დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში ყოველთვიურად 4 000 ტონამდე აღურიცხავი დიზელი შემოდის - ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი

საქართველოში ყოველთვიურად 4 000 ტონამდე აღურიცხავი დიზელი შემოდის - ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი

2023-03-20 13:41:11

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი მთავრობას საწვავის ბაზარზე კონტროლის გაძლიერებისაკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, მეზობელი რეგიონებიდან აღურიცხავი საწვავის შემოტანის ფაქტები გახშირდა, რაც საქართველოს ეკონომიკას სერიოზულ ზიანს აყენებს.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ყოველთვიურად დაახლოებით 4 000 ტონამდე აღურიცხავი დიზელის საწვავი შემოდის, რაც ეკონომიკისთვის დიდი დანაკარგია.

„ინფორმაცია მივაწოდეთ მთავრობას, შესაბამის უწყებებს. მაინც და მაინც დიდი შედეგი კონტრაბანდის მასშტაბის შემცირების მიმართულებით არ გვაქვს. ჩვენი ორგანიზაციის გათვლით, ყოველთვიურად 4 000 ტონა და უფრო მეტი აღურიცხავი დიზელი შემოდის, რაც ამ პატარა ქვეყნისთვის ძალიან მაღალი მაჩვენებელია“, - აცხადებს იობაშვილი Business Insider Georgia- თან.

მისივე ინფორმაციით, დიზელის კონტრაბანდა სახმელეთო გზით ხორციელდება. აღურიცხავი დიზელი როგორც ტრანზიტად გამავალ, ასევე კერძო სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებს შემოაქვთ, რომელთაც არასტანდარტული ავზები აქვთ დამონტაჟებული.

„არაორგანიზებული ბიზნესია, რომელსაც დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერაფერს ვუხერხებთ. არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ აღურიცხავი საწვავი შემოდის აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან აფხაზეთის საშუალებით. სამეგრელოში, სოფელიც კი ვიცით, სადაც კონტრაბანდული საწვავი შემოაქვთ. ტრანსპორტირება ხდება ე.წ. ტრაილერებით, ყველა მათგანს აქვს მაღალი ტევადობის, სამტონიანი ავზები დამონტაჟებული. შეიძლება, ყველგან შემოვიდეს ასეთი საწვავი, მაგრამ ძირითადი დისლოკაციის ადგილები ცნობილია - თბილისის შემოვლითი გზა, ასევე დიდი ტრაილერების თავმოყრის ადგილები მარტყოფთან, სადაც ტრაილერების ე.წ. სადგომებია და ამ ტერიტორიას ყურადღება უნდა მივაქციოთ“, - აცხადებს იობაშვილი.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, 2023 წლის იანვარში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 89,3 ათასი ტონა, რაც 0,8 ათასი ტონით ანუ 0,9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (90,1 ათასი ტონა) შედარებით.

კერძოდ, 2023 წლის იანვარში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 38,9 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 50,4 ათასი ტონა.

აღნიშნულ პერიოდში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 75 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 84%-ს შეადგენს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 საათის წინ

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები