დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„საირმე მინერალ ვოთერსი“ გაფიცული თანამშრომლების ხელფასის ჩარიცხვის თაობაზე განცხადებას ავრცელებს

„საირმე მინერალ ვოთერსი“ გაფიცული თანამშრომლების ხელფასის ჩარიცხვის თაობაზე განცხადებას ავრცელებს

2023-03-06 17:05:21

„საირმე მინერალ ვოთერსი“ გაფიცული თანამშრომლების ხელფასის ჩარიცხვის თაობაზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

„შპს „საირმე მინერალ ვოთერსიმ“ პარტნიორებთან მოლაპარაკებებისა და ფინანსური მხარდაჭერის შედეგად იანვრის სახელფასო დავალიანება დაფარა.

კომპანიამ ეს შეძლო შექმნილი ფინანსური კრიზისის ფონზე, რაც საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხდებოდა. გიორგი დიასამიძე და გაფიცული თანამშრომლების მცირე ნაწილი ახორცილებდნენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, კეტავდნენ გზებს და ხელს უშლიდნენ პროდუქციის ტრანსპორტირებას, რაც პირდაპირ აისახებოდა კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე, შედეგად დროულად ვერ ხერხდებოდა პროდუქციის რეალიზაცია, რასაც ემატებოდა მათი მხრიდან  დაშინების, შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტები. ხაზგასასმელია, რომ ადგილობრივი ხელმძღვანელობა გაფიცულებთან მოლაპარაკებას მუდმივად ახორციელებდა და კვლავ გამოთქვამს მათთან მოლაპარაკების მზაობას, თუმცა ერთადერთ პირობად კვლავ გიორგი დიასამიძის გარეშე დიალოგი რჩება.

მიგვაჩნია, რომ გაფიცვის ორგანიზატორის, გიორგი დიასამიძის ინტერესი საწარმოო პროცესის სრულად შეწყვეტაა და არა - გაფიცულების ინტერესების დაცვა, რაც კარგად ჩანს მის განცხადებებსა და ქმედებებში. ქარხნის გაჩერებით ზიანდება არა მხოლოდ კომპანია, არამედ ის თანამშრომლებიც, რომლებიც საწარმოში არიან დასაქმებული. დიასამიძე ლიდერის პოზიციის შენარჩნების მიზნით, კვლავინდებურად განაგრძობს არასწორი ინფორმაციის გავრცელებას.

სახელფასო დავალიანების დაფარვის მიზეზად მასთან მოლაპარაკებას ასახელებს, თითქოს შედეგი სწორედ ამ ფორმით იქნა მიღწეული, რაც მტკნარ სიცრუეს წარმოადგენს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ სახელფასო დავალიანების დაფარვა მოხერხდა, მხოლოდ და მხოლოდ პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით.

ფინანსური კრიზისიც სწორედ გიორგი დიასამიძისა და გაფიცულების კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შედეგად იყო განპირობებული. ვემიჯნებით ყოველგვარ პროვოკაციულ ქმედებას და იმ ცრუ ინფორმაციებს, რაც კომპანიის მისამართით მიზანმიმართულად ვრცელდება და მოვუწოდებთ გაფიცულ თანამშრომლებს კომპანიასთან მოლაპარაკებისკენ. არ უნდა დავუშვათ, რომ საწარმოო პროცესი გაჩერდეს ერთი კონკრეტული ადამიანის ინტერესების გამო“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ „საირმის“ თანამშრომლები 12 თებერვალს უვადოდ გაიფიცნენ. ისინი ხელფასების გაზრდისა და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები