დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შავი ზღვის კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა 2023 წლის ბოლოს დასრულდება

შავი ზღვის კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა 2023 წლის ბოლოს დასრულდება

2023-04-05 11:25:25

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის” ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა აქტიურ რეჟიმშია, რომელსაც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დაკვეთით, კომპანია CESI-ი ახორციელებს.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ცნობით, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა 2023 წლის ბოლოს დასრულდება.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის სავარაუდო მარშრუტისა და ლოკაციის შერჩევის მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროების,სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იტალიური საკონსულტაციო კომპანია CESI-ს ექსპერტებთან ერთად ანაკლიაში იმყოფებოდნენ.

სტუმრებმა მოინახულეს და განიხილეს ანაკლიის სანაპირო ზოლში ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის განთავსების ლოკაციები, გარემოს დაცვის და სოციალური ზემოქმედების სკრინინგის ანგარიშის დასასრულებლად, ადგილზე განხორციელდა მოკვლევა და დათვალიერება.

წარმომადგენლობა ასევე იმყოფებოდა ქვესადგურში „ჯვარი 500“, სადაც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის საქართველოს ენერგოსისტემასთან მიერთებაა დაგეგმილი.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრის ზვიად გაჩეჩილაძის განცხადებით, კომისიამ ანაკლიაში ის ლოკაციები დაათვალიერა, სადაც სამომავლოდ იგეგმება ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის ზღვაში ჩასვლა, ხოლო მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები დაზუსტდება, როგორებიცაა: კაბელის მარშრუტი, გარემოს დაცვისა და სოციალური სკრინინგის საკითხები და ა.შ.

„ჩვენ ვიკვლევთ საქართველოსა და რუმინეთს შორის ელექტროენერგიის გადაცემის შესაძლებლობას შავი ზღვის ფსკერზე გამავალი 1100 კმ სიგრძის კაბელის მეშვეობით. უკვე შევარჩიეთ მარშრუტი და გარდამავალი სადგურების ადგილმდებარეობა. ვიზიტის მიზანია, განვსაზღვროთ, რა შედეგები გვაქვს კვლევის ამ ეტაპისთვის, გადავამოწმოთ ჩვენ მიერ უკვე შესრულებული სამუშაოები, რათა ინფრასტრუქტურის მშენებლობით გამოწვეული ზემოქმედება მინიმალური იყოს გარემოს დაცვის და მოსახლეობისთვის დისკომფორტის შექმნის თვალსაზრისით,“ - განაცხადა კომპანია CESI-ის წარმომადგენელმა და პროექტის მენეჯერმა სტეფანო მალგაროტიმ.

2022 წლის 17 დეკემბერს ბუქარესტში საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს მოაწერეს ხელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს.

ინიციატივა მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის საშუალებით, რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) იქნება, ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტ. წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი ასევე აღჭურვილი იქნება ციფრული კავშირით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ტელეკომუნიკაციას რუმინეთსა და საქართველოს შორის.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

48 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები