დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტისთვის ძირითადი ბაზარი წელსაც რუსეთია

სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტისთვის ძირითადი ბაზარი წელსაც რუსეთია

2023-03-22 11:00:36

ქართველი ექსპორტიორები ახალი სეზონისთვის ემზადებიან. როგორც აღმოჩნდა, ბევრი არაფერი იცვლება და მთავარი საექსპორტო ბაზარი წელსაც რუსეთი იქნება.

როგორც ,,საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ვახტანგ ბეჟიტაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, სოფლის მეურნეობაში ბაზრის დივერსიფიკაცია 2023 წელსაც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

„დღესდღეობით ქართული ხილი და ბოსტნეული ძირითადად რუსეთში გადის, ძალიან მცირე რაოდენობით - ევროპაში. რაც არ უნდა ვიყოთ ევროპის ბაზარზე ორიენტირებული, ვერაფერს გავხდებით, თუ ხარისხის ამაღლებაზე არ ვიზრუნებთ, რაც მხოლოდ ტექნოლოგიების განვითარებითა და ინვესტიციებით მიიღწევა. ელემენტარულად, პლასტმასის შეფუთვა მოხმარებიდან უნდა ამოვიღოთ, რაც ევროპისთვის მიუღებელია.

ბევრი ისეთი ნიუანსია, რაც განვითარებაში ხელს გვიშლის. საუბარი არ არის მხოლოდ ხვნა-თესვასა და მოსავლის მოყვანაზე, მისი პირველადი დამუშავება, დახარისხება, შეფუთვა და ბაზრისთვის მიწოდება, რაც მთელი ჯაჭვია. ამ მხრივ გამოწვევა გვაქვს და ჯერჯერობით ექსპორტის ძირითადი ბაზარი რუსეთია.

ახალი სეზონისთვის სამზადისს უკვე ვიწყებთ. ექსპორტზე გავა მოცვი, მერე ბალი, ალუბალი, ვაშლატამა და სხვა. სწორი მუშაობით და სწორი ინვესტიციებით შედეგი გარანტირებული იქნება. ჯერჯერობით ამ მხრივ გამოწვევაა, ამიტომ გვიწევს ისეთ არასტაბილურ პარტნიორთან მუშაობა, როგორიც რუსეთია“, - ამბობს ვახტანგ ბეჟიტაშვილი Business Insider Georgia- თან.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოს სავაჭრო დამოკიდებულება რუსეთთან განსაკუთრებით გაღრმავდა. განსაკუთრებით ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტში, სადაც რუსეთი უპირობო ლიდერია. ხილ-ბოსტნეულის ექსპორტმა 2022 წელს 75 მილიონი დოლარი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 38.1%-ით, ხოლო იქიდან იმპორტი 86.3%-ით არის გაზრდილი. 

იანვარ-თებერვალში 532 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა დსთ-ს ქვეყნებში, რაც მთლიანი ექსპორტის 58%-ის ტოლია და წინა წელთან შედარებით $202 მილიონით მეტია. ამასთანავე, შემცირებულია ექსპორტი ევროკავშირში, რამაც $115 მილიონი შეადგინა, ეს მთლიანი ექსპორტის 12.6%-ია, მაშინ როდესაც ევროკავშირზე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტის 21% მოდიოდა.

საქართველოს მთავარი საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი: სომხეთი - $133 მილიონი, ზრდა 192%;. რუსეთის ფედერაცია - $128 მილიონი, ზრდა 38%;. ჩინეთი - $112 მილიონი, ზრდა 18%;. აზერბაიჯანი - $111 მილიონი,ზრდა 20.5%; 5. ყაზახეთი - $78 მილიონი, ზრდა 393%;  თურქეთი - $69 მილიონი, ზრდა 10%; ყირგიზეთი - $45 მილიონი, ზრდა 994%; ბულგარეთი - $34.6 მილიონი, კლება 59%; ესპანეთი - $21 მილიონი, ზრდა 658%;
პერუ - $17 მილიონი, კლება 6%.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

9 საათის წინ

10 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები