0,5 ჰექტრამდე ტერიტორიაზე იგეგმება. მოთხოვნის შესაბამისად, წარმოებას ეტაპობრივად გაზრდიან. ცნობილია, რომ  არტიშოკი გამოირჩევა გემოვნური და სამკურნალო თვისებებით. ევროპაში, აზიასა და სამხრეთ ამერიკაში ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული მცენარეა. 

ცნობისთვის, კოოპერატივი „რკ ოზაანი“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში 2015 წელს დარეგისტრირდა. ამ ეტაპზე მისი  ძირითადი საქმიანობა სატაცურის წარმოებაა.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 0,5 მილიონი ლარია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები