დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ტექინსპექტირების რეფორმაში ხარვეზები გამოიკვეთა, არსებობს ალტერნატივა - დავით მესხიშვილი

ტექინსპექტირების რეფორმაში ხარვეზები გამოიკვეთა, არსებობს ალტერნატივა - დავით მესხიშვილი

2023-02-18 23:13:46

ავტომობილების რაოდენობა მკვეთრად მატულობს, ხოლო სულ უფრო მცირდება იმ ავტომობილების რაოდენობა, რომელიც ტექინსპექტირებას გადის. პრობლემის შესახებ ცნობილია, ფაქტია, რომ რეფორმა ხარვეზით მუშაობს, ამ საკითხზე Business Insider Georgia-სთან ,,ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილის საუბრობს.

მისი თქმით, რეფორმა ფაქტობრივად „ჭკვიან კამერებზე" გახდა დამოკიდებული, რაც საკმარისი არ არის, ამიტომ დამატებითი ღონისძიებები უნდა გააქტიურდეს, რაც  რეფორმასთან დაკავშირებით მიდგომას რადიკალურად შეცვლის.

„შემთხვევითი არ არის, რომ  ტექინსპექტირებაზე მიმართვიანობა შარშან,  2019 წელთან შედარებით, შემცირებულია თითქმის 8%-ით მაშინ, როდესაც ავტომობილების რაოდენობა 2022 წელს, 2019 წელთან შედარებით 200 000-ზე მეტი ერთეულითაა გაზრდილი. მაგალითად, აღნიშნულ პერიოდში ინსპექტირება 788 000-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, 2022 წელს კი 785 000 შეადგინა. არა მარტო პროცენტულად, კლებაა  ერთეულებშიც, რაც თავისთავად მიგვანიშნებს რომ ამ სფეროში პრობლემებია. ყველაზე დიდი გამოწვევა კანონის აღსრულების მხრივ არსებობს. მათ შორის, გზებზე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ე.წ. ჭკვიან კამერებზეა ჩამოკიდებული, რომლებიც მუნიციპალიტეტებში ხშირად პროგრამულადაც არ არის გამართული ან შეფერხებით ფუნქციონირებს", - აცხადებს მესხიშვილი.

მისი ინფორმაციით, წინა წლებში ,,საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" მიერ ჩატარდა რამდენიმე ექსპერიმენტი, რითაც „ჭკვიანი კამერების" ტექნიკური გაუმართაობა დადასტურდა.

„ჩვენ ჩავატარეთ  ექსპერიმენტი -,,ჭკვიან კამერებთან" გავატარეთ რამდენიმე ტექინსპექტირება გაუვლელი ავტომობილი და ბევრ შემთხვევაში რეაგირება არ მოჰყვა. ამ დროს „ჭკვიან კამერებზეა" რეფორმა ჩამოკიდებული, რაც არასწორი მიდგომაა. გასაგებია, ტექნიკაა,  შეიძლება პროგრამულად ხან გამართული იყოს, ხან - არა, მაგრამ სხვა მექანიზმიც უნდა დაიდოს. ერთ-ერთია გზებზე შეფერილ კვამლიანობაზე რეაგირება, რომლის კანონპროექტი არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით პარლამენტშია „გაჭედილი". ამ პრობლემაზე გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი უნდა რეაგირებდეს. ამისთვის ეს უწყება აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი ხელსაწყოებით, გააჩნდეს კვალიფიკაცია და რეაგირებდნენ კვამლიანობაზე.

მეორეც, საპატრულო პოლიცია, რომელიც ხედავს, რომ ავტომობილი არის ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაში (ვიზუალურადაც ჩანს და ეს ხარვეზი საფრთხის შემცველია), უნდა აჩერებდეს მძღოლს და შემდეგში რეაგირებას ახდენდნენ. ეს საკითხი პარლამენტში, პირველისგან განსხვავებით, საერთოდ არ მუშავდება", - აცხადებს დავით მესხიშვილი.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მესხიშვილმა Business Insider Georgia-სთან  ისაუბრა, კომერციული ტრანსპორტის უსაფრთხოებას უკავშირდება და  გზისპირა დათვალიერებას გულისხმობს.

კერძოდ, თუკი ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებაზე ეჭვს შეიტანს პოლიციის ან რომელიმე სხვა უწყების თანამშრომელი (ჯერ არ არის დადგენილი), უნდა ახდენდეს გზისპირა ინსპექტირებას, რასაც ევროდირექტივა ითვალისწინებს.

„მთელი რიგი ღონისძიებები, რომელიც კანონის აღსრულების მიმართულებით დანერგილი უნდა იყოს, საერთოდ უგულებელყოფილია. არ არის დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგია, მაგალითად, არსებობს საინფორმაციო ბაზა, სადაც გაერთიანებულია ყველა ავტომფლობელი, რა საჭიროა „ჭკვიან კამერებზე" ჩამოკიდება, როცა შესაძლებელია შეტყობინება თვითონ გაუგზავნო, შეხსენება, როდის გაიარონ ტექინსპექტირება და ამის შემდეგაც თუ არ მიმართავენ ტექინსპექტირების ცენტრებს, ადმინისტრაციული სანქციები გატარდეს.

რეფორმის მიზანს არა მარტო დაჯარიმება, არამედ ავტომობილების ტექნიკური გამართულობა და უსაფრთხოება უნდა შეადგენდეს. კანონის აღსრულების ეს მექანიზმი დანერგილიც არ არის, დახვეწაზე საუბარიც ზედმეტია. ამ ეტაპზე კანონის აღსრულების სერიოზული პრობლემა გვაქვს და ზუსტად ამის გამოა, რომ მიმართვიანობა ასეთ დაბალ დონეზეა", - დასძენს დავით მესხიშვილი.

ცნობისთვის, 2022 წელს სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ჯამურად 1 028 674 ავტომობილმა გაიარა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე ნაკლებია. 2021 წელს ტექინსპექტირების ცენტრებს 1 051 045 ავტომფლობელმა მიმართა.

„აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს" ინფორმაციით, პირველადი ინსპექტირებისას 504 806 ავტომობილი აღმოჩნდა ვარგისი, ხოლო უვარგისი - 278 482 ავტომობილი, გზებზე გადაადგილება კი 3 604 ავტომობილს აეკრძალა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები