დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„საირმემ“ გაფიცულ თანამშრომლებთან შეთანხმებას მიაღწია - ივა ჭყონია

„საირმემ“ გაფიცულ თანამშრომლებთან შეთანხმებას მიაღწია - ივა ჭყონია

2023-03-20 21:49:33

 

შპს ,,საირმე მინერალ ვოთერს“-მა GDBA - საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის მხარდაჭერით გაფიცულ თანამშრომლებთან შეთანხმებას მიაღწია.

ამის შესახებ Business Insider Georgia- ს ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ განუცხადა. მისი თქმით, ყველა მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც აქვთ დასაქმებულებს, მათ შორის ხელფასებთან დაკავშირებით, შესრულდება.

„წარდგენილი წინადადება და შეთანხმების პირობები სრულიად მისაღებია გაფიცული თანამშრომლებისთვის და იმ მიზნისთვის, რომ კომპანიამ მაქსიმალური დატვირთვით გაეგრძელებინა მუშაობა. რამდენიმედღიანი კომუნიკაციის შემდეგ, რაც უშუალოდ ჩავერთეთ პროცესში, შევაჯერეთ პოზიციები დამსაქმებელთან და როცა დავრწმუნდი, რომ ეს პოზიციები  გაფიცულებისთვისაც მისაღები იქნებოდა, წარვუდგინე. საბოლოოდ კომპანია გაფიცულების თითქმის ყველა პირობას დათანხმდა", - აღნიშნა ივა ჭყონიამ.

მისი ინფორმაციით, „საირმის" გაფიცული თანამშრომლები სამუშაო პროცესს 22 მარტიდან შეუერთდებიან.

აგრომეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის“ ხელმძღვანელი გიორგი დიასამიძე Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ მხარეებს შორის ზეპირი შეთანხმება მიღწეულია, როცა შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდება და ხელმოწერით დადასტურდება, გაფიცვა შეწყდება.  

შეგახსენებთ, რომ „საირმე მინერალ ვოთერსის“ ადგილობრივ ხელმძღვანელობასა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეხვედრა საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის მონაწილეობით 9 მარტს შედგა, თუმცა მოლაპარაკების დროს მიღწეულ შეთანხმებაზე გაფიცულებმა მოულოდნელად უარი განაცხადეს.

მაშინ მხარეები გაფიცული თანამშრომლების მიერ მიწოდებული 31 პუნქტიანი მოთხოვნების 85 პროცენტის დაკმაყოფილებაზე შეთანხმდნენ. 

შეგახსენებთ, რომ „საირმის“ თანამშრომლები 12 თებერვალს უვადოდ გაიფიცნენ. ისინი ხელფასების გაზრდისა და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები