დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უძრავი ქონების გარდა, საქართველოში ინვესტორებს სხვა სეგმენტის დაფინანსება არ იზიდავთ  - Gepherrini

უძრავი ქონების გარდა, საქართველოში ინვესტორებს სხვა სეგმენტის დაფინანსება არ იზიდავთ - Gepherrini

2023-02-28 11:45:18

საქართველოში მოქმედი კომპანიების უმეტესობა ,,აწარმოე საქართველოზეა“ დამოკიდებული.

აქსესუარების მწარმოებელი კომპანია Gepherrini-ს დამფუძნებელი ილია გეფერიძე Business Insider Georgia- თან ამბობს, უძრავი ქონების პროექტების გარდა, ადგილობრივ ბაზარზე ფაქტობრივად არაფერი ფინანსდება, რაც ბიზნესების განვითარებას აფერხებს.

„Gepherrini-ს მაგალითზე გეტყვით: კომპანიას, რომელსაც წარმოებაში 25%-იანი ზრდა აქვს, ინვესტირების შემთხვევაში შეეძლო ეს მაჩვენებელი, მინიმუმ, გაესამმაგებინა“, - ამბობს მეწარმე.

გეფერიძის თქმით, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან ინვესტიციებზე ათობით მოლაპარაკებიდან ყველა უშედეგო აღმოჩნდა.

„სამწუხაროდ, ბიზნესს არც ბანკები სწყალობენ და საბოლოოდ კომპანიები ზარალდება. ჩვენი მთავარი პრობლემა ფინანსებთან ხელმისაწვდომობაა. კომპანია ვითარდება, ყოველთვიურად ვაახლებთ კოლექციას, ბევრი რესურსი გვაქვს, იდეები, მაგრამ დიდი კაპიტალის სიმცირის გამო ნაწილი ვერ რეალიზდება.

უძრავი ქონების გარდა, ინვესტორებს სხვა სეგმენტის დაფინანსება აზრადაც არ მოსდით, რაც ქვეყნისთვის დიდი პრობლემაა.

არ მახსენდება რომელიმე ძლიერი კომპანია, რომელსაც ჩვენს დარგში ინვესტირება მოეხდინა, ასეთი რამ ჯერჯერობით პრაქტიკულად შეუძლებელია. წარმოებას, მინიმუმ, გავასამმაგებდით, ფინანსურ რესურსზე რომ ხელმისაწვდომობა გვქონდეს. როგორც აღვნიშნე, მსხვილი ბიზნესის ყველაზე სტაბილურად უძრავ ქონებას მიიჩნევს, ამიტომ ქვეყანაში სხვა სექტორი არ ვითარდება. ეს არის ძირითადი პრობლემა“, - ამბობს გეფერიძე და დასძენს, რომ გლობალურ ბაზრებზე გაზრდილ მოთხოვნას ადეკვატურად ვერ პასუხობენ, რადგან ფინანსური რესურსის სიმცირეა.

„რასაც აქამდე მივაღწიეთ, ,,აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით, რომელიც შეგვეხიდა. ამ დროს ჩვენს ნაწარმზე დიდი მოთხოვნაა, საინვესტიციო ბანკი ან ინვესტორი გვჭირდება, რომელიც კაპიტალდაბანდებას განახორციელებს. ვერავინ დავაინტერესეთ, რადგან ყველას სწრაფ შედეგზე ორიენტირებული ბიზნესი აინტერესებს, როგორიც სამშენებლო სფეროა.

ბანკების მხრიდანაც ანალოგიური დამოკიდებულებაა, ძალიან კომპლექსური საკითხია, ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომელსაც აქვს საუკეთესო იდეები და ვერ ახორციელებს. სახელმწიფო ყველას ვერ გასწვდება, ცალკეული დარგების ინვესტირება ბიზნესის პრეროგატივა უნდა იყოს, მაგრამ ამ შესაძლებლობას ქვეყანა მოკლებულია“, - ამბობს ილია გეფერიძე Business Insider Georgia- თან.

ცნობისთვის, 2014 წელს დაფუძნებული Gepherrini ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ჩანთების გარდა სამაჯურებს, სამგზავრო ჩანთებს, ტყავის ქამრებს და საფულეებს აწარმოებს.

ექსპორტის წილი წარმოებაში 60%-ს შეადგენს. საერთაშორისო ბრენდი მსოფლიოს 13 ქვეყანაში იყიდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები