დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში სირაქლემების ერთადერთი ფერმა ხორცისა და კვერცხის რეალიზაციას გეგმავს

საქართველოში სირაქლემების ერთადერთი ფერმა ხორცისა და კვერცხის რეალიზაციას გეგმავს

2023-03-30 13:44:48

მარტვილში, სოფელ ნახუნაოში აფრიკული სირაქლემების ფერმის მფლობელი ლევან ფაღავა Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ მისი ბიზნესი გეგმის მიხედვით ვითარდება. 

„ამ დროისთვის ფერმაში 15-მდე სირაქლემაა და 3 სრულფასოვანი ოჯახი ჩამოყალიბდა. ყველა სირაქლემა ზრდასრულია. ფერმაში კვერცხს 6 სირაქლემა დებს. ვინაიდან მოთხოვნა პატარა სირაქლემებზეა, კვერცხის ინკუბატორში ჩაწყობას ვაპირებთ. სამომავლოდ კი გაყიდვასაც დავიწყებთ“, - განმარტავს ფაღავა.

მისი თქმით, პატარა სირაქლემების გამოჩეკისა და გაზრდის შემდეგ, რასაც დაახლოებით 1 წელი სჭირდება, ხორცის გაყიდვასაც დაიწყებენ. 

„ვარაუდობთ, რომ 1 კგ სირაქლემას ხორცის ფასი ადგილობრივ ბაზარზე სადღაც 50 ლარი იქნება. ერთი ზრდასრული სირაქლემა კი 50-დან 60 კგ-მდე ხორცს იძლევა. ხორცის რეალიზაციას 1 წელში დავიწყებთ, როდესაც ახლად გამოჩეკილი სირაქლემა გაიზრდება“- განმარტავს ფაღავა. 

მისივე თქმით, სირაქლემის ხორცზე შეკვეთებს წინასწარ მიიღებენ. 

რაც შეეხება შენახვის ხარჯებს, ფერმის მფლობელი აცხადებს, რომ პერსონალის ხარჯის გარდა წელიწადში 1 სირაქლემას შენახვა 2000 ლარი ჯდება. 

ბოლო 14 წლის სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყანაში ცოცხალი სირაქლემებისა და ემუს (Dromaius novaehollandiae) იმპორტი 2016 და 2021 წლებში ფიქსირდება.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2016 წელს ქვეყანაში 22.41 ათასი დოლარის ღირებულების (0.72 ტონა) სირაქლემა და ემუ შემოიყვანეს, ხოლო 2021 წელს კი 2.72 ათასი დოლარის ღირებულების (0.10 ტონა) ცოცხალი ფრინველი. 

2021 წლის სტატისტიკით, ქვეყანაში სირაქლემა და ემუ აზერბაიჯანიდან შემოიყვანეს, ხოლო 2016 წელს კი საფრანგეთიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები