დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რუსეთის ბაზარზე მიბმა დიდი გამოწვევაა, რაც საფრთხეს უქმნის ბიზნესსაც და ეკონომიკასაც - გიორგი პაპავა

რუსეთის ბაზარზე მიბმა დიდი გამოწვევაა, რაც საფრთხეს უქმნის ბიზნესსაც და ეკონომიკასაც - გიორგი პაპავა

2023-03-20 22:30:57

 

რუსეთთან დამოკიდებულება იზრდება. საქართველოსთვის ეს ქვეყანა პირველი სავაჭრო პარტნიორია, რის ტენდენციაც წლების განმავლობაში გრძელდება უკვე და მაღალ ზღვარს აღწევს.

„იმის ნაცვლად, რომ ბაზრების დივერსიფიკაციას ახდენდეს, მთავრობა და ბიზნესიც არასწორ გზას ირჩევს, რისი ფასიც საქართველოსთვის შესაძლოა მძიმე აღმოჩნდეს“, - მიიჩნევს გიორგი პაპავა,  ISET-ის წამყვანი ეკონომისტი, რომლის შეფასებითაც, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოს გლობალური მოცემულობიდან გამომდინარე, ყველა შესაძლებლობა ჰქონდა, რომ გაეღრმავებინა სავაჭრო კავშირები აშშ-სა და ევროპის ქვეყნებთან, თუმცა პირიქით მოხდა და საქართველო ეკონომიკურად უფრო მეტად გახდა რუსეთზე დამოკიდებული.

„საქართველოს რეგიონში მიმდინარე ომის ფონზე თავისუფლად შეეძლო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა განვითარებული ქვეყნების ბაზრებზე გაეძლიერებინა, როგორიცაა აშშ და ევროკავშირი. საქართველო ექსპორტის კუთხით და იმპორტითაც, რუსეთთან მჭიდროდაა გადაჯაჭვული. სასურსათო უსაფრთხოებისთვის აუცილებელია ნიშა - რამდენად მდგრად ბაზარზე გაგვაქვს პროდუქცია, რომელსაც ვაწარმოებთ. ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

მოკლევადიან პერიოდში რისკი შეიძლება შედარებით რბილად შეფასდეს, მაგრამ სამომავლოდ მოწყვლადობა, ამ ბაზარზე მიბმის კუთხით, სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს და ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა“, - ამბობს გიორგი პაპავა Business Insider Georgia- თან.

ანალიტიკოსი განსაკუთრებით საშიშ ტენდენციად მიიჩნევს ევროკავშირის ქვეყნების ბაზრებზე ექსპორტის კლებას, რაც ოფიციალური სტატისტიკით არის დადასტურებული.

როგორც პაპავა განმარტავს, ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, რომ ქვეყანა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ვერ იყენებს სათანადოდ..

„ასოცირების ხელშეკრულება ვერ გამოვიყენეთ, ეს ფაქტია! მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნები ცდილობენ, აგრესორ სახელმწიფოსთან დამოკიდებულების შემცირებას, ჩვენ ამ მიმართულებით ქმედით ნაბიჯს ვერ ვდგამთ და კერძო სექტორიც უფრო ზრდის დამოკიდებულებას რუსულ ბაზარზე, რაც უახლოეს პერიოდში დიდ რისკს შეუქმნის საქართველოს. მით უმეტეს, რო რუსეთი არასტაბილური სავაჭრო პარტნიორია, რომელმაც ექსპორტის და იმპორტის მიმართულებითაც, ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეგვიქმნას საფრთხე და რიგი შეზღუდვები დაგვიწესოს, რის გამოცდილებაც გვაქვს.

ეს ნეგატიური გავლენა მომავალში მარტო კონკრეტული კომპანიების მდგომარეობაზე არ აისახება. გასაღების ბაზრების კუთხით პრობლემას შექმნის და ყველას დაგვაზარალებს“, - აცხადებს პაპავა Business Insider Georgia- თან.

საქსტატის ცნობით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.5% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: სომხეთი ($133.1 მლნ.), რუსეთი ($128.2 მლნ.) და ჩინეთი ($112.4 მლნ.).

გარდა ამისა, ქვეყნების ჯგუფების მიხედვით, დსთ-ის ქვეყნებში ადგილობრივი ექსპორტი 5.2%-ით გაიზარდა და 170 მილიონ 717 ათასი დოლარი შეადგინა. ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ექსპორტირებული 38.2%-ით შემცირდა და ქვეყანამ საქონლის ექსპორტით მხოლოდ 87 მილიონ 711 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

46 წუთის წინ

1 საათის წინ

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები