დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამეგრელოში 1 დღიანი ტური 50 ლარი ღირს

სამეგრელოში 1 დღიანი ტური 50 ლარი ღირს

2023-05-31 10:00:43

სამეგრელოს ტურებზე მოთხოვნა ზაფხულის სეზონზე იზრდება. როგორც ტურისტული კომპანია „​მიქს თრეველ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი დანგველაძემ Business Insider Georgia-თან საუბრისას განაცხადა,  „​მიქს თრეველ ჯორჯიას“ მიერ ორგანიზებულ სამეგრელოს ტურებზე 30%-ს უცხოელი ვიზიტორები შეადგენენ. 

„სამეგრელოს ტურებზე შედარებით მაღალია მოთხოვნა ზაფხულში. ივნისიდან მოთხოვნა კიდევ უფრო იზრდება. მოქალაქეები ცდილობენ დასვენების დღეებში ქალაქიდან გავიდნენ და დაისვენონ. სამეგრელოს ტურები სექტემბრის შუა რიცხვებამდეა აქტიური“, - განმარტავს „​მიქს თრეველ ჯორჯიას“ დამფუძნებელი. 

მისივე თქმით, უცხოელებიდან ჭარბობენ ვიზიტორები ლიეტუვიდან, ლატვიიდან, ესტონეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და სხვა.

რაც შეეხება თავად სამეგრელოს ტურებს არის ერთ დღიანი და ორ დღიანი. ერთ დღიანი ტური მოიცავს მარტვილისა და ასევე ოკაცეს კანიონის დათვალიერებას. ტურის ღირებულება 50 ლარია.

ფასში შედის: ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით, ტურ-ოპერატორის მომსახურება, სხვადასხვა მხიარული და გასართობი აქტივობები.

იმავდროულად, ფასში კვებასთან ერთად არ შედის მარტვილის კანიონში შესვლის ღირებულება 10.35 ლარი, სკოლის მოსწავლეებისთვის ტარიფი 5.5 ლარია. უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის კი 17.25 ლარი. ნავით გასეირნების ტარიფი ერთ ადამიანზე 15 ლარს შეადგენს.

ხოლო რაც შეეხება ოკაცეს კანიონში შესვლის ღირებულება, ის ზრდასრული ადამიანისთვის 9.2 ლარია, ხოლო სკოლის მოსწავლეებისთვის 5.5 ლარი. სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის კი ტარიფი 17.25 ლარს შეადგენს. 

ოკაცეს კანიონამდე შესაძლებელია დელიკით მგზავრობა (ჩასვლა-ამოსვლა). ღირებულება 1 ადამიანი 10-15 ლარი (ორივე გზა).
 

მარტვილის კანიონი - ბუნების ძეგლი სოფელ გაჭედილში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, სამეგრელოს მხარეში, ზღვის დონიდან 210 მეტრზე. მარტვილის კანიონის ვიზიტორთა ცენტრი კანიონის შესასვლელთანაა განთავსებული.

ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდინარე აბაშის მიერ აბდათის კირქვული ქანებით აგებულ ანტიკლინში, კანიონისებურად გაჭრილ ხეობას. კანიონის სიგრძე 2400 მ-ია, ჩაჭრის სიღრმე 20-30 მ, ხოლო სიგანე 5-10 მ. კანიონის შუა წელში წარმოიშობა 12-15 მ სიმაღლის ვარდნის მცირე ჩანჩქერები. ერთი მონაკვეთი გამოირჩევა განსაკუთრებული სილამაზით. ეს არის ოფუცხოლე, რომელიც ცნობილია “დადიანების საბანაოს” სახელით.

ქვით მოკირწყლული 700 მ-ის სიგრძის წრიული საფეხმავლო ბილიკი ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და გაივლის დადიანების ისტორიულ ბილიკს. ბილიკზე განლაგებულია 2 ხიდი, 3 გადასახედი პლატფორმა, კირქვის დიდი ლოდებისგან აშენებული 30 საფეხურიანი ისტორიული კიბე.

ვიზიტორებს ასევე შესაძლებლობა აქვთ გაისეირნონ ნავით მდინარე აბაშის 300 მეტრიან (ერთი გზა) მონაკვეთზე და დატკბნენ მთის მდინარის კანიონის ულამაზესი ხედებით. სანაოსნო მარშრუტით სარგებლობისათვის ვიზიტორის სიმაღლე უნდა აღემატებოდეს 1 მ-ს.

შენიშვნა:

- ვიზიტორთა უსაფრთხოებისათვის, სანაოსნო მონაკვეთზე გასვლა წვიმასა და თოვლში აკრძალულია წყლის დონის მომატებიდან გამომდინარე.

- ტურები ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში. აქტიური სეზონი გრძელდება აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით.

- ნავის მართვაში მენავესთან ერთად მონაწილეობენ ვიზიტორებიც.

- ნავში შესაძლებელია 6 ადამიანის განთავსება.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

4 წუთის წინ

8 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები