დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საპარტნიორო ფონდი - საქართველოს განვითარების ფონდი გახდება - დეტალები

საპარტნიორო ფონდი - საქართველოს განვითარების ფონდი გახდება - დეტალები

2023-04-24 18:30:41

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი რამდენიმე კანონპროექტი განიხილა.

სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „სააქციო საზოგადოების - საპარტნიორო ფონდის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

კანონპროექტით ცვლილება შედის შესაბამის დებულებებში რათა ფონდის სახელწოდება შეიცვალოს სახელწოდებით „საქართველოს განვითარების ფონდი“.

პროექტით დაზუსტდება ფონდის მიზნები. გამკაცრდება ფონდის პროექტებში მონაწილეობის კრიტერიუმები და მიმართულებები, განხორციელდება ფონდის მმართველობის სტრუქტურის ოპტიმიზაცია.

აღნიშნულ ცვლილებებზე "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ჯორბენაძემ ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, მკაცრდება პროექტის დაფინანსების კრიტერიუმები, რომლებსაც სამომავლოდ ფონდი დააფინანსებს. როგორც ჯორბენაძემ  განაცხადა, დაფინანსების წყარო არ იქნება სახელმწიფო ბიუჯეტი. 

გამოიკვეთა პრიორიტეტული მიმართულებები, რომელშიც სამომავლოდ ფონდი ინვესტიციას განახორციელებს. ეს არის მაღალტექნოლოგიური, ეკომეგობრული და  ინოვაციური წარმოება, ასევე  სტარტაპები, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება, იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალის მქონე წარმოება და სხვა ნებისმიერი ნებადართული საქმიანობა გარდა სათამაშო ბიზნესისა.

„მკაცრდება ის კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც საპარტნიორო ფონდი მონაწილეობას მიიღებს პროექტებში. დღევანდელი მონაცემებით საპარტნიორო ფონდი კაპიტალში არ შედის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით. თუმცა, კანონს დაემატა საკითხი, რომ საპარტნიორო ფონდი როგორც წესი განიხილავს იმ პროექტებს, სადაც  მისი მონაწილეობა მინიმუმ 3 მილიონი ლარია, თუმცა პროექტის ღირებულების არაუმეტეს 30%-ისა," -აცხადებს ჯორბენაძე.

რაც შეეხება სტრუქტურულ ცვლილებებს, სამეთვალყურეო საბჭოს ახალი შემადგენლობა უნდა შეირჩეს, რომლის კრიტერიუმებსაც მთავრობა განსაზღვრავს. გარდამავალი ეტაპისთვის კანონმდებლობით 90 დღეა გამოყოფილი. 

შეგახსენებთ, რომ სს „საპარტნიორო ფონდი" არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი რომელიც დაარსდა 2011 წელს.

ფონდს მინიჭებული ჰქონდა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის რეიტინგი "BB", რაც საქართველოს საკრედიტო რეიტინგის თანასწორია.

„საპარტნიორო ფონდი" შეიქმნა სატრანსპორტო, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში არსებული მსხვილი სახელმწიფო საწარმოების კონსოლიდაციის ბაზაზე. ფონდის მთავარი დანიშნულებაა საქართველოში ინვესტიციების წახალისება საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით (კაპიტალში თანაინვესტირება, სუბორდინირებული სესხი და ა.შ.).

ცნობისათვის, „საქართველოს რკინიგზის“ 100% „საპარტნიორო ფონდმა“ მთავრობას გადასცა. გარიგება 2022 წლის ბოლოს დასრულდა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები