დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წინ ევროპისკენ ერთიანობით! - ხათუნა ბურკაძე

წინ ევროპისკენ ერთიანობით! - ხათუნა ბურკაძე

2023-03-09 20:56:19

ჩვენი ქვეყნის ისტორიული ხვედრი გამოწვევებითა და საფრთხეებით იყო ყოველთვის აღსავსე. მიუხედავად ამისა, მამაცი ქართველი ერი არასდროს უშინდებოდა მტერს და მუდამ გამოხატავდა მხარდაჭერას მოყვარისადმი. ჩვენ თავისუფალი და ღირსეული საზოგადოება ვართ, საზოგადოება, რომელიც 9 აპრილს არ შეუშინდა საბჭოურ, რუსულ სამხედრო ძალას და მედგრად იბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის.

საბჭოთა კავშირის დაშლიდან 32 წელია სუვერენული საქართველო იბრძვის საერთაშორისო არენაზე ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად, რაც გულისხმობს ქვეყნის საერთაშორისო პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში სრულფასოვნად მონაწილეობას. ამ საგარეო პოლიტიკური მიზნის მისაღწევად კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, რაც ქვეყანას მისცემს მეტ უსაფრთხოებას, განვითარებას, კეთილდღეობას და გეოპოლიტიკურად მოწყვლად გარემოში სახელმწიფოებრივი ინტერესების უზრუნველყოფის რეალურ მექანიზმებს, საშუალებებს განამტკიცებს.

წლებია საქართველოს ევროპული მომავლისათვის ახალგაზრდები, მოხელეები, დიპლომატები, სამოქალაქო და აკადემიური წრეები, პოლიტიკოსები, მედია ორგანიზაციები, ბიზნეს სექტორი და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები, თავიანთი ფუნქციების ფარგლებში, ძალისხმევას არ იშურებენ იმისათვის, რომ ყველა საკვანძო მიმართულებით განვახორციელოთ რეფორმები და ევროპულ სტანდარტებს მეტად დავუახლოვდეთ. ამ ძალისხმევის შედეგად, პოზიტიური ცვლილებების თვალსაზრისით,  საქართველომ რეგიონში ლიდერი სახელმწიფოს ადგილი მოიპოვა. ამა წლის პირველ თებერვალს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანალიტიკური ანგარიში პრაქტიკულად ასახავს საქართველოს მიერ წლების განმავლობაში განხორციელებულ მთელ რიგ ინიციატივებს თუ ღონისძიებებს, რომლებიც უნდა იქცეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ევროინტეგრაციის გზაზე მეტი ხელშესახები შედეგის მისაღწევად.  როგორც გეოპოლიტიკური მოცემულობა, ასევე აქამდე განხორციელებული რეფორმები და 12 პრიორიტეტზე კონცენტრირება ხელშემწყობ ფაქტორებს წარმოადგენენ ევროპული ამოცანების შესასრულებლად. თუმცა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებამ სერიოზული კითხვის ნიშნები გააჩინა.

ეს ეწინააღმდეგება საქართველოს  კონსტიტუციის 78-ე მუხლით გამყარებულ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, რაც გულისხმობს კონსტიტუციური ორგანოების მიერ, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში,  ყველა იმ ზომის მიღებას, რაც  ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს სრულ ინტეგრაციას უზრუნველყოფს. გასული წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი საომარი, აგრესიული მოქმედებების შედეგად, საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის გამოწვევები კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა.

ეს მოცემულობა არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვდა. რუსეთის აგრესიიდან რამდენიმე დღეში, 2022 წლის 28 თებერვალს უკრაინამ ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ განაცხადი წარადგინა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, იმავე წლის 3 მარტს საქართველომ და მოლდოვის რესპუბლიკამ ანალოგიური განაცხადით ევროკავშირს მიმართეს. საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭეს, რაც პოლიტიკური თვალსაზრისით ნიშნავს იმის გაცხადებას, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა და მას აქვს შესაძლებლობა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს.

თუმცა დღეს საქართველოსათვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, რაც გაწევრიანების წინარე ინსტრუმენტია და ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, ევროკავშირის ფინანსური, პოლიტიკური მხარდაჭერის გაზრდის საფუძველზე, განსაზღვროს მისი ევროპული მომავალი. ამასთან, კანდიდატის სტატუსის მოპოვებისათვის აუცილებელია 12 პრიორიტეტის შესრულება. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არღვევს პირველ, მეშვიდე და მეათე პრიორიტეტებს, რადგან იწვევს საზოგადოებაში განხეთქილებას, შეუძლებელს ხდის პოლარიზაციის შემცირებას, ასუსტებს სამოქალაქო საზოგადოებას და აფერხებს თავისუფალი მედია გარემოს უზრუნველყოფას. ამდენად, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ხელს უშლის ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაეს კანონს. ასევე, ის არ შეესაბამება იმ საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს, რომელთა საფუძველზეც  სახელმწიფოები ვალდებულები არიან  თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისათვის სათანადო გარემო შექმნან.

ეს კი ფუნდამენტია დემოკრატიული სისტემის განვითარებისა და ადამიანის უფლებების დასაცავად. ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირიდან, ნატოდან, ევროსაბჭოდან, გაეროდან მოგვიწოდეს არ მიგვეღო კანონპროექტი, რომელიც დააზიანებდა ჩვენს ურთიერთობებს და შესაბამისად, გაართულებდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების, ამოცანების საერთაშორისო არენაზე მიღწევას. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც რუსული ოკუპაციის, ანექსიის პირობებში საქართველო  მთელი რიგი საფრთხეების, გამოწვევების წინაშე დგას და ქვეყნის ეროვნული ინტერესების უზრუნველსაყოფად  საჭიროა პარტნიორებთან არა მხოლოდ თანამშრომლობის შენარჩუნება, არამედ გაღრმავება, განმტკიცება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოსახლეობის ნებისა და პარტნიორების რეკომენდაციების, რჩევების გათვალისწინებით  კანონპროექტის მიღების პროცესი შეჩერდება, ამავდროულად, აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 112-ე მუხლის მე-16 და მე-17 პუნქტების მიხედვით მოქმედებას მოითხოვს.

კერძოდ, კანონპროექტმა მეორე მოსმენით კენჭისყრისას ხმათა საჭირო რაოდენობა არ უნდა დააგროვოს და უნდა გაფორმდეს დადგენილება მისი მეორე მოსმენით მიუღებლობის შესახებ. ასევე, მეორე მოსმენით ჩავარდნილი კანონპროექტი სასესიო პერიოდში 1 თვის განმავლობაში პლენარულ სხდომაზე კენჭისყრისათვის არ უნდა წარადგინონ, რათა სამართლებრივად, საბოლოოდ, უარყოფილად ჩაითვალოს.

მეორე კანონპროექტის შემთხვევაში ამ პროცედურების გავლა არ ხდება, რადგან პირველი მოსმენით არ მიუღიათ და ხელმოწერებით მისი გაწვევა შესაძლებელია.

ეს აუცილებელია ქვეყანაში მშვიდობის, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ჩვენი ევროპული,  დემოკრატიული განვითარებისათვის. თუ დაპირისპირებამ გეოპოლიტიკური შესაძლებლობა დაგვაკარგვინა, ჩვენი სამშობლო ურთულეს ვითარებაში აღმოჩნდება. დღეს გაერთიანება და ქვეყნის ეროვნული პროექტის - ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებაა ის გზა, რომელიც საქართველოს უკეთეს შესაძლებლობებს მოაპოვებინებს. წინ ევროპისკენ ერთიანობით!

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები