დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სერტიფიცირების გავლენა ფასებზე - რა შემთხვევაში გაძვირდება გიდების მომსახურება

სერტიფიცირების გავლენა ფასებზე - რა შემთხვევაში გაძვირდება გიდების მომსახურება

2023-03-05 00:01:00

ტურისტულ სეგმენტში მომუშავეთა ნაწილი ფიქრობს, რომ გიდების სერტიფიცირება სავარაუდოდ სერვისის გაძვირება გამოიწვევს, რაც საბოლოოდ ტურისტულ პაკეტშიც აისახება.

გიდების პროფესიულ განვითარებას ერთ-ერთი მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა ბერეკაშვილი, თუმცა საუბრობს იმაზეც, რომ სახელმწიფო უნდა გახდეს ხელშემწყობი და მოტივატორი, რათა მოსალოდნელი ცვლილებისგან რაც შეიძლება მეტი ბენეფიტი მიიღონ დამსაქმებლებისგან.

საკითხი, რაც ასოციაციის ხელმძღვანელს ყველაზე მეტად აღელვებს - ხომ არ მოხდება გიდების საქმიანობის შეზღუდვა ან გაკონტროლება და ვინ იქნება მასერტიფიცირებელი ორგანო, რასაც ჯერჯერობით არავინ აკონკრეტებს.

„ვერ ვხედავ გარანტიას, რომ სერტიფიცირება არ გახდება სავალდებულო. ბევრი ისეთი საკითხია, რაზეც პასუხები გვჭირდება. ამ კანონმა სექტორში დასაქმებულები არ უნდა დააზარალოს, სარგებლის ნაცვლად. პირველ ეტაპზე აუცილებელია გარკვეული პერიოდის მიცემა გიდებისთვის, რათა სერტიფიცირებისთვის მოემზადონ, რის შემდეგაც სერტიფიკატს აიღებენ.

ნებისმიერი კანონი მოიცავს ასევე რეგულირებას, უნდა იყოს თავისუფალი არჩევანი ორგანიზაციებისთვის, რომლებმაც სერტიფიკატი უნდა გასცენ. ჩვენი ხედვაა, რომ იყოს ავტორიზებული ორგანიზაციები, რომლებსაც ექნებათ საშუალება გიდები თანაბარ პირობებში გადაამზადონ", - ამბობს ლაშა ბერეკაშვილი Business Insider Georgia- თან და დასძენს, რომ ტურიზმის სფეროში დასაქმებულ მოქმედ გიდებს ან გიდობის მსურველებს უნდა ჰქონდეთ მინიმუმ ორწლიანი პერიოდი იმისათვის, რომ მოემზადონ საერთო ეროვნული სერტიფიცირებისათვის.

„დღეს გიდებს საკმაოდ რთულ პირობებში უწევთ საქმიანობა. ხელისშემშლელი შეიძლება სხვადასხვა ფაქტორი იყოს, მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურა. თუკი პროფესიონალიზმზე გვაქვს პრეტენზია, კარგი იქნება, მოხერხდეს გიდების ჩართვას გაცვლით პროგრამებში, რაც მათ პროფესიულ ზრდაში ძალიან დაეხმარება.

რაც მეტი რესურსი ჩაიდება ამ საქმეში, სექტორი უფრო მეტად განვითარდება. რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებას, ის, რომ ნებაყოფლობითია, გიდების ნაწილისთვის მისაღებია, მათ შორის, ჩვენი ასოციაციისთვის. გარკვეული ბენეფიტები ექნებათ გიდებს, მათ შორის, ტურისტულ ადგილებში სერტიფიცირებულებისთვის შესვლა უფასო იქნება. ხელისუფლება უნდა გახდეს მოტივატორი, გიდებს სერტიფიცირების გავლის სურვილი გაუჩნდეთ და მეტი სარგებელი მიიღონ", - ამბობს ლაშა ბერეკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ტურიზმის შესახებ კანონი იცვლება. საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებული საკომუნიკაციო დოკუმენტის თანახმად, განისაზღვრება ტურისტული გიდის საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

კერძოდ, ტურისტული გიდის უფლება მიენიჭება 18 წელს მიღწეულ პირს, რომელიც არ იქნება ნასამართლევი განზრახ, მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, ეცოდინება ქართული ენა B2 დონეზე და B2 დონეზე – ის უცხო ენა, რომელზეც ატარებს ტურს.

კანონპროექტის თანახმად, ტურისტული გიდის პროფესიული სერტიფიცირება ნებაყოფლობითია. სერტიფიცირებულ გიდებს ექნებათ ოფიციალური სამკერდე მოწმობა, რომელსაც გასცემს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. ე.წ. გარდამავალ პერიოდში სერტიფიცირებული გიდი უფასოდ შევა სახელმწიფო მუზეუმებსა და დაცულ ტერიტორიებზე.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები