დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ეროვნული ნაკრების და კოკა-კოლას თანამშრომლობა კიდევ ოთხი წლით გაგრძელდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ეროვნული ნაკრების და კოკა-კოლას თანამშრომლობა კიდევ ოთხი წლით გაგრძელდა

2023-03-22 22:23:03

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-ს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.  

ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია სასტუმრო პულმანში გაიმართა. ხელშეკრულებას ხელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-ს პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ მოაწერეს. 

"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია", ხელშეკრულების თანახმად, 2026 წლის ჩათვლით განსაკუთრებული პარტნიორის სტატუსის მფლობელია. აღნიშნული სტატუსით  კოკა-კოლას ბრენდის ინტეგრირება საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების, ვაჟთა ყველა ასაკობრივი ნაკრები გუნდისა და სფფ-ის საფეხბურთო აკადემიებთან მოხდება.

კოკა-კოლა წლების განმავლობაში უდგას გვერდში ქართულ ფეხბურთს და კონკრეტულად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას. იყო არაერთი პროექტის ინიციატორი, მათ შორის, კომპანიამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 25-ჯერ ჩაატარა „კოკა-კოლას თასი“, რომელშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით სასკოლო ასაკის მოყვარული ფეხბურთელები მონაწილეობდნენ. 

თანამშრომლობის ხელშეკრულების  ხელმოწერის ღონისძიება  გალა ვახშმის ფორმატში სასტუმრო პულმანში გაიმართა და მას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელები, ეროვნული ნაკრების მთავარი მწრთვნელი და სამწრთვნელო შტაბის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.  

ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): „კიდევ ერთხელ მოვაწერეთ ხელი მემორანდუმს. როგორც იცით, ეროვნულ ნაკრებსა და კოკა-კოლას შორის ორი წლის წინ შედგა თანამშრომლობა. ამ პერიოდში წარმატებული გზა გავიარეთ ერთად და აქედან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ეროვნული ნაკრების და კოკა-კოლას თანამშრომლობა კიდევ ოთხი წლით გაგრძელდა. 

მოხარულები ვართ, რომ ასეთი ძლიერი პარტნიორი და მეგობარი გვყავს, რომელიც წლების განმავლობაში ედგა ქართულ ფეხბურთს გვერდში და ძალიან ბევრი პროექტი განახორციელა, განსაკუთრებით ბავშვთა ფეხბურთში. 

მინდა ხაზი გავუსვა, რომ კოკა-კოლა არის აქტიური მხარდამჭერი და პარტნიორი მოახლოებული ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის, რომელიც საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. ცხადია, ბევრი საინტერესო აქტივობა გვაქვს დაგეგმილი და ძალიან გვიხარია, რომ ამ პროექტში კოკა-კოლა აქტიურად იქნება ჩართული“. 

თემურ ჭყონია (კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას პრეზიდენტი): „გავაფორმეთ ხელშეკრულება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან, საქართველოს ნაკრებთან, იმ გმირებთან, რომლებმაც უნდა დაიცვან ჩვენი ქვეყნის პრესტიჟი. თაობა, რომელიც ახლა წამოვიდა, არაჩვეულებრივ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად, აუცილებლად მოიგებს იმ გადამწვყეტ თამაშებს და ევროპის ჩემპიონატზე გაგვიყვანს. 

ძალიან პრესტიჟული და საამაყო ხელშეკრულებაა ჩვენი კომპანიისთვის. როდესაც ვხედავთ საზოგადოების ნებისმიერი ფენის ასეთ მხარდაჭერას ფეხბურთის მიმართ, ვალდებულები ვართ ვიყოთ იქ, სადაც საზოგადოება და ფეხბურთია“.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები