დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში ქართულ-ამერიკული სკოლა გაიხსნება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში ქართულ-ამერიკული სკოლა გაიხსნება

2023-04-05 10:37:44

საქართველოს ბანკი განათლების მიმართულებით პროექტების მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, თბილისში ქართულ-ამერიკული სკოლა გაიხსნება, რომელიც 4 500 კვ.მ. მიწის ფართობზე 2 700 კვ.მ.-ის შენობა განთავსდება. ტერიტორიაზე დამატებით საინფორმაციო ცენტრის და სპორტული დარბაზის შენობებიც მოეწყობა. პროექტის ჯამური ღირებულება 11 მილიონი ლარია, ბანკის ფინანსური მხარდაჭერა კი 6 მილიონ ლარს შეადგენს.

 

ახალი სკოლის მშენებლობა 2023 წლის შემოდგომაზე დასრულდება. სკოლა პირველ ეტაპზე 500 ბავშვის მიღებას შეძლებს.

 

პირველი ქართულ-ამერიკული სკოლა 2018 წელს ბათუმში გაიხსნა. რიგით მეორე სკოლა დედაქალაქში - თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლის სახელით იფუნქციონირებს.

 

„ჩვენს სკოლაში, რომელიც ბათუმში მდებარეობს, გახსნიდან 5 წლის თავზე 600-ზე მეტი მოსწავლე იღებს საერთაშორისო სტანდარტების განათლებას. ნიშანდობლივია სკოლის კურსდამთავრებულთა წარმატება - ისინი სწავლას როგორც ქვეყნის, ასევე უცხოეთის რეიტინგულ უმაღლეს სასწავლებლებში განაგრძობენ. აქვეა 120 ადამიანზე გათვლილი საცხოვრებელი, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ადგილობრივი დონორი ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებს, ბანაკებსა თუ  ოლიმპიადებს. სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტების ბაღიც, რომელსაც 320 აღსაზრდელი ჰყავს.

 

სკოლაში სწავლის მსურველთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება. შესაბამისად, ვმუშაობთ მისი გაფართოების კონცეფციაზე - ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებითა და მოსწავლეთა მიღების კვოტის გაზრდის მიზნით სკოლის ხელახალი აკრედიტაციის პროცესზე. 2023 წლის შემოდგომაზე საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისშიც გავხსნით მსგავსი კონცეფციის სკოლას. გახსნის შემდეგ, ბათუმისა და თბილისის სკოლების მოსწავლეებს შორის, არაფორმალური განათლების კუთხით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ მრავალფეროვანი აქტივობები დაიგეგმება“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი, ირაკლი მანელიძე.

 

„საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას განათლების მხარდაჭერა წარმოადგენს. ამ კუთხთ ბანკი არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. იქნება ეს სასტიპენდიო პროექტები, იდეათეკა თუ სხვა. სწორედ ამიტომ, მსგავს საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვა ჩვენთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ბანკთან ერთად, ქართულ-ამერიკული სკოლის მიზანია მაღალი ხარისხის განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა. მოტივი სწავლასთან ერთად მოსწავლეების სწორი აღზრდაა, ამას კი მაღალკვალიფიციური პედაგოგების დახმარებით შეძლებენ. მნიშვნელოვანია, რომ თბილისის სკოლაში, პირველივე წელს მინიმუმ 150-ზე მეტი ადამიანის დასაქმება იგეგმება“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსი, გიორგი წეროძე.

 

სკოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ექცევა ჯანსაღი ცხოვრების წესს, ოლიმპიური სტანდარტების მულტიპროფილური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და  სპორტული კლუბების ფორმირებას. ბათუმის სკოლას ჰყავს საფეხბურთო და საკალათბურთო გუნდები, რომლებიც  სხვადასხვა ჩემპიონატებში წარმატებით ასპარეზობენ.

 

კლუბების ფორმატით, როგორც ფორმალური, აკადემიური,  ასევე, არაფორმალური განათლების ნაწილში,  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტექნოლოგიების სწავლებას ციფრული და კომპიუტერული წიგნიერების მიმართულებით. სკოლის წარმომადგენლები გეგმავენ ითანამშრომლონ ქვეყნის მასშტაბით ყველაზე წარმატებულ საგანმანათლებლო ცენტრებთან, რომელთაც პროგრამირების სწავლების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. მათ მიაჩნიათ რომ აღნიშნული აქტივობებით მოსწავლეები მიიღებენ იმ ცოდნასა და განივითარებენ იმ უნარებს, რომელიც 21-ე საუკუნეში წარმატების მიღწევისთვის აუცილებელია.

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები